logo_geo
ჯენიფერ ენისტონი ამბობს, რომ წლების განმავლობაში უძილობას განიცდის და ზოგჯერ ძილში დადის კიდეც
- +

26 ივნისი. 2022. 01:45

ჯენიფერ ენისტონმა People-თან ინტერვიუში აღიარა, რომ უძილობა აწუხებს. მსახიობის თქმით, ძილის მუდმივი ნაკლებობა მნიშვნელოვნად აისახება მის მდგომარეობაზე, ტვინის მუშაობასა და ფიგურაზეც კი.

"როგორც მახსოვს, ეს 30 წლის ან კიდევ უფრო ადრეც დაიწყო. თქვენ უბრალოდ ვერ ხედავთ ძილის ნაკლებობის შედეგებს, როცა ახალგაზრდები ხართ, რადგან საკუთარი თავი უძლეველი გეჩვენებათ. მაგრამ, უცებ ხვდებით, რა შედეგები მოჰყვება ძილის ნაკლებობას და როგორ აისახება ეს თქვენს ყოველდღიურობაზე, სამუშაოზე, ტვინსა და აღნაგობაზე."

მსახიობმა თქვა, რომ როდესაც ვერ იძინებს, მუდმივად საათს უყურებს

"რაც უფრო მეტად ვღელავ ამაზე, მით უფრო მიჭირს დაძინება." - ამბობს ენისტონი.

Friends-ის ვარსკვლავმა აღიარა, რომ ხანდახან, რამდენიმე ღამის უძილობის შემდეგ, ის ძილში დადის კიდეც. ამავდროულად, ენისტონი დიდი ხნის განმავლობაში ექიმებს არ მიმართავდა და პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ცდილობდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ მას მკურნალობა სჭირდება.

"მე მასთან ნამდვილი ბრძოლა დავიწყე. ვერ იქნებით ჯანმრთელები, თუ სამ მარტივ და მნიშვნელოვან წესს არ დაიცავთ: უნდა დააკვირდეთ თქვენს კვებას, ივარჯიშოთ და კარგად იძინოთ და ეს სამივე კომპონენტი ერთმანეთის გარეშე შეუძლებელია." - ამბობს ჯენიფერი.

მანამდე მსახიობმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვს. გასული წლის ბოლოს, ინტერვიუში, ენისტონმა აღიარა, რომ ძალიან აწუხებდა თაყვანისმცემლების ვარაუდები, რომ კარიერა ოჯახს ამჯობინა. ჯენიფერმა აღნიშნა, რომ მათ, ვინც მას განსჯის, არაფერი იციან მის შესახებ სამედიცინო თვალსაზრისით, მათ შორის, შეუძლია თუ არა შვილების გაჩენა.

big_banner
არქივი