logo_geo
„მაჯესტიკი“ და სიღარიბეში გარდაცვლილი არამიანცი
- +

22 ნოემბერი. 2021. 16:01

 

 

მე-19 და  მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბება დიდწილად ცნობილი სომეხი მეცენატების დამსახურებაა. მათი ფინანსებით, თბილისში არაერთი ლამაზი შენობა აიგო, რომელთა უმეტესობამ დღემდე მოაღწია და თანამედროვე თბილისის სახედ ითვლება. მელიქ-აზარიანცის, თამამშევის, მანთაშევისა და სხვათა გვერდით ღირსეული ადგილი უკავია კიდევ ერთ სომეხ მეცენატს, მიქაელ არამიანცს – ადამიანს, რომელმაც თბილისს საავადმყოფო (ე.წ. არამიანცის საავადმყოფო) აჩუქა და რომლის ფინანსებით, ახლანდელი სასტუმროს, „თბილისი მარიოტის” ნაგებობა აშენდა.

 

არამიანცმა შენობის აგება იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორს – გაბო ტერ-მიქელოვს დაავალა. მშენებლობა 1915 წელს დასრულდა. იმავე წელს პარიზში ახლად გახსნილ „მაჯესტიკს“ გრან-პრი და ოქროს მედალი მიაკუთვნეს, როგორც ევროპის საუკეთესო სასტუმროს.

 

I მსოფლიო ომის დროს სასტუმროში სამხედრო  ლაზარეთი განთავსდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ,  1921 წელს, სასტუმრო  პროფკავშირებს გადაეცა. სხვადასხვა დროს შენობის პირველ სართულზე განთავსებული იყო გამომცემლობა „ტექნიკა და შრომა“, წიგნების და ჩაის სპეციალიზებული მაღაზიები, სასტუმროს სარდაფის სართულში კი – კინოთეატრი „ლუქსემბურგი“ ფუნქციონირებდა.

 

1939 წ. 14 თებერვალს შენობაში ფუნქციონირება დაიწყო სასტუმრო „თბილისმა“. 1991–92 წლებში, თბილისის ომის დროს, სასტუმროს შენობა ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა. მოგვიანებით, არქიტექტორ ქურთიშვილისა და მეტრეველის პროექტით, შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. 1996 წლიდან შენობა „ჯი-ემ-თი ჯგუფის“ კომპანია – „ჯი-ემ-თი სასტუმროების” მფლობელობაშია, რომელმაც მის მართვაზე ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიოში სასტუმროების მართვის ერთ – ერთ ლიდერთან, ამერიკულ კომპანია „მარიოტ ინტერნეშენელთან“. 2002 წლის 26 სექტემბერს შენობაში სასტუმრო „თბილისი  მარიოტმა” დაიწყო ფუნქციონირება.

 

რაც შეეხება მის ამშენებელს, მიქაელ არამიანცს, მისი ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად განვითარდა. საბჭოთა ხელისუფლებამ კავკასიის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს ქონება მთლიანად ჩამოართვა და საცხოვრებლად საკუთარ სახლში მხოლოდ პატარა სარდაფი დაუტოვა. არამიანცმა მოასწრო და ვაჟები – სოღომანი და არამი ემიგრაციაში გაუშვა. არამიანცი 1924 წელის 19 დეკემბერს უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა. დასაფლავებაზე უამრავი ადამიანი მივიდა. თბილისელებმა ის თეთრი კატაფალკით გაასვენეს, რომელშიც შავი ცხენები იყო შებმული და ხოჯევანქის სომხურ სასაფლაოზე დაკრძალეს. წლების შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ სასაფლაო პარკად გადააკეთა და არამიანცის საფლავიც სამუდამოდ დაიკარგა.

 

 

 

 

big_banner
არქივი