logo_geo
სტალინის 10 ჩვევა, რომელიც მასში ხალხს მოსწონდა და რის გამოც აფასებდნენ
- +

21 დეკემბერი. 2021. 12:30

 

 

ბევრს კითხულობდა

 

ცნობილი რევოლუციონერის და სტალინის დიდი მეგობრის ვაჟი არტიომ სერგეევი, მამის გარდაცვალების შემდეგ, 1 წლის ასაკიდან, სტალინის სახლში, მის შვილებთან ერთად იზრდებოდა. ის იხსენებდა, რომ სტალინი ძალიან ბევრს კითხულობდა და კითხვის დროს, მას ხელში ყოველთვის ფანქარი ეჭირა.

 

სტალინის სახლში წიგნები ყველგან ეწყო. ღამეში ბელადი 500 გვერდამდე ტექსტს კითხულობდა, მნიშვნელოვან ადგილებს ხაზავდა, ხოლო თუ რამე მოეწონებოდა, სანიშნეებს აწყობდა.

 

ცხოვრების მანძილზე, რამდენი წიგნი წაიკითხა ბელადმა, — უცნობია. საკუთარი ბიბლიოთეკისთვის ის მხოლოდ იმ წიგნებს არჩევდა, რომელიც მოსწონდა. გარდაცვალების შემდეგ, მის ბიბლიოთეკაში 20 ათასზე მეტი წიგნი იყო. მარქსიზმ-ლენინიზმის დამფუძნებელთა შრომების გარდა, იქ ინახებოდა წიგნები ბოლშევიკური პარტიის ისტორიის შესახებ. ბევრი წიგნი იყო ფილოსოფიის სფეროდან — სპინოზიდან დაწყებული ჰეგელით დამთავრებული. იყო სამხედრო საქმის, სოციოლოგიის, პოლიტეკონომიის, ფსიქოლოგიის და გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიული წიგნები და მემუარები. სტალინს ლიტერატურაც უყვარდა და განსაკუთრებით მაინ რიდის, ჟიულ ვერნის და ფენიმორ კუპერის შემოქმედებას აფასებდა.

 

იყო თავშეკავებული და ირონიული

 

სტალინს თავშეკავებულობის უდიდესი უნარი ჰქონდა და ყოველთვის შეუვალად გამოიყურებოდა. საუბრის დროს, ან რთული საკითხის განხილვისას, ის კაბინეტში ყოველთვის აუჩქარებლად და რბილად დადიოდა. აზრის გამოთქმის საშუალებას ყველას აძლევდა, სიტყვას არასდროს არავის აწყვეტინებდა, თავად კი, ყოველთვის ხმადაბლა საუბრობდა. ხოლო, როდესაც მოხსენებას ისმენდა, ფურცელზე რაღაცეებს ინიშნავდა. ის არასდროს არსად ჩქარობდა და საკითხის ყოველმხრივ განხილვის შემდეგ, გადაწყვეტილებას სწრაფად იღებდა.

 

ხოლო, როდესაც მის მიმართ ვინმე ლოიალურობას გამოხატავდა და ერთგულების დემონსტრირებას შეეცდებოდა, ხუმრობდა: „აქ კი როგორც წესია, «ვაშა! ვაშა! გაუმარჯოს პარტიას და მის ბელადს — დიდ სტალინს!“ — და სიცილით ამატებდა: „ჰგონიათ, რომ ამით ჩემს მოსყიდვას შეძლებენო“.

 

კარგად იცოდა გრამატიკა

 

ბელადს არ უყვარდა სტილისტური, ორთოგრაფიული ან პუნქტუაციური შეცდომები. თუ ასეთი შეცდომა წიგნში იყო, ის ფანქრით იქვე ასწორებდა. ის ხან, ირგვლივ მყოფებს, გრამატიკაში ტესტებს უტარებდა. მას შეეძლო, ნებისმიერისთვის ფურცელი გაეწოდებინა და ტექსტის დაწერა ეთხოვა, რომელსაც თავადვე კარნახობდა და შემდეგ ასწორებდა კიდეც. თვლიდა, რომ ადამიანი მისი განათლების შესაბამისად აზროვნებდა. ხოლო თუ ის გაუნათლებელი იყო, — მისი აზრებიც ქაოტური და ფრაგმენტული იქნებოდა.

 

ბელადი თვლიდა, რომ მუშები და გლეხები, კაპიტალისტების ჯინაზე, კარგად განათლებული ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ.

 

ცოტა ეძინა

 

მას ძალიან ცოტა ეძინა — მხოლოდ 5–6 საათი დღე–ღამეში. ის გვიან იძინებდა (შეეძლო ღამის 4 საათამდე ემუშავა) და 10 საათზე დგებოდა. ამიტომ, ბევრი საბჭოთა დაწესებულება იძულებული იყო, მის რეჟიმზე გადასულიყო.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საწოლში იშვიათად ეძინა. უფრო ხშირად, დივანზე იძინებდა, რომელიც თითქმის ყველა ოთახში იდგა. ღამე მუშაობის დაწყებამდე, ის აბრეშუმის ხალათს და ძველ ფლოსტებს იცვამდა, რომელიც იმდენად უყვარდა, რომ სულ თან დაჰქონდა. ერთხელ კი, ფლოსტები სოჭში დარჩა და მის ჩამოსატანად კაცი გაგზავნა.

 

არ სვამდა

 

ვახშამზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, კრების სახეს იღებდა, სტალინი სასმელს არ ეკარებოდა. ხილო დღესასწაულებზე, მხოლოდ თითო ჭიქა ქართულ ღვინოს „თელიანს“, „წინანდალს“, „ხვანჭკარას“, „ოჯალეშს“ ან „ცოლიკაურს“ გეახლებოდათ.

 

მისი მმართველობის 23 წლის მანძილზე, დაცვას ნასვამი სტალინი სულ ორჯერ ჰყავდა ნანახი და ორჯერვე, გენერალური შტაბის უფროსის სერგეი შტემენკოს დაბადების დღეზე დათვრა.

 

მოკრძალებულად იცვამდა და ხელმომჭირნე იყო

 

ირგვლივ მყოფები ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ სტალინი ძალიან ხელმომჭირნე იყო. მას დიდი გარდერობი არასდროს ჰქონია და ყოველთვის უბრალო, მოკრძალებული ნივთების ტარებას ამჯობინებდა. ბელადის სიკვდილის შემდეგ, მისი პირადი ნივთების აღწერა მოხდა. სიაში იყო: ბლოკნოტი და დღიური, 5 ჩიბუხი, თუთუნი, წიგნები, 2 თეთრი, 2 ნაცრისფერი და 2 მწვანე კიტელი (სამხედრო პიჯაკი), 10 შარვალი, 4 შინელი, 4 ქუდი და საცვლები.

 

ყურადღებიანი იყო უბრალო ხალხის მიმართ

 

სახელმწიფო მეთაური უბრალო ხალხისადმი ყოველთვის ყურადღებიანი იყო. იყო შემთხვევები, როდესაც ის მომსახურე პერსონალს საკუთარ სუფრასთან პატიჟებდა და ხანგრძლივად ესაუბრებოდა. ერთხელ დაინახა, რომ გუშაგი წვიმაში სველდებოდა და მისთვის თავშესაფრის აშენების ბრძანება გასცა. ძალიან ბრაზდებოდა, როდესაც მეთაურები მეომრების მიმართ გულგრილობას იჩენდნენ. ერთხელ მან შეიტყო, რომ ფრონტზე დაბალი ხარისხის ეკიპირება გაგზავნეს და პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებითაც პრობლემა იყო. „გრცხვენოდეთ! თავადი სუვოროვი და კუტუზოვი თქვენზე, — წითელ მეთაურებზე უკეთესად ზრუნავდნენ საკუთარ ჯარისკაცებზე!“ — წამოიძახა ბელადმა.

 

უყვარდა ძაღლები

 

სტალინს ძალიან უყვარდა ცხოველები. ამბობდნენ, რომ მას სახლში არაერთი კატა ჰყავდა, რომლებსაც ვასკებს და მურკებს ეძახდა. ხოლო, მის საყვარელ ლელიანის კატას კობა ერქვა. მაგრამ, ეს, სავარაუდოდ, ჭორებია. ხოლო, ის, რომ ბელადს ძაღლები უყვარდა, ცნობილი ფაქტია — ტურხანში (ციმბირი) გადასახლების დროს, ის მაწანწალა ძაღლს იაშას თავისი თეფშის გალოკვის უფლებასაც კი აძლევდა. მას ძაღლები მოსკოვშიც ჰყავდა. მათ შორის, ყველაზე ცნობილი, სპანიელი მილკა იყო, რომელიც მას ნიდერლანდების დედოფალმა ვილჰელმინამ აჩუქა.

 

თავად ბელადი, სერიოზულად სწავლობდა ძაღლების მოშენებას და 30–იან წლებში, საზღვარგარეთ ჯიშიანი ძაღლების შესაძენად, თანხაც კი გამოყო. ძაღლების გარდა, სტალინს აგარაკზე მოშინაურებული დათვიც ჰყავდა.

 

რაც შეეხება კატებს, კრემლში მართლაც ცხოვრობდა ერთი კატა, რომელსაც მომსახურე პერსონალი მისგან ყოველთვის მალავდა. თუმცა, ერთხელ, მას კატა თვალში მაინც მოხვდა, ბელადმა გაიღიმა და ცხოველს მშვიდად მიესალმა.

 

 

big_banner
არქივი