logo_geo
რატომ გაქრა რეიჩელ მაკადამსი ეკრანებიდან - "უბის წიგნაკის" მთავარი გმირის რთული გზა წარმატებისკენ
- +

26 ივნისი. 2022. 19:29

 

 

მომხიბვლელი რეიჩელ მაკადამსის კარიერა ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება. რამდენიმე წელიწადში იგი ნაკლებად ცნობილი კანადელი მსახიობიდან ჰოლივუდის ვარსკვლავად იქცა. მისი ფილმოგრაფია ბევრ დასამახსოვრებელ როლს მოიცავს. თაყვანისმცემლებს კი განსაკუთრებით ფილმებში: "უბის წიგნაკი" და "შერლოკ ჰოლმსი" - შესრულებული როლებისთვის უყვართ.

 

 

მომავალი ვარსკვლავი კანადაში დაიბადა და მის ოჯახს სცენასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მამა სატვირთო მანქანის მძღოლი იყო, დედა კი - მედდა. რეიჩელი ძალიან აქტიური ბავშვი იყო. ოთხი წლის ასაკში გოგონა მშობლებმა ფიგურულ სრიალზე მიიყვანეს. სწორედ ამ პერიოდში ისწავლა მიზნების დასახვა და მუდმივად წინ სიარული, მიუხედავად ათასი სირთულისა და დაბრკოლებისა. უფრო მეტიც, რეიჩელი მიხვდა, რომ საზოგადოების წინაშე გამოსვლა ძალიან მოსწონდა. სკოლის თეატრალურ კლუბში კი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მსახიობობა მისი ოცნება იყო. თეატრალური ხელოვნების მიმართულებით უნივერსიტეტში აკადემიური ხარისხიც დაიცვა და კინოს დიდ სამყაროში წარმატების ძიება დაიწყო. მსახიობის კარიერის დასაწყისი მრავალრიცხოვანი კასტინგი და ტესტირებებია, რომელთა უმეტესობა მთავრდებოდა გულგრილი ფრაზით - "დაგიკავშირდებით". ზოგადად, ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც ათასობით დამწყებ მსახიობთან, რომელთა უმეტესობამ კინოში კარიერის გაკეთება ვერასოდეს შეძლო.

 

საბედნიეროდ, მიმზიდველი გარეგნობის გარდა, რეიჩელს სამსახიობო ნიჭი და, რაც მთავარია, შესაშური შეუპოვრობა და მონდომება ჰქონდა. ამიტომ გოგონა სასოწარკვეთილი არ ყოფილა და საკუთარი ოცნებისკენ თავდაჯერებულად მიემართებოდა. მალე იგი სატელევიზიო სერიალში "დედამიწა, ბოლო კონფლიქტი", მიიწვიეს.

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც რეიჩელი კანადურ ფილმებში: "ჩემი სახელია ტანინო" და "იდეალური ნამცხვარი", გამოჩნდა, სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობად იქცა. გოგონა ლოს-ანჯელესის დასაპყრობად წავიდა და რამდენიმე კომედიურ ფილმში ითამაშა. როგორც სერიოზულ დრამატულ მსახიობზე, მასზე საუბარი ფილმის, "უბის წიგნაკი" გამოსვლის შემდეგ დაიწყეს. საოცარმა სიყვარულის ისტორიამ და რეიჩელის თამაშმა კრიტიკოსები და რეჟისორები აიძულა, ახალგაზრდა მსახიობისთვის უფრო სერიოზულად შეეხედათ. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ, მაკადამსს ყველა ცნობდა. რაც მთავარია, გოსლინგთან ურთიერთობა ეკრანიდან რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა. ისინი ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა შემდეგ დაშორდნენ. რეიჩელმა და რაიანმა ურთიერთობის განახლება რამდენიმე წლის შემდეგაც სცადეს, თუმცა ეს მხოლოდ ცოტა ხნით გაგრძელდა და კვლავ დაშორდნენ ერთმანეთს.

 

 

 

სამწუხაროდ, ეს პერიოდი მისთვის კარიერაშიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ბევრ საკმაოდ მნიშვნელოვან როლზე მიიწვიეს, თუმცა საბოლოოდ უარი უთხრეს. ამიტომ, მაკადამსი ვერ გახდა ბონდის გოგონა "კაზინო როიალში" და მის ნაცვლად ევა გრინი დაამტკიცეს. ხოლო საკულტო ფილმში, "ეშმაკი ატარებს პრადას", რეიჩელის ნაცვლად ენ ჰეთეუეი გადაიღეს. თუმცა, გოგონა წარუმატებლობამ ვერ შეაჩერა და მომდევნო ორი წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო როლი მოირგო. განსაკუთრებით წარმატებული კი "შერლოკ ჰოლმსი" აღმოჩნდა. ამას მოჰყვა როლები ფილმებში: "დილა მშვიდობისა", "ფიცი" და "ბოიფრენდი მომავლიდან". მსახიობმა ასევე მიიღო დასამახსოვრებელი როლი ვუდი ალენის ფილმში "შუაღამე პარიზში". სხვათა შორის, ფილმის გადასაღებ მოედანზე მაიკლ შინი გაიცნო, რომელთანაც სამწლიანი რომანი ჰქონდა. იგი Marvel-ის მეგაპროექტშიც კი მონაწილეობდა. თუმცა, სრულიად მოულოდნელად ეკრანებიდან გაქრა. პაპარაცებს დიდი ხნის განმავლობაში აინტერესებდათ, რატომ გაუჩინარდა პოპულარული მსახიობი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ 39 წლის ასაკში რეიჩელი დედა გახდა. მან და მისმა მეუღლემ, სცენარისტმა ჯეიმი ლინდენმა, ორსულობა ბოლომდე დამალეს და ვაჟის დაბადებამდე პრესასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ.

 

 

დღეს 43 წლის ვარსკვლავი დედობის ბედნიერებით ტკბება და ახალი როლებისთვის ემზადება. ვინ იცის, შესაძლოა ის სულ მალე განსხვავებული იმიჯითა და ჩვეული შემართებით ვიხილოთ ეკრანებზე.

 

 

big_banner
არქივი