logo_geo
"ცოტა უფრო მოსაწყენი ვარ, ვიდრე ხალხი ფიქრობს და ცოტა უფრო შეშლილი, ვიდრე სხვებს ჰგონიათ." - ანჯელინა ჯოლი
- +

26 ივნისი. 2022. 00:38

ჰოლივუდის ვარსკვლავი, ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან მტკივნეული განშორების შემდეგ, მაქსიმალურად ერიდება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას და პირად ცხოვრებაზე ჟურნალისტებთან საუბარს, თუმცა ზოგჯერ უშვებს გამონაკლისებსაც. ექვსი შვილის დედამ ინტერვიუ ბრიტანულ ვოგის მისცა და გამოცემის ახალი ნომრის გარეკანზეც სწორედ ანჯელინას ფოტოა დატანილი.

ვოგის გადამღებ ჯგუფს მსახიობმა ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში უმასპინძლა. მან პანდემიის პერიოდში ცხოვრების სირთულეებზე, გამოწვევებზე, საკუთარ თავზე, როგორც დედაზე ისაუბრა. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

მრავალფეროვანი ოჯახი

"ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. შესაძლოა იმიტომ, რომ 6 ბავშვთან ერთად ვცხოვრობ, რომელთა ასაკიც 12-დან 19 წლამდეა, ვხედავ რამხელა ზეწოლაა მათზე. ისინი გადატვირთულნი არიან უამრავი ინფორმაციით. მაგრამ, როცა ვუყურებ, რომ მედოქსი ონლაინ ესაუბრება ვიღაცას რუსულად, ან საუბრობს კორეაში მცხოვრებ მეგობართან, შაილო ესაუბრება ნამიბიელ მეგობრებს, ვხვდები, რომ ეს არის გზა ახალგაზრდებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს, გლობალური მასშტაბით გაიცნონ ადამიანები"

პანდემია

"გასულ წელს ზაჰარამ ოპერაცია გაიკეთა და ბედნიერები ვიყავით იმით, რომ ის კარგად იყო. როცა საავადმყოფოდან შინ დავბრუნდით, "ლოქდაუნი" დაიწყო. პაქსი უფროსკლასელი გახდა, მაგრამ პანდემიის გამო ჯერჯერობით ვერ შეიგრძნობს იმას, თუ რას ნიშნავს იყო უფროსკლასელი, ზაჰარამ აიღო მართვის მოწმობა, მაგრამ ტესტირების დროს სრულ ეკიპირებაში, პირბადეში იყო. ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც წარმოგვედგინა, თუმცა ცხოვრება გრძელდება, დაბადების დღეები მოდის და ვფიქრობ, რომ ყველაფერმა უფრო ადამიანურები გაგვხადა, არის რაღაც ლამაზი ამ ყველაფერში."

 

სახლი ბრედთან ახლოს

"მსურდა მამასთან ახლოს ყოფილიყვნენ. მისი სახლი მხოლოდ ხუთი წუთის სავალზეა. მომწონს, რომ ჩვენს სახლში არ არის გასართობი ოთახი, მაგრამ არის ძალიან ბევრი ბილიკი, ადგილი სასეირნოდ და ფიქრისთვის.

მინდოდა, რომ ბევრი შვილი მყოლოდა და დედა ვყოფილიყავი, თუმცა დედობა არ წარმომედგინა ტრადიციული გაგებით. ვგრძნობ, რომ არ მაქვს უნარი ტრადიციული დედის მსგავსად სახლში ვიყო. ბავშვები მეხმარებიან, სულაც არ ვარ ამაში კარგი."

ბედნიერი ცხოვრების სცენაზე დაბრუნება

"არ ვიცი ვარ თუ არა ახლა ბედნიერების ეტაპზე. ბოლო რამდენიმე წელი ძალიან რთული იყო. კონცენტრირებული ვიყავი ჩემი ოჯახის განკურნებაზე. თითქოს ყინული დნება და სისხლი უბრუნდება ჩემს სხეულს. მომწონს სიბერე. თავს 40 წლის ასაკში უფრო კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე მაშინ, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი. არ ვიცი, შესაძლოა ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ დედას დიდხანს არ უცოცხლია - ჩემთვის ასაკში არის რაღაც, რაც მაგრძნობინებს, რომ ასაკის მატება არა სამწუხარო ამბავი, არამედ გამარჯვებაა. ასე რომ, მომწონს. მოუთმენლად ველოდები 50-ს."

 

big_banner
არქივი