logo_geo
ვინ იყო „სტალინის უცნობი საყვარელი“?!
- +

29 ნოემბერი. 2016. 11:12


 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ უამრავ მასალას ინახავს, მათ შორის გახლავთ დოკუმენტები, რომელიც პოლიტიკური ლიდერების პირადი ცხოვრების შტრიხებს ასახავს", - წერს გაზეთი „პრტაიმტაიმი" და სტატიას აქვეყნებს სათაურით „სტალინის უცნობი საყვარელი".


გამოცემის თქმით, შსს-ს არქივში ინახება 1910 წლით დათარიღებული ბაქოს ჟანდარმერიის სარეგისტრაციო ბარათი. დოკუმენტში პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად იოსებ, იგივე კობა ჯუღაშვილის სასიყვარულო კავშირებიცაა აღწერილი. ეს მასალა შსს-ს არქივის მიერ რამდენიმე ხნის წინ გახდა ცნობილი.


1910 წლის 26 აპრილს ბაქოს ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველომ თბილისს ამ სახის სარეგისტრაციო ბარათები გამოუგზავნა:


1. „სახელი, გვარი, მამის სახელი - იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი. მეტსახელი - კობა. დაბადების ადგილი - გორი. დაბადების თარიღი - 1879 წელი 21 დეკემბერი. ასაკი გარეგნობის მიხედვით - 30-32 წლის. სიმაღლე - 1 მეტრი და 69 სანტიმეტრი. აღნაგობა - გამხდარი, სახის ფორმა - ოვალური, თმა - შავი, ტალღოვანი, ხშირი, წვერ-ულვაში - წაბლისფერი, წარბები - შავი მორგალური, გამომეტყველება - მხიარული, განსაკუთრებული ნიშანი - ნაყვავილარი, წოდება - გლეხი, პროფესია - სახლის მასწავლებელი, ბოლო საცხოვრებელი ადგილი - ბაქო. როდის, სად და რა საქმეზეა დაკავებული? - 1910 წელი, 23 მარტი ბაქო, ქორწინება - უცოლო, სასიყვარულო კავშირები პეტროვსკაიასთან".


2. „სახელი, გვარი, მამის სახელი - სტეფანია ლეონარდის ასული პეტროვსკაია. დაბადების ადგილი - ოდესა. დაბადების თარიღი - 1885 წელი 13 ოქტომბერი. ასაკი გარეგნობის მიხედვით - 24 წლის. სიმაღლე - 1 მეტრი და 61 სანტიმეტრი. აღნაგობა - სუსტი, სახის ფორმა - ოვალური, თმა - ჩალისფერი. საშუალო სიხშირის, თვალების ფერი - მწვანე, გამომეტყველება - სერიოზული, წარბები - მორგალური, წოდება - თავადი, პროფესია - სახლის მასწავლებელი, ბოლო საცხოვრებელი ადგილი - ბაქო. როდის, სად და რა საქმეზეა დაკავებული? - 1910 წელი 23 მარტი, ბაქო, ქორწინება - გასათხოვარი, სასიყვარულო კავშირები ჯუღაშვილთან".


გამოცემასთან საუბარში ისტორიის დოქტორი, პროფესორი თენგიზ სიმონიშვილი ამბობს, რომ სტეფანია პეტროვსკაია საკმაოდ დახვეწილი და განათლებული ქალბატონი ყოფილა, პროფესიით სახლის მასწავლებელს დამთავრებული ჰქონდა ოდესის ქალთა გიმნაზია. თავადის ასულ სტეფანიასა და სტალინის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი, უცნობი იყო მისი ნამდვილი ფოტოც.


როგორც „პრაიმტაიმი" წერს, მომავალში საბჭოეთის დიდი ბელადი სტალინი, იმ დროისთვის კი სოსო, იგივე კობა ჯუღაშვილი, სტეფანიას გაცილებით ადრე შეხვდა. 1908 წლის მარტში, ბაქოში ჯუღაშვილი რევოლუციური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს. რევოლუციური საქმიანობისთვის სოლვიჩეგოდსკში გადაასახლეს სტეფანია პეტროვსკაიაც, სწორედ აქ გაიცნეს მათ ერთმანეთი. მოგვიანებით, კობამ გაქცევა და ბაქოში ჩასვლა მოახერხა, ცოტა ხანში სტეფანიაც გაათავისუფლეს. ის სახლში არ დაბრუნებულა, არც მოსკოვში ან სხვაგან სადმე უფიქრია წასვლა. ბაქოში მას კობა ელოდა.


თენგიზ სიმონიშვილი ჰყვება, რომ ამის შემდეგ მათ ერთად დაიწყეს ცხოვრება და 1910 წლის 23 მარტს ერთადვე დააპატიმრეს.


„ისინი დაკითხვებისას არაფერს, თითქმის არაფერს მალავდნენ. სტალინი ამბობდა, მე მას გადასახლებიდან ვიცნობო, სტეფანია კი კობასთან ახლო ურთიერთობაზე ღიად საუბრობდა", - აღნიშნავს ისტორიის დოქტორი.


დაპატიმრებული სოსო ბაქოს ქალაქის თავს სტეფანიაზე დაქორწინების უფლებასაც სთხოვდა. ქალაქის მმართველმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა.


„სტალინს სტეფანიაზე ქორწინების ნებართვა კი მისცეს, მაგრამ მალევე გადაასახლეს, რაც საბოლოოდ მათი განშორების მიზეზი გახდა. სოსოს ქალთა საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლდა, მაგრამ, როგორც ჩანს, სტეფანია ძალიან უყვარდა. ისე, საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება, სტეფანია პეტროვსკაიას სარეგისტრაციო ბარათი თბილისში რომ ინახებოდა, არავინ იცოდა", - აცხადებს თენგიზ სიმონიშვილი.


სტალინის პირველი ოფიციალური ცოლი ეკატერინე სვანიძე იყო. იგი 1907 წლის 22 ნოემბერს ტიფით თბილისში გარდაიცვალა. მან ბელადს გაუჩინა ვაჟი იაკობი. 1914-დან 1918 წლამდე სოსო ჯუღაშვილის ცოლი იყო ანა რუბინშტეინი. მასთან განქორწინების შემდეგ ნადეჟდა ალილუევაზე იქორწინა, მაგრამ ყოფილი ცოლი არ დაივიწყა, ის და მისი ქალიშვილი რეგინა ყველა იმ უფლებით სარგებლობდნენ, რითაც პარტიული მაღალჩინოსნები. სტალინს ნადეჟდა ალილუევასთან ქორწინებაში ჰყავდა ვაჟი ვასილი და ქალიშვილი სვეტლანა. 1932 წელს სტალინი საოპერო მომღერალმა ვერა დავიდოვამ (მჭედლიძემ) გაიტაცა.


„როგორც ამბობენ, დავიდოვა ხშირად სტუმრობდა ბელადს, როდესაც იგი სამხრეთში ისვენებდა. ირწმუნებიან, რომ სოჭის ზამთრის თეატრი სტალინმა საყვარელი ქალის გამო ააშენებინა. სერაფიმ კაგანოვიჩი ამბობდა, რომ სტალინს მყარი ურთიერთობები ჰქონდა მის ოფიციანტ ქალ ვალენტინასთან", - წერს „პრაიმტაიმი".

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი