logo_geo
უშიშარი ქართველი სამხედრო, რომელიც მტრის ბანაკიდან ტაშით გააცილეს
- +

30 ოქტომბერი. 2021. 01:48

 

 

“ჩვენ, უცხოელებს, მხოლოდ ასე შეგვიძლია დავუმტკიცოთ საფრანგეთს გმირობა–სიცოცხლე შევწიროთ მას”–ეს სიტყვები დიმიტრი ამილახვარმა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე წარმოთქვა…

 

1906 წლის 31 ოქტომბერს თერგის ოლქის სოფ. ბაზორკინოში (ახლანდელი ჩერმენი) პოლკოვნიკ გიორგი ამილახვრისა და ნინო ერისთავის ოჯახში დაიბადა საფრანგეთის  მომავალი ეროვნული გმირი დიმიტრი ამილახვარი. დაბადების ადგილის მიხედვით, ზედმეტსახელად „ბაზორკა“ შეარქვეს. როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გერდზე ვკითხულობთ, 1918-1921 წწ. ამილახვრების ოჯახი თბილისში ცხოვრობს და დიმიტრი განათლებას თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ოჯახი ჯერ თურქეთში, 1922 წელს კი პარიზში გადადის. 1924-1926 წწ. დიმიტრი ამილახვარი სენ–სირის პრესტიჟულ სამხედრო სკოლაში სწავლობს და 1926 წლიდან უმცროსი ლეიტენანტის ჩინით ირიცხება საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში.

 

პარიზში დიმიტრი ამილახვარი ირინე დადიანზე დაქორწინდა და ორი შვილი-თამარი და ოთარი შეეძინა. ოჯახის ბედნიერებას ომმა დაუსვა წერტილი.

 

ომის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე დიმიტრი ამილახვარმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

 

II მსოფლიო ომის დროს დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ნავრიკის ცნობილ ბრძოლაში. ამის შემდეგ ლონდონში ხვდება შარლ დე გოლს და ერთიანდება თავისუფალ ფრანგულ ჯარში. აფრიკაში სამსახურის დროს, გამონაკლისის სახით, მიენიჭა ლეიტენანტ–პოლკოვნიკის წოდება და უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მეთაურად დაინიშნა. 1942 წ. ლიბიაში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლისას დიმიტრი ამილახვარმა პირველად გამოიყენა ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის ახალი სისტემა. ამასობაში საფრანგეთის პროფაშისტურმა ხელისუფლებამ დიმიტრი ამილახვარს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა.

 

დიმიტრი ამილახვრის ნახევარბრიგადამ გადამწყვეტი როლი შეასრულა გერმანელი გენერლის, რომელის არმიის წინააღმდეგ ბირ–ჰაკეიმის ბრძოლებში, რისთვისაც შარლ დე გოლმა პირადად დააჯილდოვა მხედრული წარჩინების უმაღლესი ნიშნით – „განთავისუფლების ჯვრით“.

 

1942 წ. მეორე ნახევარში დიმიტრი ამილახვარი მონაწილეობს ეგვიპტეში, ელ–ამაინთან გამართულ ცხარე ბრძოლებში. 24 ოქტომბრის ბრძოლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. პოლკოვნიკი დიდი პატივით დაკრძალეს ლიბიის უდაბნოში.

 

ნავრიკის, ერიტრეის. ქ. მასუას, სირიის, ქ. დამასკოს, ბირ–ჰაკეიმის, ელ–ალამაინის ბრძოლებისას დიმიტრი ამილახვარმა გმირობისა და თავდადების მაგალითი უჩვენა უცხოტომელებს. ცნობილია, რომ ის მტრის ბანაკში მარტოდმარტო შეიჭრა და დაჭრილი თანამებრძოლი ხელში აყვანილი გამოიყვანა. ფრანგი ოფიცრის გამბედაობით განცვიფრებულმა მოწინააღმდეგემ ცეცხლი შეწყვიტა, ხოლო როცა ამილახვარი თვალს მიეფარა, მტერმა ტაშით გააცილა უშიშარი ქართველი.

 

1944 წ. დეკემბერში უცხოელთა ლეგიონის ხელმძღვანელობამ ირინე დადიანი მეუღლის ხსოვნის საღამოზე მიიწვია. საღამოზე დასასწრებად ირინე ბავშვებთან და დასთან (ელისო დადიანი) ერთად სამხედრო მანქანით გაეშურა და ავტოკატასტროფაში დასთან ერთად დაიღუპა.

 

ავტოკატასტროფისას გადარჩენილ ობლებს მფარველობა დიმიტრი ამილახვრის თანამებრძოლმა და შემდგომში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა კენინგმა გაუწია. ბავშვები “საფრანგეთის შვილებად” გამოცხადნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა.

 

საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის ბრძანებით, სიკვდილის შემდეგ დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოვდა “საპატიო ლეგიონის” უმაღლესი ორდენით, მისი სახელი მიენიჭა სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის 1954-1956 წწ. 143-ე გამოშვებას.

 

2005 წ. საფრანგეთში ფართოდ აღინიშნა დიმიტრი ამილახვრის დაბადების 100 წლისთავი. პარიზის ერთ–ერთ ქუჩას და სენ–სირის სამხედრო სასწავლებლის აღნიშნული წლის გამოშვებას ეწოდა დიმიტრი ამილახვრის სახელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი