logo_geo
"დახვრეტამდე სამხედროებს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ღიმილით მიმართა: - "მე მზად ვარ, ბატონებო!"
- +

27 ივნისი. 2022. 01:31

 

 

შეუდარებელი კურტიზანი ქალის, ორმაგი ჯაშუშისა და მოცეკვავის, მატა ჰარის ბიოგრაფია დღესაც კი განხილვის საგანია. მასზე გავრცელებული ამბები ძირითადად მითებზეა აგებული და მხოლოდ რამდენიმე მათგანია დამტკიცებული არქივში დაცული მასალებით.

 

ვინ იყო ეს ქალბატონი და როგორ იმოქმედა ისტორიის სვლაზე, კონკრეტულად კი, პირველ მსოფლიო ომზე, დანამდვილებით დღესაც უცნობია. როგორც ამბობენ, მატა ჰარის საქმის დეტალები საფრანგეთის მხარის მიერ დღესაც გასაიდუმლოებულია.

 

 

 

  

მისი ნამდვილი სახელია მარგარიტა გერტრუდა ზელე. ის 1876 წელს ჰოლანდიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ლეუვარდენში 7 აგვისტოს დაიბადა. მას სამი ძმა ჰყავდა. როგორც ცნობილია, გოგონა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა. ოჯახი ქუდების მაღაზიას ფლობდა და ასევე, ნავთობის მოპოვების ბიზნესის ერთ-ერთი მეწილე იყო. ბავშვები ელიტურ სკოლაში იღებდნენ განათლებას.

 

ოჯახის უდარდელი ცხოვრება მაშინ დასრულდა, როცა მარგარიტას მამა ადამ ზელე გაკოტრდა. მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მაშინ გოგონა 13 წლის იყო. მარგარიტა 15 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამამ გოგონა ბიძასთან, ნიდერლანდების ჩრდილოეთში, პატარა ქალაქ სნეკში გაგზავნა. თავისუფლების მოყვარულმა გოგონამ ბიძას თავი დააღწია და ჰააგაშიც კი გაიქცა.

 

 

18 წლის გრეტამ ერთხელ გაზეთის რუბრიკა აღმოაჩინა, სადაც მამაკაცები ურთიერთობისთვის ქალბატონებს ეძებდნენ. მან კარგად შეისწავლა განმცხადებლები და არჩევანი 39 წლის ოფიცერ რუდოლფ მაკ-ლეოდზე შეაჩერა. 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, გოგონამ ოფიცერს თავი შეაყვარა და მისთხოვდა კიდეც.

 

შესაძლოა, ოჯახის შექმნისას მართლაც სურდა ლამაზი ოჯახი ჰქონოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მეუღლე ინდონეზიის კუნძულ იავაზე გადავიდა და ახალგაზრდა ცოლს დაუფარავად ღალატობდა, წარუმატებელ კარიერას გრეტას აბრალებდა და სიმთვრალეში მეუღლეს და ორ მცირეწლოვან შვილს ფიზიკურად უსწორდებოდა, ბედნიერ ოჯახურ ცხოვრებაზე ქალმა ხელი ჩაიქნია.

 

როგორც ამბობენ, სწორედ ამ კუნძულზე დაიწყო გრეტას მრავალფეროვანი ცხოვრება. მეუღლეზე გაბრაზებულ გოგონას ურთიერთობები ჰქონდა ახალგაზრდა ოფიცრებთან. ერთ-ერთი ოჯახური სკანდალის შემდეგ ის საცხოვრებლად ჰოლანდიელ ოფიცერთან, ვან რედესთან გადავიდა. ის სწავლობდა ინდონეზიურ კულტურას, ქმარზე გაბრაზებული თავს ცეკვით იმშვიდებდა. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მან სწორედ კუნძულ იავაზე დაირქვა სახელი მატა ჰარი, რაც მალაიზიურად "დღის თვალს" ნიშნავს.

 

 

big_banner
არქივი