logo_geo
დავით მაღრაძე: ყოველდღიური ყოფა იმდენად დაძაბულია, რომ ხალხი სულიერებისთვის ვერ იცლის
- +

13 ივლისი. 2017. 16:33


პოეტმა დავით მაღრაძემ „საერთო გაზეთთან" ინტერვიუში თავისი წიგნის - „ჯაკომო პონტის" შესახებ ისაუბრა, რომლის პრეზენტაციაც ცოტა ხნის წინ, უნგრეთში შედგა.


„ზოგადად, საზოგადოება, ყველა ქვეყანაში, სკანდალისკენ, სენსაციისკენ არის მიდრეკილი და არა შინაარსისკენ, ეს მხოლოდ ქართულ საზოგადოებას არ ეხება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ უნგრეთში ჩემი წიგნის გამოსვლაზე არაფერი თქმულა - „იმედის" საინფორმაციო გამოშვებაში ძალიან კარგი სიუჟეტი გავიდა. წიგნის - „ჯაკომო პონტის" პრეზენტაცია ფრანგულ გამომცემლობა „L Harmattan"-ის საკონფერენციო დარბაზში შედგა. წიგნი უნგრელმა პოეტმა ჰაინალკა ბაბირაკმა თარგმნა, რომელიც ამავდროულად, ქართული კულტურის პოპულარიზატორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჯაკომო პონტის" გამოსვლას წინ უძღოდა ერთ-ერთ ცნობილ ლიტერატურულ ჟურნალ „ნეპუტში" რამდენიმე თავის დაბეჭდვა. აქვე, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს საელჩოს უნგრეთში და მის ელჩს ზაზა კანდელაკს. ჩემი თავგადასავალისა და „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებასთან ურთიერთობის გამო საელჩოების ყურადღებით განებივრებული არ ვარ. ძირითადად, ასეთი შემთხვევები მახსოვს: ჩვენი ქვეყნის ელჩი თუ უცხოეთში სადმე გადამეყრებოდა, საუკეთესო შემთხვევაში სხვა მხარეს იხედებოდა. არც მე ვიკლავდი მათი მოწვევით თავს. ეს იგნორი არ ეხება ჩემს მეგობრებს, იმ პერიოდში ელჩებს - ზაზა გოგსაძეს, მაია ფანჯიკიძეს და ქეთევან ბატონიშვილს, რომელთაც ჩემი წიგნების წარდგენის ორგანიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

 

მერობის არჩევნებში კენჭი რომ მეყარა ბევრად უფრო ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდებოდი, ვიდრე უცხოური გამოცემების ან სამშობლოში გამოცემული წიგნების ფონზე, ეს ბუნებრივია. საერთოდ ეპოქა ასეთია, ყოველდღიური ყოფა იმდენად დაძაბულია, რომ ხალხი სულიერებისთვის ვერ იცლის. ბევრი შრომა და ბრძოლაა საჭირო, რათა ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს და სულიერებისთვის მეტად მოვიცალოთ", - განაცხადა დავით მაღრაძემ.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი