logo_geo
წმინდა გიორგის ხატს, რომელმაც სპარსელებს თვალი აუხილა, ლომისა შეარქვეს
- +

2 ივნისი. 2017. 23:32


 

ლომისობის დღესასწაული მთიულეთში აღდგომის მეშვიდე კვირის ოთხშაბათს იმართება. ხვალ არის ლომისობა, წინასწარ გილოცავთ. მომლოცველთა გარკვეული ნაწილი ლომისობის დადგომას ქვედა ტაძარში ხვდება და იქ ღამეს ათენებს, ზოგიც შესაწირი ცხვარ-ძროხით ზედა ტაძარში ადის, ღამის ლიტურგიას ესწრება და ეზიარება.


მთიულეთში, სოფელ მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელზე ორი ტაძარია აშენებული. ერთი თავად სოფელშია, მეორე - ქსნისა და არაგვის შუა ქედის საკმაოდ მაღალ მთაზე მდებარეობს. ზედა ტაძრამდე სამანქანო გზა არ მიდის, მომლოცველები 7 კმ-იან ციცაბო აღმართს, რომლის სიმაღლე 2452 მ-ია, ფეხით მიუყვებიან. თავდაპირველად ტყეა, შემდეგ ალპური ზონა იწყება. ბევრ ადგილზე საცალფეხო ბილიკი კლდის ქიმზე გადის, ამიტომ ასვლისას მომლოცველები ჯოხებს იშველიებენ. იმის მიუხედავად, რომ იქ ასვლა ჭირს, ბევრი ტაძარში ფეხშიშველი ადის, რადგან უფლისთვის ასეთი აღთქმა აქვს მიცემული.  რამდენიმე წლის წინ ვიყავი  ლომისას ზედა ტაძარში, თბილისის ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლთან ერთად. ფერდობს საღამოს 8 საათზე შევუყევით და ტაძარში ღამის 11 საათზე ავედით.


ტაძრის ეზო დიდი ლოდებითაა მოფენილი. როგორც ამბობენ, აქ საუკუნეების წინათ მამათა მონასტერი იყო და 400-მდე ბერი მოღვაწეობდა. ლოდები მათი კელიების ნანგრევებია. ლომისის ზედა ტაძარი ამჟამად მოქმედი არ არის და წირვა-ლოცვა მხოლოდ ლომისობას აღევლინება. სამი წლის წინათ ამ დღესასწაულს იქ დეკანოზი უძღვებოდა. ეს ინსტიტუტი ხევისბერობის დროინდელია და მთაში ბევრ ადგილზე კვლავაც შემორჩენილია. ტაძრის ეზოში რამდენიმე კოცონი ენთო, სადაც შეციებული მომლოცველები თბებოდნენ. სტუმრებს ადგილობრივი მთიულები ჭაჭით და ტკბილი ქადებით უმასპინძლდებოდნენ. იქაურებისთვის ამ დღეს ნებისმიერი სტუმარი ღვთის საჩუქარია.


ამ წელს, ლომისობის დღესასწაულის ღამეს, წირვა-ლოცვა მეტეხის ტაძრის მოძღვარმა მამა რაფაელმა ჩაატარა. მომლოცველებით ტაძარი ისე იყო გაჭედილი, შესვლა ბევრმა ვერ შეძლო. განსაკუთრებით ახალგაზრდების სიმრავლე შეიმჩნეოდა. როგორც ცნობილია, ლომისის წმინდა გიორგი დაუოჯახებელ ქალ-ვაჟებს ყველაზე მეტად სწყალობს. იქ ბევრი შემთხვევა გაიხსენეს, როცა გოგონა ან ბიჭი ლომისის წმინდა გიორგის სალოცავში ავიდა, ოჯახის შექმნა შესთხოვა და ერთ წელში მართლაც შეხვდა საბედოს. ზოგი ლომისის მოსალოცად პატარა ბავშვებით იყვნენ ასულნი. ერთმა მომლოცველმა მამაკაცმა თავისი ოჯახის ისტორია გვიამბო:


- ჩემი ცოლი მეოთხე შვილზე იყო ფეხმძიმედ, გამოთვლებით ბავშვს დაბადება ლომისის დღესასწაულზე უწევდა და ძალიან გვიხაროდა, მაგრამ ნაადრევად გაჩნდა. ცოტა ხანში ბებიაქალმა გვითხრა, რომ ბავშვი დაიღუპა. კინაღამ გავგიჟდით. არაფრის იმედი აღარ გვქონდა, მაგრამ მოხდა სასწაული, სამი საათის შემდეგ კვლავ შეგვატყობინეს, რომ ბავშვი მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ჩემი შვილი ახლა ხუთი წლისაა. მის გამო კიდევ ბევრჯერ მოგვიხდა განსაცდელის გადატანა. რამდენჯერმე მძიმედ გახდა ავად, ერთხელაც დენის სადენს მოკიდა ხელი და სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ახლა მის სახელზე ლომისის წმინდა გიორგის შესაწირი ცხვარი ამოვუყვანეთ. შევთხოვთ, რომ ჩვენი შვილი განსაცდელებისგან იხსნას და შეეწიოს.


ლომისის ტაძრის დაარსება სპარსეთში წაყვანილ 7 ათას ქრისტიან ქართველ ტყვეს უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, მუსლიმებს ტყვეებთან ერთად საქართველოდან ჯვრები და ხატებიც წაუღიათ, წმინდა გიორგის ხატს კი სასწაული მოუხდენია და სპარსეთში შობადობა და მოსავალი შეუმცირებია. ქათამი კვერცხს აღარ დებდა, საქონელი აღარ მრავლდებოდა. ქადაგებს გამოცხადება ჰქონიათ, თქვენი გასაჭირი ქართველ ტყვეებთან და წმინდა გიორგის ხატთანაა დაკავშირებულიო. სპარსელებს 7 ათასი ქართველი ტყვის უკან დაბრუნება გადაუწყვეტიათ. ტყვეთა გარკვეული ნაწილი წამებაში უკვე დაღუპული ყოფილა, ამიტომ მათი რიცხვი თავისი ხალხით შეუვსიათ. როგორც ამბობენ, მთიულეთში ზოგიერთი გვარის წარმომადგენლები სწორედ ქართველ ტყვეებს დამატებული სპარსელების შთამომავლები არიან. წმინდა გიორგის ხატს, რადგან სპარსელებსაც კი აუხილა თვალი, სიძლიერის გამო, ლომისა შეარქვეს. ხატი სპარსეთიდან წითელ ხარზე დაბრძანებული წამოუღიათ. ხარს რქებზე მტრედები სხდომიან. ერთ-ერთი ვერსიით კი თავად ამ ხარს რქმევია ლომა და სალოცავსაც ამიტომ შეერქვა ლომისა, სადაც ხარმა დაისვენა, იქ ამ სალოცავის ნიშია აშენებული. ერთი ნიში ფასანაურთანაა, მეორე  მთაზე მიმავალ გზაზე. ამ ნიშს რომ მივაღწიეთ, გვითხრეს, რომ უკვე გზის ნახევარი გვქონდა გავლილი. მორწმუნეები იქ სანთლებს ანთებენ, ლოცულობენ და ახალი შემართებით აგრძელებენ გზას. ხარი, რომელზეც წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი ყოფილა დაბრძანებული, მთის მწვერვალზე ასულა და იქ მომკვდარა. შემდგომ მის საფლავზე ტაძარი აუშენებიათ. ამჟამინდელი ფორმით ტაძარი მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეებშია აგებული, მანამდე კი სხვა ტაძარი მდგარა. წარმართობის პერიოდში ამ ადგილზე მთვარის კულტი ყოფილა.


სანამ ცენტრალურ ტაძარში შევიდოდით, ორი პატარა შესასვლელი გავიარეთ. ტაძრის ფილაქანი მუდმივად წყლითაა დასველებული, ამბობენ, რომ ტაძარი დაღუპული ხარის საფლავს დასტირის. შიგნით არის 37-კილოიანი ჯაჭვი, რომელსაც მომლოცველები მხარზე იდებენ და ტაძრის ცენტრალურ სვეტს სამჯერ უვლიან. როგორც ამბობენ, ამ დროს რის ჩაფიქრებასაც მოასწრებ, აუცილებლად აგისრულდება. წინათ ჯაჭვი უფრო გრძელი ყოფილა და შესაბამისად _ მძიმეც. მის მოკიდებას ყველა ვერ ახერხებდა. ამ ჯაჭვზეც არის გავრცელებული საინტერესო თქმულება: ერთ მთიულ კაცს ძმა უკურნებელი სენით გახდომია ავად. წმინდა გიორგისთვის უთხოვია, ოღონდ ძმა გადამირჩინე, ჩემს სახლში რაც ყველაზე მძიმე და გრძელი ჯაჭვია, შენს სალოცავში ამოვიტანო. მართლაც აუტანია 80 კგ-იანი ჯაჭვი მხრით მაღალ მთაზე ლომისის სალოცავში, რის შემდეგაც მისი ძმა გამოჯანმრთელებულა. ლომისის სალოცავის მთის ფერდობი უნიკალური ყვავილებითაა მოფენილი, ზოგიერთ ადგილზე კი თოვლიც დაგვხვდა. მთიდან პირდაპირ მოჩანს ყაზბეგი, გუდაური... წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ ყვავილი არ მოგვეწყვიტა. მთა, სადაც ლომისის ტაძარია, წმინდად ითვლება, წმინდა ადგილიდან კი რამეს წაღება არ შეიძლება. ერთ-ერთი თქმულებით, ამ ყვავილებით მთაზე ანგელოზებს იეროგლიფები აქვთ გამოსახული, რომელსაც გარკვეული ახსნა აქვს. ყვავილოვანი იეროგლიფების გაშიფვრა, ჯერჯერობით, ვერავინ მოახერხა.


საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელმა, მერაბ ონიანმა გვითხრა, რომ წმინდა გიორგის სახელზე საქართველოში 365 ტაძარია აშენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გიორგობა ყოველდღე აღინიშნება. მთაში ამ წმინდანს განსაკუთრებით სცემენ პატივს, რადგან იგი მეომართა, მონადირეთა, ვაჟკაცთა, თავდადებულ მებრძოლ რაინდთა შემწედაა მიჩნეული. მთაში კი ეს ღირებულებები უფრო მეტად ფასობს. სვანეთში ასეთი ტრადიციაც არსებობს, სუფრასთან პირველად მამა ღმერთის, ანგელოზების და წმინდა გიორგის სადღეგრძელოს სვამენ და შემდეგ იწყებენ სუფრის მსვლელობასო.


- საქართველოში არაერთ ტაძარში არის ჯაჭვი, რომელსაც მორწმუნენი მხარზე იდებენ და სურვილს უთქვამენ. ზოგი ამბობს, რომ ეს წარმართული გადმონაშთია. სინამდვილეში ჯაჭვის მხარზე მოდება და სურვილის ჩათქმა რასთან არის დაკავშირებული?


- იერუსალიმში, წმინდა გიორგის საფლავზეც არის ჯაჭვი, რომელსაც ორკაპა მოსაბმელით მორწმუნენი კისერზე იდებენ. ამბობენ, იგი ისეთი მადლის მატარებელია, ავადმყოფები იკურნებიანო. იკონოგრაფიაში, სადაც წმინდა გიორგის წამების დეტალებია აღწერილი, ნათქვამია, რომ წარმართებმა იგი თონეში ჩააგდეს, ბორბალს მოამბეს, მათრახით სცემეს, მაგრამ ჯაჭვით წამების ფაქტი აღწერილი არ არის. თუმცა ჯაჭვს, როგორც საწამებელ იარაღს, იმ პერიოდში ხშირად იყენებდნენ და უდავოა, წმინდა გიორგის წამების დროსაც იქნებოდა გამოყენებული.


ცნობილია, რომ მაღალ მთაზე მდგომი ტაძრის ურთულეს გზაზე ისეთი ავადმყოფებიც ადიან, რომელთაც ჩვეულებრივ პირობებში გადაადგილება უჭირთ. ზოგი ფეხშიშველიც მიდის. საქმე ის გახლავთ, რომ წმინდა ადგილის მოლოცვისას ადამიანს თავად ის წმინდანი შეეწევა, ვის კარზე ასვლასაც აპირებს, მასთან მისვლაშიც ეხმარება, ლოცულობს, რაც ამ პიროვნების შესაძლებლობებსა და ძალებს ზრდის. როგორც ცნობილია, თაბორის მთაზე, რომელიც ძალიან მაღალია, მაცხოვარმა სამი გამორჩეული მოწაფე -პეტრე, იოანე და იაკობი- აიყვანა. ისინი ძალიან დაიღალნენ, მაგრამ უფლის დახმარებით ასვლა მაინც შეძლეს.


მთა ჩვენი მიწიერი ცხოვრების სიმბოლოცაა. მთელი ჩვენი ცხოვრება სიმბოლურად შეიძლება მთაზე ასვლას შევადაროთ. თუ ადამიანი სულიერად ყოველდღიურად იზრდება, მიიჩნევა, რომ მთაზე მისასვლელად სწორ გზას ადგას. უფლისკენ მიმავალ გზაზე ადამიანის დაღლა მაცხოვრისთვის დიდი ღვაწლია და იგი ამას არავის უკარგავს. ამიტომაც ეს დაღლა, გარკვეულწილად, სასიამოვნოც გახლავთ. ვინც მეტს გაირჯება, უფლისგან ძღვენსაც მეტს მიიღებს, ასეა მოწყობილი ჩვენი ცხოვრება. სალოცავში ფეხშიშველი ასვლაც ღვაწლის ერთ-ერთი ფორმაა.


- რამდენიმე მომლოცველმა გვითხრა, რომ ლომისის ტაძარში სხვა დროსაც ავიდნენ, მაგრამ იქიდან მადლმოსილებით ჩამოსულთ, მალევე თავს განსაცდელი დაატყდათ, რაღაც ცუდი დაემართათ. ასეთ ფაქტებს ჩვენი სარწმუნოება რითი ხსნის?


- კეთილ გზაზე ადამიანის დადგომა ბოროტს შურით ავსებს. იგი ყოველნაირად ცდილობს, რომ ადამიანი დააბრკოლოს და მოპოვებული მადლი დააკარგინოს. ბოროტი, მაინცდამაინც, რქებიან ან კუდიან არსებად არ უნდა წარმოვიდგინოთ, შეიძლება მან ეს განსაცდელი ვინმეს ხელით მოგვივლინოს ან რაღაც შეგვამთხვიოს. ამიტომ წმინდა ადგილიდან დაბრუნების შემდეგ განსაკუთრებით გაფაციცებულნი უნდა ვიყოთ, რომ ბოროტმა წამოღებული მადლი არ წაგვართვას და ღვთაებრივი მდგომარეობის შენარჩუნება შევძლოთ. მაშინვე უნდა მივხვდეთ, განსაცდელი ვისგან და რისთვის მოგვევლინა და შესაბამისად მოვიქცეთ, ლოცვა, ღმერთთან მუდმივი ურთიერთობა, მისი ხსოვნა სიმშვიდესა და სიდინჯეს შეგვმატებს, მრისხანების ცოდვაში არ ჩავვარდებით და სულიერ მდგომარეობას შევინარჩუნებთ. სწორედ სულიწმინდის მადლის მოპოვება უნდა იყოს ქრისტიანისთვის ყველაზე მთავარი საფიქრალი და საზრუნავი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი