logo_geo
სოფი ლორენის მთავარი იარაღი: როგორ ეხმარება ზეითუნის ზეთი ახალგაზრდობის შენარჩუნებაში
- +

17 იანვარი. 2022. 12:43

 

ზეითუნის ზეთი არა მხოლოდ წარმატებით შეიძლება მიირთვათ, არამედ გამოიყენოთ, როგორც კოსმეტიკური საშუალება - სწორედ ამ შესაძლებლობის გამო აღმერთებენ სოფი ლორენს, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ გამოიყენოს ზეითუნის ზეთი თმისა და კანის შესანიშნავი ფორმის შესანარჩუნებლად.

 

ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს კანის ელასტიურობის შენარჩუნებას, კვებავს და ატენიანებს მას. ის შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, როგორებიცაა A, E, B, D, K - მათი ეფექტი მართლაც გასაოცარია. ზეითუნის ზეთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალი და დაბერებული კანისთვის, ხელს უწყობს კანის უჯრედების რეგენერაციას და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.

კანისთვის

 

ზეითუნის ზეთის ბაზაზე შექმნილი კიტრის ლოსიონი შესანიშნავი გამწმენდი თვისებებით გამოირჩევა. ეს საშუალება გამოდგება მშრალი კანისთვის.

 

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

 

3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

 

4 სუფრის კოვზი კიტრის წვენი

 

1/ 2 ჩაის კოვზი საცხობი სოდა

 

1 ჩაის კოვზი ვარდის წყალი (შეგიძლიათ შეიძინოთ ან გააკეთოთ თქვენით)

 

ყველა კომპონენტი კარგად უნდა შეურიოთ. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე, გაიჩერეთ ერთი წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კიტრის წვენი სწრაფად ფუჭდება, ამიტომ პროდუქტის შენახვა შეგიძლიათ არაუმეტეს 3 დღისა.

 

ცხიმიანი კანისთვის კი უფრო სასარგებლო იქნება, თუ კიტრის წვენის ნაცვლად, ლიმონის წვენს გამოიყენებთ, ხოლო სოდის ნაცვლად - მარილს. დაამზადეთ იმავე პროპორციით, რაც აღნიშნულია.

 

ყველა ტიპის კანისთვის - ზეითუნის ზეთზე დაფუძნებული მატონიზირებელი ნიღაბი კარგი არჩევანია. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად აღადგინოთ კანის ელასტიურობა. შეურიეთ თითო ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, არაჟანი, ლიმონისა და სტაფილოს წვენი და დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი საფუარი. მიღებული ნაზავი გაიჩერეთ სახეზე 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

 

ზეთის დახმარებით სახის კანის ყველაზე დელიკატურ ზონას, თვალებსაც დაეხმარებით. თვალების ირგვლივ შეგიძლიათ, ოდნავ თბილი ზეითუნის ზეთი შეიზილოთ და 30 წუთის განმავლობაში მსუბუქად დაიმასაჟოთ. შემდეგ კი ხელსახოცით ჩამოიწმინდოთ. სასურველია, თუ იმავეს ყოველ საღამოს გაიმეორებთ.

სტრიების საწინააღმდეგოდ

 

ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, E ვიტამინის მაღალი შემცველობის წყალობით. სწორედ ეს თვისებაა საჩუქარი მათთვის, ვისაც სურს, მოიშოროს სტრიები სხეულის სხვადასხვა ზონიდან. გარდა ამისა, თუ ზეითუნის ზეთს დაუმატებთ საყვარელი არომატული ზეთის რამდენიმე წვეთს, პროცედურა განსაკუთრებით სასიამოვნო გახდება. ზეითუნის ზეთს დაამატეთ ერთი წვეთი ლიმონის ან ფორთოხლის ზეთი და მიღებული ნაზავი შეიზილეთ კანზე.

თმისთვის

სანამ თმას დაიბანთ, თითის წვერებით ზეითუნის ზეთი სკალპზე 10 წუთის განმავლობაში შეიზილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ, დაიბანოთ ისე, როგორც იბანთ ხოლმე.

 

ზეითუნის ზეთი შესანიშნავად კვებავს თმას, ხდის მას გლუვს და ანიჭებს ბზინვარებას. იმისათვის, რომ სწრაფად მისცეთ თმას შესანიშნავი ფორმა, ეს საშუალება დაგეხმარებათ: შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხი და 1 კოვზი ვაშლის ძმარი ან თაფლი. ყველა ინგრედიენტი კარგად უნდა შეურიოთ. შემდეგ წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი დაიბანეთ თბილი წყლით. მაშინვე შეამჩნევთ, რომ თმა უფრო კარგად გამოიყურება.

 

 

big_banner
არქივი