logo_geo
რატომ იკვნეტენ ბავშვები ფრჩხილებს?
- +

18 მარტი. 2022. 18:46

 

 

ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ჩვევებია თითის წოვა, ცხვირის ჩიჩქნა, თმის წვალება, კბილების კრაჭუნი და ფრჩხილების კვნეტა. ეს უკანასკნელი შეიძლება მოზრდილობაშიც გაგრძელდეს.

 

ფრჩხილების კვნეტის მიზეზი შეიძლება იყოს ცნობისმოყვარეობა, მოწყენილობა, სტრესი, მშობლების ან უფროსი და-ძმების მაგალითი ან უბრალოდ ჩვევაში გადასვლა.

 

ზოგიერთი ბავშვისთვის, ფრჩხილების კვნეტა დაძაბულობის განმუხტვის ან საკუთარ ძლიერ ემოციებთან გამკლავების საშუალებაა. ბუნებრივია, რომ ისინი ხანდახან ღელავენ და ზოგჯერ ამ გზას ირჩევენ პრობლემის „მოსაგვარებლად“.

 

სტრესის მართვის სხვა გზების სწავლა მას დაეხმარება, არ გაჰყვეს ეს ჩვევა მოზრდილობაშიც.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ფრჩხილების კვნეტის დაძლევაში?

 

ყურადღება მიაქციეთ მის ფრჩხილებს

 

ბავშვს შეიძლება მეტად გაუჩნდეს ფრჩხილების კვნეტის სურვილი, თუ გრძელი ან ბასრკიდეებიანი ფრჩხილები აქვს. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ, რომ დროულად მოაჭრათ და კუთხეები გაუქლიბოთ.

 

იყავით თანამგრძნობი

 

ნებისმიერი ჩვევისგან განთავისუფლება რთულია. იყავით მომთმენი თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვის მიმართ და ნუ აგრძნობინებთ თავს ცუდად იმის გამო, რომ ფრჩხილებს იკვნეტს.

 

თუ ბავშვს გაუბრაზდებით ფრჩხილების კვნეტის გამო, ის თავს დამნაშავედ იგრძნობს და უფრო იღელვებს. ან მიხვდება, რომ ამ ქცევით შეუძლია თქვენი ყურადღების მიპყრობა და უფრო ხშირად გამოიყენებს. ამიტომ, სცადეთ არ მიაქციოთ ზედმეტი ყურადღება იმ ფაქტს, რომ ის ფრჩხილებს იკვნეტს.

 

ნაცვლად ამისა, შეაქეთ, როცა ფრჩხილებს არ იკვნეტს. თუ ეს მეთოდი თქვენთვის მისაღებია, შეგიძლიათ ჩართოთ სტიკერების სისტემაც. მაგალითად, მიეცით სტიკერი, თუ ნახევარი დღე შეძლო ამ ჩვევის გარეშე ყოფნა, კვირის ბოლოს კი დაგროვებული სტიკერები შეუძლია გადაცვალოს ახალ წიგნში, პარკში გასეირნებასა თუ სხვა გასართობში.

 

არ წაუსვათ მწარე ლაქი. სავარაუდოდ, ეს არ იმუშავებს და თან თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვი ამას დასჯად ჩათვლის, მიუხედავად თქვენი კეთილი განზრახვისა.

 

ბავშვის ცხოვრებაში ცვლილებები, მაგალითად სახლის შეცვლა, ახალ ბაღში გადასვლა, შესაძლოა შფოთვის მიზეზი იყოს და ბევრი ყურადღება დასჭირდება შესაჩვევად. თუ ცვლილება უფრო მძიმეა, მაგალითად, მშობლების დაშორება ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, შესაძლოა გახშირდეს ფრჩხილების დაკვნეტის ჩვევა და შესაგუებლად მას მეტი დრო უნდა მივცეთ.

 

მოუსმინეთ მის შფოთვებს, გააგებინეთ, რას აკეთებს

 

ზოგჯერ, ბავშვები ისე იკვნეტენ ფრჩხილებს, რომ არც იციან ამის შესახებ. იმისათვის, რომ დაეხმაროთ ამის გაგებაში, როცა პირისკენ წაიღებს თითებს, მიანიშნეთ. მაგალითად, მსუბუქად შეეხეთ მხარზე, რათა არ შეარცხვინოთ ხმამაღალი მინიშნებით ხალხში.

 

უბიძგეთ ახალი ჩვევისკენ

 

მიეცით რაიმე ნივთი, რომ მასზე გადაიტანოს ყურადღება, როცა ფრჩხილების დაკვნეტის სურვილი გაუჩნდება. მაგალითად, პლასტელინი, „ტყლარწი“ ან მსგავსი საგნები დააჭერინეთ ხელში, როცა ტელევიზორს უყურებს.

 

გამოიყენეთ თვალსაჩინო მინიშნებები

 

თუ თქვენი შვილი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ვერ ივიწყებს ამ ჩვევას, ჰკითხეთ, ხომ არ სურს ფერადი მარკერების ან პლასტირების დაკვრა თითებზე, რათა მათი დანახვისას გაჩერდეს, თუ ფრჩხილების კვნეტას დააპირებს. თუ უარს გეტყვით, არ დააძალოთ. თითოეული ბავშვი განსხვავებულია, ამიტომ სცადეთ სხვადასხვა გზები, ოღონდ დარწმუნდით, რომ თქვენი პატარა ამას დახმარებად აღიქვამს და არა დასჯად.

 

ითხოვეთ დახმარება

 

ახალი ჩვევის შესაძენად ან დასავიწყებლად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის მოვლაში ჩართული ადამიანები ერთი გზით მოქმედებდნენ. ამიტომ, მოუყევით ბაღის მასწავლებელს, როგორია თქვენი ტაქტიკა. თუ ის სხვა მეთოდს შემოგთავაზებთ, განიხილეთ მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მიიღეთ ბავშვისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება.

 

ოდის უნდა შევშფოთდე ფრჩხილების კვნეტის გამო?

ფრჩხილების კვნეტა, ჩვეულებრივ, უმტკივნეულო ჩვევაა და არ მიუთითებს რაიმე სერიოზულ პრობლემაზე. ბავშვების უმრავლესობა მას ზრდასთან ერთად ივიწყებს.

 

მაგრამ თუ თქვენი შვილი ხშირად იკვნეტს ფრჩხილებს ისე მწარედ, რომ სისხლი მოსდის ან ღრძილები სტკივა, შეატყობინეთ ამის შესახებ მის პედიატრს.

 

ზოგჯერ, ფრჩხილების მწვავე დაკვნეტა შფოთვის ან ყურადღების პრობლემების გამოხატვის ფორმაა, ამიტომ ადრეული ჩარევა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

 

big_banner
არქივი