logo_geo
სატურნის მთვარე ტიტანის უცნაური ლაბირინთების საიდუმლო ამოხსნილია
- +

21 ივნისი. 2017. 01:59



სატურნის უდიდესი მთვარის - ტიტანის ზედაპირზე არსებული იდუმალი ღარები შესაძლოა ჭირვეული ამინდისა და წვიმების შედეგად იყოს წარმოქმნილი. ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.


ხეობების, არხებისა და მწვერვალების ეს ლაბირინთები მეცნიერებს ჯერ კიდევ 2004 წლიდან აგდებს საგონებელში, მას შემდეგ, რაც ისინი 2004 წელს ხომალდმა კასინიმ გადაიღო. ცოტა ხნის წინ, ზონდმა ლაბირინთის მსგავსი ზედაპირის კიდევ უფრო დეტალური რუკა შეადგინა.


ხმელეთის ეს მახასიათებლები ზუსტად ემთხვევა დედამიწის რამდენიმე ადგილისას, რაც მეცნიერებს მნიშვნელოვნად დაეხმარა გაერკვიათ, თუ რა მოხდა ტიტანზე.


NASA-სა და საფრანგეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოჩენათა შედეგები მარტში, მთვარეთა და პლანეტურ მეცნიერებათა კონფერენციაზე წარმოადგინეს. აღმოჩენები ზედაპირის სიმულაციებს ეფუძნება.


„როდესაც ეს ღარები პირველად ვიხილეთ, მივხვდით, რომ საქმე გვქონდა განსაკუთრებულ ხმელეთთან", - უთხრა Space.com-ს კასინის ჯგუფის წევრმა მაიკლ მალასკამ.


რამდენიმეწლიანი კვლევის შემდეგ, ირკვევა, რომ ამ ყველაფერში ჩართული უნდა იყოს რამდენიმე პროცესი.


ერთ-ერთი მათგანია დაშლა, განზავება. ტიტანის ციდან თხევადი მეთანისა და ეთანის წვიმა მოდის, რომელიც ზედაპირზე არსებულ ორგანულ ნივთიერებებს შლის. შედეგად, წარმოიქმნება იზოლირებული ორმოები, რომლებიც თანდათან ერთმანეთს ერწყმის და ყალიბდება არხები.


პროცესში გარკვეულ როლს ასრულებს ქარიც, ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე.


კიდევ ერთი დამხმარე ფაქტორია სუბლიმაცია: როდესაც მყარი ნივთიერებები პირდაპირ აირადში გადადის, თხევადის გამოტოვებით, რის შედეგადაც, ზედაპირზე წარმოიქმნება ნაპრალები ან ღარები. 


მიჩნეულია, რომ სუბლიმაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მარსის პოლუსების ზედაპირის ფორმირებაშიც. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტიტანზე ტემპერატურა ბევრად დაბალია, სუბლიმაციას აქ უფრო მცირე როლი უნდა ეთამაშა.


ხმელეთის ფართოდ შესწავლის შემდეგ, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ტიტანის ზედაპირის ზოგიერთი ხეობა ღია და ერთმანეთთან შეერთებულია, ზოგიერთი კი დახურული და განცალკევებული, რაც მხარს უჭერს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, საქმეში ჩართული უნდა ყოფილიყო ერთზე მეტი პროცესი.


განზავების ჰიპოთეზის შესამოწმებლად, კასინის მიერ შეგროვილ მონაცემებსა და დედამიწაზე არსებულ ამინდის ციკლებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა 3D მოდელი შექმნეს.


როდესაც სიმულაციის შედეგები ტიტანზე გადაღებულ ფოტოებს შეადარეს, აღმოჩნდა, რომ ისინი ერთმანეთს ემთხვეოდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დროის მონაკვეთი, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგან ტიტანის წვიმების მაჩვენებლის შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით.


მოდელის მიხედვით, თუკი ნალექების მაჩვენებელი დედამიწისას ემთხვევა, ტიტანის უცნაური ლაბირინთები შესაძლოა რამდენიმე მილიონ წელიწადში ჩამოყალიბებულიყო.


მას შემდეგ, რაც უფრო მეტი გვეცოდინება ტიტანის ატმოსფერული პირობებისა და ზედაპირის შემადგენლობის შესახებ, მეცნიერები შესძლებენ ეს საიდუმლო უფრო დეტალურად გამოიკვლიონ. სამწუხაროა, რომ ამ საქმეში ხომალდი „კასინი" მეტად ვეღარ დაგვეხმარება, რადგან იგი მისიას სულ მალე დაასრულებს, როდესაც სექტემბერში, სატურნის ატმოსფეროში შეიჭრება და მეტეორიტის მსგავსად დაიწვება.


ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ხომალდთა მიერ პლანეტათა ზედაპირზე გადაღებული სხვადასხვა მახასიათებლების წარმომავლობის ახსნა მეცნიერებს უჭირთ. ამის მაგალითია ცოტა ხნის წინ, მარსზე გადაღებული უცნაური, ღრმა ხვრელიც.


კარგი ისაა, რომ ხელთ გვაქვს მრავალი კოსმოსური საიდუმლო; ალბათ სამყარო გაცილებით უინტერესო იქნებოდა, თუკი მის შესახებ ყველაფერი გვეცოდინებოდა.


 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი