logo_geo
ქართველი ბიოლოგი, რომელმაც 27 წლის ასაკში აღმოაჩინა და დაამუშავა დნმ-ის ტესტი
- +

23 ნოემბერი. 2021. 18:49

 

 

ბიოლოგი, გენეტიკოსი აპოლონ ჯინჭარაძე დაიბადა 1961 წლის 6 იანვარს თბილისში. მამა, გიზო ჯინჭარაძე, პროფესიით ეკონომისტი იყო; დედა, ტერეზა ჩხატარაშვილი – ინჟინერი და ინგლისური ენის მასწავლებელი.

 

აპოლონ ჯინჭარაძემ 1977 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა, 1983 წელს კი, ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული კურსი სპეციალობით – ბიოლოგია-გენეტიკა. მისი განსაკუთრებული ნიჭი შეამჩნია გენეტიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა თეიმურაზ ლეჟავამ და იგი მიავლინა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიაში მოლეკულურ ბიოლოგიასა და მოლეკულურ გენეტიკაში მოსამზადებლად.

 

როგორც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე ვკითხულობთ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აპოლონ ჯინჭარაძე, როგორც მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელი, ჩაირიცხა მიზნობრივ ასპირანტურაში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის – ვ. ენგელჰარდტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. აქვე 1988 წლის 24 თებერვალს დაიცვა დისერტაცია თემაზე: „დნმ-ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში“. სწორედ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას მან აღმოაჩინა და დაამუშავა „გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი” (ე.წ. „დნმ-ის ტესტი“).

 

სრულიად ახალგაზრდა, 27 წლის ბიოლოგის საკანდიდატო დისერტაცია მეცნიერების უკანასკნელი პერიოდის უმნიშვნელოვანეს მიღწევად აღიარეს.

 

გენომური დიქტოლოსკოპიის ფუძემდებლად ითვლება ინგლისელი მეცნიერი ალეკ ჯეფრიზი. მან თანაავტორებთან ერთად აღმოაჩინა 1985 წელს სპეციფიკური მოლეკულური ზონდი, რომლის საშუალებითაც დგინდება ინდივიდუალური განსხვავება, მაგრამ მხოლოდ ადამიანებში.

 

დისერტაციაზე მუშაობისას ა. ჯინჭარაძემ აღმოაჩინა ახალი ზონდი ერთ-ერთი ბაქტერიოფაგის (M13) საფუძველზე, რომელიც უნივერსალურია ცოცხალი სამყაროს მიმართ. ამ ზონდის საშუალებით, შესაძლებელია იდენტიფიცირება ცალკეული ინდივიდუმებისა ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში. აგრეთვე განსხვავებების დადგენა მიკროორგანიზმების ცალკეულ შტამებს შორის.

 

გენომის დაქტილოსკოპიის მეთოდის შექმნა-დამუშავებაში შეტანილი წვლილის გამო, აპოლონ ჯინჭარაძეს მიენიჭა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის პირველი პრემია, პირველი ადგილი და მედალი საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე.

 

1988 წელს აპოლონ ჯინჭარაძე საქართველოში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო თბილისის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ა.ჯინჭარაძის სიცოცხლის პერიოდშივე, მის მიერ მიგნებული მეთოდით, ძლიერ დაინტერესდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალური სამმართველოს მაშინდელი უფროსი დორიან როსტიაშვილი. გარკვეული სამუშაოს შესრულების შემდეგ ეს მეთოდი დაინერგა საქართველოში.

 

სამწუხაროდ, 1989 წლის 4 მარტს ახალგაზრდა მეცნიერი მოულოდნელად გარდაიცვალა მაშინ, როდესაც უნივერსიტეტში ლექციის წასაკითხად ემზადებოდა.

 

დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

 

აღსანიშნავია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა კოლეგამ, პავლე ივანოვმა ა.ჯინჭარაძის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით, მოახდინა რუსეთის მეფის, ნიკოლოზ მეორის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით.

 

1996 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბორის ელცინის 18 ივნისის ბრძანებულებით, ქართველ მეცნიერს, რამდენიმე რუს კოლეგასთან ერთად, მიენიჭა რუსეთის სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა  და ტექნიკის დარგში, გენეტიკური დიქტოლოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის. ივანე ბერიტაშვილის შემდეგ იგი მეორეა ქართველ ბიოლოგთაგან, ვინც ამგვარი ჯილდო დაიმსახურა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი