logo_geo
7 ყველაზე ექსტრემალური პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
- +

13 ივნისი. 2017. 23:11



ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყველაზე ცხელი პლანეტა ამ დრომდე ნაპოვნთა შორის, რომლის ზედაპირის ტემპერატურა ვარსკვლავთა უმეტესობაზე მაღალია. იქიდან გამომდინარე, რომ მზის სისტემის მიღმა არსებულ პლანეტებზე ნადირობა გრძელდება, აღმოჩენილია ექსტრემალურ მახასიათებელთა მქონე კიდევ სხვა მრავალი პლანეტა.


წარმოგიდგენთ შვიდ ყველაზე ექსტრემალურ პლანეტას.


ყველაზე ცხელი


პლანეტის სიმხურვალე პირველ რიგში დამოკიდებულია მის სიახლოვეზე დედა-ვარსკვლავთან და თავად ამ ვარსკვლავის მცხუნვარებაზე. ჩვენს მზის სისტემაში, მზესთან უახლოესი პლანეტაა მერკური, მისგან 57 910 000 კმ მანძილზე. ამ პლანეტაზე ტემპერატურა დღისით 430°C -ს აღწევს, თავად მზის ზედაპირის ტემპერატურა კი 5 500°C-ია.


თუმცა, მზეზე მასიური ვარსკვლავები უფრო ცხელია. ვარსკვლავი HD 195689, ასევე ცნობილი როგორც KELT-9, მზეზე 2,5-ჯერ უფრო მასიურია, ზედაპირის ტემპერატურა კი 10 000°C-ს აღწევს. მისი პლანეტა KELT-9b ვარსკვლავთან იმაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე მერკური მზესთან.


არ შეგვიძლია გავზომოთ მათ შორის არსებული ზუსტი მანძილი, თუმცა პლანეტა დედა ვარსკვლავს გარს უვლის ყოველ 1,5 დღეში ერთხელ (მერკურის ამისათვის 88 დღე სჭირდება). შედეგად, პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა 4300°C-ია, ეს მაჩვენებელი მზეზე დაბალმასიან ვარსკვლავთა უმეტესობაზე მაღალია.


ამ ტემპერატურაზე, კლდვანი პლანეტა მერკური ლავის გამდნარ წვეთად იქცეოდა. თუმცა, KELT-9b იუპიტერის ტიპის გაზის გიგანტია. პლანეტა გამუდმებით პატარავდება, რადგან მის ატმოსფეროში არსებული მოლეკულები იშლება შემადგენელ ატომთა დონემდე და იწვის.



ყველაზე ცივი


აბსოლუტურ ნულზე (-223°C) 50 გრადუსით მეტი ტემპერატურის მქონე პლანეტა OGLE-2005-BLG-390Lb-ს ყველაზე ცივი პლანეტის სტატუსს აქვს. გააჩნია 5,5 დედამიწის მასა და სავარაუდოდ, იგი კლდოვანი პლანეტაა. 


მიჩნეულია, რომ იგი დედა-ვარსკვლავისგან არც თუ ისე შორს მოძრაობს, დაახლოებით მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მზის სისტემის პერსპექტივიდან, მაგრამ მასპინძელი ვარსკვლავი ცივი, დაბალმასიანი წითელი ჯუჯაა.




ხშირად ამ პლანეტას „ჰოთს" უწოდებენ, ფილმ „ვარსკვლავური ომების" ყინულოვანი პლანეტის მსგავსად. თუმცა, თავის ფიქციური თანამოძმისგან განსხვავებით, მას ატმოსფერო არ აქვს. მისი გაზების უდიდესი ნაწილი გაყინული და გამყარებულია, ზედაპირზე არის თოვლი.


უდიდესი


თუკი პლანეტა ისეთივე ცხელი იქნება, როგორც ვარსკვლავი, საინტერესოა, რა განსხვავებაა ამ შემთხვევაში პლანეტასა და ავრსკვლავს შორის?


როგორც წესი, ვარსკვლავები ბევრად უფრო მასიურია, ვიდრე პლანეტები, რაც თერმობირთვული პროცესებით მათ აალებას იწვევს. ეს უკანასკნელი კი განპირობებულია მათ ბირთვში არსებული უზარმაზარი გრავიტაციული ძალებით. მზის მსგავსი ჩვეულებრივი ვარსკვლავები წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის გზით იწვიან.


თუმცა არსებობს ვარსკვლავთა ტიპი, ე. წ. ყავისფერი ჯუჯა, რომელიც საკმარისად დიდია იმისათვის, რათა გარკვეული თერმობირთვული პროცესები დაიწყოს, მაგრამ არც იმდენად დიდი, რომ ეს პროცესები შეინარჩუნოს.


პლანეტა DENIS-P J082303.1-491201 b-ს თავის მოკავშირე 2MASS J08230313-4912012 b-თან ერთად 28,5 იუპიტერის მასა აქვს, რის შედეგადაც იგი ყველაზე მასიური პლანეტაა NASA-ს ეგზოპლანეტათა არქივში.


იგი იმდენად მასიურია, რომ განსჯის საგანია ის პლანეტად უნდა ჩავთვალოთ თუ ყავისფერ ჯუჯა ვარსკვლავად. ირონიულია, რომ ყავისფერი ჯუჯაა თავად მისი დედა-ვარსკვლავიც.



ყველაზე პატარა


ჩვენს მთვარეზე ოდნავ დიდი და მერკურიზე პატარა Kepler-37b ამ დრომდე აღმოჩენილი ყველაზე პატარა პლანეტაა.  ეს კლოდვანი პლანეტა თავის დედა-ვარსკვლავთან უფრო ახლოსაა, ვიდრე მერკური მზესთან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პლანეტა საკმარისად თბილია იმსათვის, რათა ზედაპირზე შეინარჩუნოს თხევადი წყალი და  აქედან გამომდინარე, პოტენციური სიცოცხლეც.



ყველაზე ძველი


12,7 მილიარდი წლის PSR B1620-26 b ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ბებერი პლანეტაა. იუპიტერზე 2,5-ჯერ მასიური ეს გაზის გიგანტი როგორც ჩანს, თითქმის სულ არსებობდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროს ასაკი 13,8 მილიარდი წელია, პლანეტა მასზე მხოლოდ ერთი მილიარდი წლითაა ახალგაზრდა. 


PSR B1620-26 b-ს ორი დედა-ვარსკვლავი ჰყავს, რომლებიც ერთმანეთის გარშემო მოძრაობენ. ერთი მათგანი ნეიტრონული ვარსკვლავია, მეორე კი თეთრი ჯუჯა, ანუ ვარსკვლავის ნარჩენი, მას შემდეგ რაც მან საწვავი ამოწურა და სუპერნოვად აფეთქდა.


მიუხედავად იმისა, რომ იგი სამყაროს ისტორიის ძალიან ადრეულ ეტაპზე დაიბადა, სავარაუდოდ არ გააჩნია საკმარისი ოდენობის მძიმე ელემენტები (ნახშირბადი და ჟანგბადი), რათა აღმოცენებულიყო სიცოცხლე.


ყველაზე ახალგაზრდა


პლანეტური სისტემა  V830 ვეშაპი მხოლოდ 2 მილიონი წლისაა. დედა ვარსკვლავის მასა მზის მასის ტოლია, მაგრამ აქვს ორჯერ მეტი რადიუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჯერ არ აქვს მიღებული საბოლოო ფორმა. მისი პლანეტა გაზის გიგანტია და აქვს იუპიტერის მასის სამი-მეოთხედი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ჯერ კიდევ იზრდება.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასის დიდ ნაწილს იგი ხშირად იღებს ასტეროიდთა მსგავს სხვა პლანეტურ სხეულთა შეჯახების გზით. შესაბამისად, იქ ყოფნა ნამდვილად არ იქნებოდა უსაფრთხო.


ყველაზე სასტიკი ამინდის მქონე


იქიდან გამომდინარე, რომ ეგზოპლანეტები საკმაოდ შორისაა იმისათვის, რათა მათზე არსებულ ამინდს დავაკვირდეთ, იძულებულნი ვართ, თვალი კვლავ ჩვენს მზის სისტემას მივაპყროთ.


თუკი ნანახი გაქვთ ხომალდ „ჯუნოს" მიერ იპუპიტერის პოლუსებთან გადაღებული მგვრგვინავი ქარიშხლები, მზის სისტემის უდიდესი პლანეტა ამ სტატუსის ყველაზე კარგი პრეტენდენტია. თუმცა, ეს სტატუსი მაინც ვენერას ეკუთვნის. დედამიწის დობილი, მისივე ზომის ეს პლანეტა გოგირდმჟავას ღრუბლებითაა დაბურული. 


ატმოსფერო პლანეტის გარშემო იმაზე უფრო სწრაფად მოძრაობს, ვიდრე თავად პლანეტა ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო. ქარიშხლების სიჩქარე იქ 360კმ/სთ-ს აღწევს. პოლუსებთან განუწყვეტლად მოძრაობს ორმაგი ციკლონები. მისი ატმოსფერო დედამიწისაზე თითქმის 100-ჯერ მკვრივია და 95%-ს შეადგენს ნახშირორჟანგი.


სათბურის ეფექტის შედეგად, ვენერას ზედაპირის ტემპერატურა ჯოჯოხეთურ ნიშნულს, 462°C-ს აღწევს. სწორედ ასეთი სიცხის გამო, ვენერაზე ბევრად უფრო ნაკლები ვულკანია, ვიდრე დედამიწაზე.


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი