logo_geo
„ლევილის ადგილის დედა“ ნამეტია ბერძენიშვილი და მისი ღვაწლი ქართული ემიგრაციის წინაშე
- +

17 ოქტომბერი. 2021. 01:48

 

ნამეტია ბერძენიშვილი დაიბადა 1891 წლის 3 მარტს გურიის სოფელ შუა ფარცხმაში. ღარიბი გლეხის ოჯახში იგი მეცხრე შვილი იყო, ამიტომ მისი დაბადებისას წამოუძახიათ: „ნამეტარიაო“ და მეტსახელად „ნამეტია“ შერჩენია, თუმცა მისი ნამდვილი სახელი ივლიტა ყოფილა. მამა – ანტონ ბერძენიშვილი, დედა – რუსუდან ჯიბლაძე.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, 1918 წელს ნამეტია თბილისის ახალგახსნილ უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო (სამედიცინო) ფაკულტეტზე ჩაირიცხა, მაგრამ მეორე კურსიდან სწავლას თავი დაანება, რადგან 1919 წელს ცოლად გაჰყვა საქართველოს სახალხო გვარდიის ჯავშნოსანი მატარებლის მეთაურ ვალოდია გოგუაძეს. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში გოგუაძის ჯავშანმატარებლები შიშის ზარს სცემდნენ ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებს. მის რაზმში ირიცხებოდა ნამეტია ბერძენიშვილიც, რომელიც 1919 წლიდან მეუღლესთან ერთად ფაქტობრივად ჯავშანმატარებელზე ცხოვრობდა.

 

ჟაკლინ ხაბულიანი თავის მოგონებებში ასე აგვიწერს მის პიროვნებას:

 

„ნამოს არა მხოლოდ მაყვალივით შავი თვალები (რაც იშვიათია; ხშირად მუქ ყავისფერ თვალებზეც შავიაო ამბობენ), არამედ გამჭოლი, მკაცრი და ცოცხალი მზერაც ჰქონდა. თავნება და მტკიცე ხასიათის ქალი ვალოდიასავით გურული იყო. მათი ორი მეამბოხე ხასიათი ზოგჯერ ერთმანეთს ვერ უთავსდებოდა და ხმამაღალ ჩხუბში გადაიზრდებოდა ხოლმე“.

 

საბჭოთა რუსეთთან ბრძოლებში (1921 წლის თებერვალი) მძიმედ დაჭრილი ვალოდია გოგუაძე მეგობრებმა სტამბულში წაიყვანეს, სადაც ის ფრანგულ ჰოსპიტალში მკურნალობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მას მეუღლეც შეუერთდა. თურქეთში ორ წელიწადს გაჩერდნენ. როცა სამშობლოში დაბრუნების იმედი გადაეწურათ, რუმინეთ–პოლონეთის გავლით, 1923 წელს პარიზში ჩავიდნენ და თავი ლევილის მამულს შეაფარეს. ქართველი ემიგრანტი ლევან ფაღავა იხსენებდა:

 

,,ვალოდიამ და ნამომ ხმალი ქარქაშში ჩააგეს და მათ გონიერი, მუყაითი მიწის დამუშავებით და განუწყვეტელი მძიმე შრომით შექმნეს ემიგრაციაში  განთქმული ქართული ოჯახი, სადაც მეფობდა ენა ქართული, შემკული ყველა მშობლიურ დიდებულ ტრადიციებით. მათ გურულ ყაიდაზე სასიმინდეც კი ააგეს, რადგან მოჰყავდათ სიმინდი, შეიძინეს ძროხები, აკეთებდნენ ქართულ განთქმულ სულგუნებს, დადგეს სკები და ბლომათ აყენებდნენ ადესის ღვინოსაც, რადგან ეს ყურძენი ბლომათ ხარობდა მამულში”.

 

ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, ასე იგონებს იმ წლებს, როდესაც ლევილში,  უკვე ემიგრანტ და „პენსიონერ“, „დაწყნარებულ“ ვალოდია გოგუაძესა და მის მეუღლეს სტუმრობდა ხოლმე:

 

„გოგუაძეებმა ეს არემარე ფერმად აქციეს და ააყვავეს. ჰყავდათ ყველანაირი ფრინველი, კურდღელი, ღორები და ძროხები… რა სასიამოვნო სუნი იდგა ხოლმე გოგუაძეების დიდ ოთახში… ნახშირის უზარმაზარი ქურა მუდამ ენთო და იქ გემრიელი კერძები თუხთუხებდა… იშვიათი იყო შემთხვევა, მათ სუფრასთან ხუთი-ექვსი ან მეტი ადამიანი არ მჯდარიყო, ბავშვებს თუ არ ჩავთვლით, მუდმივად იქ რომ ვიყავით რაიმე გემრიელის მოლოდინში…“

 

ვალოდია გოგუაძემ ემიგრაციაში დაწერა ვრცელი „მოგონებები“, თუმცა II მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარების საფრანგეთში შესვლისას ავტორმა ხელნაწერები ცეცხლს მისცა. „მოგონებების“ ფრაგმენტები, რომელიც ძირითადად 1890-1919 წლებს ასახავს, გადაარჩინა და 1963 წ. პარიზში ქართულად გამოსცა მისმა მეუღლემ.

 

ჯავშანმატარებლის ლეგენდარული მეთაური 1954 წელს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ნეშტი ლევილის ქართველთა სასაფლაოს მიაბარეს. ნამეტია მეუღლის გარდაცვალებამ ვერ გატეხა. ჟაკლინ ხაბულიანი იგონებს:

 

„მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შატოში მცხოვრები თანამემამულენი, მისი მეგობრები, ნამოს ზრუნვის საგნად, უფრო მეტიც, მისი ცხოვრების მიზნად იქცნენ. უდიდეს სიამოვნებას გვრიდა მათი მასპინძლობა და ტრადიციული ქართული სუფრის გაშლა“.

 

ძალზე დიდია ნამეტია ბერძენიშვილის ღვაწლი ქართული ემიგრაციის წინაშე. წლების განმავლობაში მას ირჩევდნენ ლევილის მამულის გამგედ, რომელსაც გონიერად და დიდი მომჭირნეობით განაგებდა. მისი ინიციატივით შეგროვებული იქნა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა მიწა და მოეწყო ლევილის ქართული სასაფლაო. მანამდე პარიზში და მის ახლომახლო მცხოვრები ქართველებიც სულ სხვადასხვა ადგილას საფლავდებოდნენ. ადგილობრივმა კომუნამ ემიგრანტ ქართველებს ლევილს გარეთ მცხოვრები ქართველების დასაფლავების ნებაც დართო. ამის შემდეგ ლევილში ევროპის სხვადასხვა ქალაქში დაკრძალული ქართველი ემიგრანტებიც გადაასვენეს. ასე შეიქმნა ეს ნამდვილი პანთეონი ქართველი მოღვაწეებისა, სადაც წელიწადში ერთხელ მაინც, აღდგომა დღეს, იკრიბებიან ძველი და ახალი თაობის ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

ქალბატონ ნამეტიას ემიგრანტმა ქართველებმა  „ლევილის ადგილის დედა“ შეარქვეს, ხოლო, 1970-იანი წლების დამდეგს საფრანგეთში ქართული სათვისტომოს გამგეობამ, პირველად სათვისტომოს ისტორიაში, მას საპატიო წევრის წოდება მიანიჭა. გიორგი წერეთელი ამგვარად ჩამოთვლის ემიგრანტთა შორის მისდამი უსაზღვრო პატივისცემის მიზეზებს: „ ა) ლევილის სასაფლაოს შეძენისათვის გამოჩენილი მისი თაოსნობა; ბ) მსოფლიოში გაფანტული და პოლიტიკურად დაშლილი ჩვენი ემიგრაციის შემკრები და შემაკავშირებელი როლის თამაში მისგან; გ) უცხოეთში დაბადებულ ახალგაზრდებში მისგან დანერგილი დედობრივი სიყვარული; დ) ლევილსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ფრანგებში მისი დიდი პოპულარობა.“

 

ნამეტია ბერძენიშვილი გარდაიცვალა 1988 წლის 1-ელ აგვისტოს, 97 წლის ასაკში. დაკრძალულია ლევილში, მეუღლის გვერდით.

 

 

big_banner
არქივი