logo_geo
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
- +

19 ივნისი. 2017. 23:16


 

NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფი მისიის ახალ კატალოგს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია 219 ახალი პლანეტის აღმოჩენის შესახებ. მათ შორისაა თითქმის დედამიწის ზომის 10 ახალი პლანეტა, რომლებიც თავიანთ დედა-ვარსკვლავებს სასიცოცხლო ზონაში უვლიან გარს. ვარსკვლავის ამ რეგიონში, მყარ პლანეტებს თხევადი წყლის შენარჩუნება შეუძლია. 


ეს გახლავთ მზის სისტემის მიღმა არსებული პოტენციური პლანეტების, ანუ ეგზოპლანეტების ყველაზე დეტალური კატალოგი კეპლერის მისიის გაშვების პირველი წლების შემდეგ. გარდა ამისა, ის საბოლოო კატალოგია, რომელიც კოსმოსურმა ტელესკოპმა გედის თანავარსკვლავედის კვლევისას შეადგინა.


კატალოგი დაემატა NASA-ს ეგზოპლანეტათა არქივს, რომელშიც კეპლერის მიერ გამოვლენილ პოტენციურ პლანეტათა ოდენობამ უკვე 4034-ს მიაღწია. მათგან 2335 იდენტიფიცირებულია ეგზოპლანეტად. კეპლერს სულ გამოვლენილი აქვს სასიცოცხლო ზონაში მოძრავი თითქმის დედამიწის ზომის 50 პოტენციური პლანეტა, რომელთაგან 30-ის ნამდვილობა უკვე იდენტიფიცირებულია. 


გარდა ამისა, კეპლერის მონაცემების შედეგად, მცირე პლანეტათა ჯგუფში იკვეთება ორი განსხვავებული ზომა. ორივე მათაგანი საკმაოდ მნიშვნელოვანია არამიწიერი სიცოცხლის საძიებლად. კეპლერის დეტალური მონაცემები ერთგვარი ფუნდამენტის როლს შეასრულებს ჩვენი გალაქტიკის პლანეტათა გავრცელებისა და დემოგრაფიის უფრო მეტად შესწავლის საკითხში. პლანეტათა ორი განსხვავებული პოპულაციის აღმოჩენა კი იმაზე მიუთითებს, რომ გალაქტიკაში ჩვენთვის ცნობილ პლანეტათა დაახლოებით ნახევარს ან ზედაპირი არ გააჩნია, ან ის ღრმა, გამანაგდურებელი ატმოსფეროს ქვეშ იმალება - გარემოში, რომელიც სიცოცხლისათვის სრულიად შეუფერებელია.


აღმოჩენები NASA-მ რამდენიმე საათის წინ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა.


„კეპლერის მონაცემები უნიკალურია, რადგან ის ერთადერთია, რომელიც შეიცავს დედამიწის მსგავს პლანეტათა პოპულაციას- პლანეტებს, რომელთაც თითქმის დედამიწის მასა აქვს და ორბიტაზე ჩვენი პლანეტის მსგავსად მოძრაობენ. გალაქტიკაში მათი სიხშირის განსაზღვრა დაგვეხმარება დავაპროექტოთ NASA-ს სამომავლო მისიები, რომლებიც შესძლებენ პირდაპირი სურათები გადაუღონ სხვა დედამიწებს", - აცხადებს კეპლერის მისიის მეცნიერი მარიო პერესი. 


კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი პლანეტებზე ნადირობს ვარსკვლავთა სიკაშკაშეში სინათლის უმცირესი ჩაბნელებების გამოვლენის გზით, რაც მაშინ ხდება, როდესაც მის წინ პლანეტა ჩაივლის; ამ მოვლენას ტრანზიტს უწოდებენ.


ეს კეპლერის მერვე კატალოგია და თავს უყრის მისიის პირველი ოთხი წლის მანძილზე შეგროვილ და ხელახლა გადამუშავებულ მონაცემებს. კატალოგი მეცნიერებს დიდ დახმარებას გაუწევს განსაზღვრონ როგორი პლანეტური პოპულაციისგან შედგება ჩვენი გალაქტიკის პლანეტური დემოგრაფია - დედამიწის ზომის მყარი სხეულებიდან დაწყებული, იუპიტერის ზომის გაზის გიგანტებით დამთავრებული.


იმისათვის, რომ რომელიმე პლანეტა არ გამორჩენოდათ, ჯგუფმა მონაცემებში პლანეტის ტრანზიტის სიგნალთა საკუთარი სიმულაცია შექმნა, რის საფუძველზეც განისაზღვრა რამდენი მათგანი იდენტიფიცირდა მართებულად, როგორც ეგზოპლანეტა. ამის შემდეგ, მათ დაამატეს იმ სავარაუდო პლანეტათა მონაცემები, რომლებიც სინამდვილეში ცრუ სიგნალები იყო და შეამოწმეს, რამდენად ხშირად ხდებოდა, რომ ანალიზები ამ კანდიდატებს შეცდომით მიიჩნევდა პლანეტებად.


„ფაქიზად შედგენილი ეს კატალოგი არის საფუძველი, რათა პირდაპირ ვუპასუხოთ ასტრონომიის ერთ-ერთ ყველაზე დაუძლეველ კითხვას - დედამიწის მსგავსი რამდენი პლანეტაა ჩვენს გალაქტიკაში?" - ამბობს კატალოგის უფროსი ავტორი, სუსან თომპსონი.


კეპლერის მონაცემებზე დაყრდნობით, NASA-ს ერთ-ერთმა კვლევითმა ჯგუფმა, მაღალი სიზუსტით შეისწავლა ათასობით პლანეტა, რის შედეგადაც გამოავლინა პატარა პლანეტათა ორი განსხვავებული ჯგუფი. მათ ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნეს კლდოვანი, დედამიწის ზომის პლანეტები და ნეპტუნზე პატარა გაზური პლანეტები. ამ გადაჯგუფებას შორის მხოლოდ რამდენიმე პლანეტა მოექცა. 


ჰავაიზე მდებარე კეკის ობსერვატორიის გამოყენებით, მკვლევართა ჯგუფმა გაზომა კეპლერის თვალთახედვის არეალში არსებული 1300 ვარსკვლავის ზომა, რათა საუცხოო სიზუსტით განესაზღვრათ კეპლერის მიერ აღმოჩენილი 2000 პლანეტის რადიუსი.


„ჩვენი კლვევა პლანეტათა კლასიფიკაციას ზუსტად იმავე გზით ახდენს, როგორც ბიოლოგები იქცევიან ცხოველთა ახალი სახეობების კლასიფიკაციისას. ეგზოპლანეტათა ორი განსხვავებული ჯგუფის აღმოჩენა დაახლოებით იგივეა, დაადგინო, რომ ძუძუმწოვრები და ხვლიკები ოჯახური ხის სხვადასხვა შტოს მიეკუთვნებიან",- ამბობს კვლევის უფროსი ავტორი ბენჯამინ ფულტონი.


როგორც ჩანს, მყარ პლანეტათა დიდი ნაწილი დედამიწაზე 75%-ით დიდია. ამის მიზეზი მეცნიერებს ჯერ არ გაურკვევიათ. 


კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი ცის ახალ მონაკვეთებზე დაკვირვებას აგრძელებს, აქტიურად ეძებს პლანეტებს და სწავლობს საინტერესო ასტრონომიულ ობიექტთა ნაირსახეობას. მისი ინტერესის სფეროში ერთნაირადაა როგორც შორეული ვარსვლავთგროვები, ისე მაგალითად, ჩვენთან უფრო ახლოს მყოფი ვარსკვლავური სისტემა TRAPPIST-1 თავისი შვიდი პლანეტით.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი