logo_geo
მარადიული ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნების საიდუმლო ოდრი ჰეპბერნისგან
- +

3 ივნისი. 2022. 00:41

ოდრი ჰეპბერნი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალადაა აღიარებული და მისი გარეგნობა კვლავ სილამაზის სტანდარტია. სიცოცხლის ბოლო დღემდე ოდრი საოცრად დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურებოდა. მას თავისი საიდუმლოებები ჰქონდა, რის გამოც უამრავმა ადამიანმა შეიყვარა და დღემდე ითვალისწინებენ რჩევებს:

ეცადეთ, კარგი ფიგურა შეინარჩუნოთ

ოდრი ჰეპბერნი მთელი ცხოვრება მოხდენილად გამოიყურებოდა და ამას საკუთარი კვების ჩვევით აღწევდა. იგი დღეში სამჯერ ჭამდა და შუალედებში წახემსებების უფლებას არ აძლევდა თავს. ძალიან უყვარდა ახალი ბოსტნეული და პასტა პომიდვრის საწებლით. მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში მიირთმევდა ტკილეულსა და დესერტებს.

მხრებში გაიმართეთ

ოდრის ახალგაზრდული გარეგნობის კიდევ ერთი მიზეზი მისი უნაკლო ბალერინას პოზა იყო. გამართული მხრები, სწორი ზურგი, შეწეული მუცელი და თავის სწორად დაჭერა ქალს ეხმარებოდა, რომ მუდმივად დახვეწილად წარმსგარიყო საზოგადოების წინაშე.

არ დაივიწყოთ ძილის მნიშვნელობა

ჰეპბერნმა იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მას ჰქონდა ჩვევა, რომ სადილის შემდეგ დაეძინა. ამის შესახებ მისმა შვილმა, შონმა თავის მემუარებში ისაუბრა: "ხანგრძლივმა გადაღებებმა მას ასწავლა, რომ დღის მეორე ნახევარში აუცილებლად უნდა დაეძინა. ძილის შემდეგ ყოველთვის ჭამდა შოკოლადის ნაჭერს - მაგრამ მხოლოდ ერთს! მისი თქმით, შოკოლადი მწუხარებას აქრობს."

გამოიყენეთ მსუბუქი სუნამოები ყვავილის არომატებით

როდესაც ოდრის 1957 წელს სპონტანური აბორტის შემდეგ დეპრესია დაემართა, Givenchy-მ, რომელიც მსახიობის მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი, მისთვის პირველი სუნამო გამოუშვა. „გიკრძალავ სევდას“ უთხრა პარფიუმერმა ფრენსის ფაბრონმა და ყვავილების არომატი შექმნა, რომელსაც L'Interdit („აკრძალვა“) უწოდა. მსახიობის მეორე საყვარელი სუნამო Spring Flower იყო, რომელიც Creed-მა შექმნა. ოდრი ყოველთვის მსუბუქ და ჰაეროვან სუნამოებს იყენებდა.

ისეირნეთ, რაც შეიძლება მეტი

მიუხედავად თავისი საბალეტო წარსულისა, ჰეპბერნი სპორტის დიდი მოყვარული არ იყო და გარდა ამისა, მთელი ცხოვრება ბევრს ეწეოდა. სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის საკომპენსაციოდ, ის თავის ძაღლთან ერთად ყოველთვის დიდხანს სეირნობდა.

 

არ თქვათ უარი თვალის ნათელ მაკიაჟზე

შავი ლაინერი და შეღებილი წამწამები მისი საფირმო ნიშანი იყო და სიკვდილამდე იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის კი ხელოვნურ წამწამებსაც იყენებდა.

შემატეთ თმას სირბილე

ასაკთან ერთად, თმა სირბილესა და მოცულობას კარგავს და უფრო მტვრევადიც ხდება. ამიტომაც, ოდრი თმის სიჯანსაღეს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა. იყენებდა სხვადასხვა სახის ნიღაბს და მბზინავი, ლამაზი თმა მას კიდევ უფრო ახალგაზრდულ იერს სძენდა.

 

გააკეთეთ კეთილი საქმეები

გარშემომყოფებს ოდრი ჰეპბერნი ახსოვთ, როგორც საოცრად მზრუნველი, კეთილი ადამიანი და მოსიყვარულე დედა. მისი თბილი ღიმილი და კაშკაშა თვალები ყოველთვის ანათებდა და სიკეთეს ასხივებდა. სამსახიობო კარიერის დასრულების შემდეგ აქტიურად მუშაობდა UNICEF-ის სპეციალურ ელჩად: ვარსკვლავი ბავშვებს მესამე სამყაროს ქვეყნებში საკვებით, სასმელი წყლით ეხმარებოდა და მედიკამენტებით უზრუნველყოფდა.

 

 

 

big_banner
არქივი