logo_geo
"ბევრჯერ მიფიქრია, რომ ჩემმა სხეულმა ამოწურა სასიცოცხლო რესურსი, მაგრამ არ დავნებდი“
- +

27 აპრილი. 2022. 23:08

 

 

მოდის ბლოგერობა დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამ სფეროს სხვადასხვა სიახლის გასაგებად. უამრავი ბლოგერის, მოდელის, თუ მოდის ექსპერტის გვერდს აღმოაჩენთ სოციალურ ქსელებში, თუმცა ამერიკელი ლედი ჯეინი განსაკუთრებულია. ასაკოვანი, ცისფერთვალება ქალბატონი პერიოდულად თავისი გარდერობიდან სხვადასხვა სამოსს გვთავაზობს, თუმცა, მოდური სამოსის გარდა, ის გამომწერებს ასწავლის, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ადამიანი ელეგანტურად და, რაც მთავარია, ბედნიერად 95 წლის ასაკში. ლედი ჯეინი კალიფორნიაში ცხოვრობს, ის ისე აქტიურად არის ჩაბმული სამოდელი სამყაროს სიახლეებსა და სოციალურ ქსელებში, რომ ინტერვიუზე ჩემს თხოვნას მაშინვე გამოეხმაურა. როგორია მოდელობა 95 წლის ასაკში და რას ნიშნავს­ გამოთქმა: "ასაკი მხოლოდ ციფრებია"? - ამ კითხვებზე ლედი ჯეინ ავისი­ "კვირის პალიტრას" პასუხობს.

- მე ვარ ჯეინ ავის ბათლერ ზარიში­ და 18 აპრილს 95 წლის გავხდი. მიყვარს ოჯახთან და მეგობრებთან ყოფნა. ბოლო დროს ინსტაგრამზე დავრეგისტრირდი ჩემი მომვლელისა და პირადი სტილისტის, ჯენის წახალისებით. ეს შესაძლებლობას მაძლევს, აღვწერო ამ ასაკში ჩემი ცხოვრება და ურთიერთობა დავამყარო სამყაროსთან.

- როცა თქვენს პოსტებს ვკითხულობ, ვფიქრობ, რომ ასაკი მართლაც მხოლოდ ციფრებია.

 

- გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის. მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა, რადგან ადამიანი სხეულის, გონებისა და სულის ერთობლიობაა. ჩემი სხეულის მოვლა ნიშნავს ყოველდღიურ ვარჯიშს, ჯანსაღი საკვებით კვებას და საკმარის ძილს. გონებას ვავარჯიშებ კარტის, კონკრეტულად კი - ბრიჯის თამაშით, კითხვით და კროსვორდების შევსებით. კარგ განწყობას ვინარჩუნებ ახლობლებთან ერთად ყოფნით, სხვებისთვის კარგი სურვილების გაგზავნით. ყოველ კვირას მივდივარ ეკლესიაში, ღმერთთან ახლოს რომ ვიყო.

- ახლა მოდის ბლოგერი ხართ და წარმატებულიც, ბევრი გამომწერი გყავთ.

- ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ჩაცმა. სხვებსაც ხშირად ვეხმარებოდი საკუთარი სტილის აღმოჩენაში და ჩემი წვლილი მახარებდა. მოდა ყოველთვის ჩემი ცხოვრების კომპანიონი იყო.

 

 

- უკრაინის შესახებ თქვენი პოსტი წავიკითხე.

უამრავი ომი მინახავს. პირველი მსოფლიო ომის გარდა, მეოცე საუკუნის ყველა ომის მომსწრე ვარ. მახსოვს ის შიში, რომელიც გავიარეთ მე და ჩემმა ოჯახმა, როდესაც ძმა მეორე მსოფლიო ომში საბრძოლველად წავიდა და ახლა, როდესაც უკრაინის კადრებს და უკრაინელ ხალხს ვუყურებ, ზუსტად ისე მიშფოთავს გული, როგორც მაშინ. ამ ხალხს, ამდენ ოჯახს, ახალგაზრდებს დღესაც იმავეს გავლა უწევთ, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს გავიარეთ და მეგონა, ეს აღარ განმეორდებოდა.

- რა არის მთავარი ცხოვრებაში?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში იყო, არის და იქნება სიყვარული, ოჯახი, მეგობრები და ღმერთი. ისინი ავსებენ ჩემს ცხოვრებას. ადამიანების მიმართ ინტერესი, ზრუნვა და იუმორის გრძნობაა მამოძრავებელი ძალა ჩემს ასაკში. თუ ჩვენ სიყვარული შეგვიძლია, მადლი ჩვენზე აუცილებლად გადმოვა.

- როგორ უვლით თავს?

- ამის საიდუმლო არ არსებობს. რა თქმა უნდა, კარგი გენეტიკა დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ამას ხელი უნდა შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ოპტიმიზმით და სიყვარულით.

 

 

big_banner
არქივი