logo_geo
დღეს ფრიდა კალოს დაბადების დღეა
- +

6 ივლისი. 2022. 16:40

მექსიკელი სიურრეალისტი მხატვარი ფრიდა კალო დაიბადა 1907 წლის 6 ივლისს. მან ძალიან მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება განვლო, რაც აისახა მის ნამუშევრებზეც. მის შემოქმედებაში მრავლად შევხვდებით ავტოპორტრეტებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, გამოხატავენ ფრიდას სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას. ფრიდა ამბობდა, რომ მისი ნამუშევრები სიურრეალისტური კი არ იყო, არამედ ის აღწერდა მის სიზმრებს. ფაქტი კი ერთია, მისი ნამუშევრები მოგვითხრობენ ფრიდას ცხოვრებისა და ემოციების შესახებ.

 

18 წლის იყო, როცა ავტობუსით მგზავრობისას საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა. ექიმებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ მიიღო ხერხემლის სამი დაზიანება, ფეხის 11 მოტეხილობა, დამტვრეული ნეკნები და დაზიანებული საშვილოსნო. მას მთელი ცხოვრება უშვილო ინვალიდად დარჩენა ემუქრებოდა.

 

ფრიდამ ხერხემალზე უამრავი ოპერაცია გაიკეთა და სიარული თავიდან ისწავლა, მაგრამ აუტანელი ტკივილებისგან დატანჯული, ტკივილგამაყუჩებელზე დამოკიდებული გახდა.

 

ავტოკატასტროფის შემდეგ ფრიდამ სამედიცინო სასწავლებელი მიატოვა და მამას საღებავები და ფუნჯები სთხოვა.

 

ლოგინის თავზე დაკიდებული სარკე საშუალებას აძლევდა, ტკივილი ტილოზე გადაეტანა. ასე შეიქმნა კალოს პირველი ავტოპორტრეტი.

 

მოგვიანებით, ფრიდას ცხოვრებაში მექსიკელი მხატვარი და ცნობილი მექალთანე დიეგო რივერა გამოჩნდა, რომელსაც ფრიდამ თავისი ცხოვრების მეორე კატასტროფა უწოდა. ქალი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა 20 წლით უფროსი მხატვრის გულის მონადირებას და საბოლოოდ მიზანს მიაღწია, თუმცა წყვილის ურთიერთობა სამართებლის პირზე სიარულს ჰგავდა. რივერა ცოლს გამუდმებით ღალატობდა და დაუსრულებელ რომანებს აბამდა.

 

დაძაბული და სტრესული ცხოვრების ფონზე, ფრიდა მიხვდა, რომ ბედნიერებას იმსახურებდა, სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა კატალონიელი მხატვარი და პოლიტიკური დევნილი ხოზე ბარტოლი, რომელიც ნიუ-იორკში ხერხემლის ოპერაციის დროს გაიცნო. მცირეხნიანი ურთიერთობის შემდეგ როდესაც ფრიდა მექსიკაში დაბრუნდა, მათი ურთიერთობა დისტანციურად წერილებით სამ წელს გაგრძელდა.

 

1953 წელს მეხიკოში მოწყობილ პირველ პერსონალურ გამოფენაზე მხატვარი საკაცით შეიყვანეს. მომღიმარი ქალი, თმაში ჩაწნული ყვავილებითა და ხელში სიგარეტით, თავად სიმშვიდეს განასახიერებდა.

 

ფრიდა კალო 1954 წლის 13 ივლისს, 47 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

 

ხოზე ბარტოლიმ ფრიდას 100-ზე მეტი წერილი სიცოცხლის ბოლომდე სათუთად შეინახა. 1995 წელს ბარტოლის გარდაცვალების შემდეგ წერილები მისი ოჯახის ხელში გადავიდა. ვარაუდობენ, რომ აუქციონზე მათი ღირებულება 120 000 დოლარზე მეტი იქნება.

 

 

 

 

big_banner
არქივი