logo_geo
„სოფელი სოფელს გასძახის: „დაილიე თუ ხარაო“ – ბოლო პერიოდში 233 სოფელი იქცა ნასოფლარად
- +

8 დეკემბერი. 2016. 00:17


„ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო... მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა. ერთთავად, თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხელს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა", - ასე იწყება გოდერძი ჩოხელის ერთი მოთხრობა, - „ბებო".  


სამწუხაროდ, ჩვენი მთის სოფლები უმეტესად ასეთი მოხუცების იმედად არის დარჩენილი, ეს ბებოები კი განა რამდენს შეძლებენ? რამდენ ლოდინს გაუძლებენ? მიდიან ამა სოფლიდან და მათი წასვლით ის სოფლებიც ნასოფლარი ხდება. ცოცხალ ბებოებს არ ვაკითხავთ და მერე ნასახლარებს ვუპატრონებთ?


***


სულ რაღაც 120 წლის წინ, კერძოდ, 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა 1 919 000 კაცი იყო და აქედან ქალაქის მაცხოვრებელი მხოლოდ  - 16%, (ანუ 84% სოფლად ცხოვრობდა), 1926 წელს - 22 %, 1939 წელს - 30 %, 1959 წელს - 42%, 1979 წელს - 52%, 1989 წელს - 56% (სწორედ იმ აღწერით ვიყავით ბოლო ორასწლეულში ყველაზე მეტი -  5,4 მილიონი), 2002 წელს - 52% და 2014 წლის აღწერით, მოსახლეობის 57% ქალაქში ცხოვრობს. ეს ოფიციალურად, თორემ არაოფიციალურად გაცილებით მეტი.


უკანასკნელ ასწლეულში სულ უფრო მეტად, თითქმის უკანმიუხედავად ტოვებს ხალხი სოფელს, სამაგიეროდ, ქალაქის, უფრო მეტად, თბილისის მოსახლეობის ხვედრითი წილი იზრდება და ქვეყანა თავკომბალას ემსგავსება. ადამიანების მესამედზე მეტი დედაქალაქში ცხოვრობს. 


2014 წლის აღწერის შედეგებით, ქვეყანაში 3633  სოფელია, სადაც 1 591 000 კაცია, ანუ მოსახლეობის 42%.


„ტრანსპორტის ერთადერთი „სახეობა", ამ სოფლამდე რომ აღწევს, ცხენი და სახედარია. აქაურები ფეხით გადიან ცენტრალური გზიდან 6-7 კილომეტს, ბარგს ცხენით, ვირით ან სულაც ზურგით ეზიდებიან. აქ დღემდე არ არის ელექტროენერგია (მზის ბატარეებით განათებული პაწაწინა ნათურა დღისითაც სუსტად ბჟუტავს), მიწას ისევ ხარებით ხნავენ, ოჯახის სამყოფი კარტოფილი და ლობიო რომ მოიყვანონ. ცხადია, არ არის სკოლა და საბავშვო ბაღი. აქ არასოდეს არავინ ყოფილა წინასაარჩევნოდ. ხანდახან თემის გამგებელი თუ აკითხავთ, ეს არის და ეს. ციხისსოფელი ანანურის თემის ყველაზე მაღლა მდებარე სოფელია დგნალის ზემოთ", - შეიძლება ძალიან ბევრი არა, მაგრამ ასეთი სოფლები დღესაც არის საქართველოში და რა გასაკვირია, რომ მიგრაციის პროცესი შეუქცევადი ხდება.


ამავე აღწერით, საქართველოში 223 სოფელია, სადაც მოსახლეობის გრაფაში - 0 წერია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა აღწერის დროს, ანუ 2002 წელს, შეიძლება ვიღაც  კიდევ იყო რეგისტრირებული, მაგრამ ახლა აღარავინ სახლობს.


157 სოფელია 1-დან 5 მცხოვრებით, 98 სოფელში 5-10 კაცია, 828 სოფელში 11-100 კაცი, 503-ში 101-200, 893-ში 201-500, 517-ში 501-1000, 271- ში - 1001-2000, 86-ში - 2001-3000, 45-ში 3001-5000 და მხოლოდ 12 სოფელია, სადაც 5 ათას კაცზე მეტი ცხოვრობს. 

 

„სინათლე აქ არ არის, გზა და ტელეფონი. აი, ახლაც მესამე დღეა არ გვაქვს ელექტროენერგია. ისედაც თითქმის არ იჭერს ტელეფონი და ახლა ვერც დავტენეთ. დუშეთში შვილთან დალაპარაკება მინდა, მაგრამ როგორ?

 

რამდენი ვართ სოფელში? მოიცა, დავთვალოთ. ქვემოთ, ჩვენამდე, ხომ ნახეთ, ერთი ოჯახია, აქვე, მანქანა რომ დგას - მეორე, მე და ჩემი შვილი ორ კომლად ვართ, ჩვენ მერე კიდევ ერთი, გაღმა - სამი, ზემოთაც კიდევ რამდენიმე. მოკლედ, 11-12 კომლი ვიქნებით, კომლი რა? უმეტესად ერთი-ორი ადამიანია", - ამბობს მარუსა დეიდა, - „ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ხეობის ბევრ სოფელში 3-4 ოჯახია, ზოგგან ამდენიც არა, ზოგი სოფელი საერთოდ დაიცალა".


მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგებით, ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. წინა აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ, შესაბამისად, 40 და 25 კაცი ცხოვრობს.  


გუდამაყარში 22 სოფელია, მაგრამ ზამთარში სოფლების უმეტესობა იცლება. ბევრგან 2-3 ან მაქსიმუმ 10 ოჯახია. მთელ გუდამაყარში ერთადერთი სკოლაა 11 მოსწავლით.


სად გაქვს ყველაზე მეტი ნასოფლარი?


რასაკვირველია, მთაში: რეგიონებიდან მცხეთა-მთიანეთი „ლიდერობს", მუნიციპალიტეტებიდან - ახმეტა და დუშეთი, შესაბამისად 75, 51 და 40 ნასოფლარით. ეს ძირითადად ხევსურეთისა და თუშეთის სოფლებია, რომელთა დაცლა ხელისუფლების მითითებითაც ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში, გასული საუკუნის შუა ხანებიდან  დაიწყო.


რა ხდება სხვა რეგიონებში?


აჭარაში 3 ნასოფლარია (თითო ქობულეთის, შუახევისა და ქედის რაიონებში), სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7 (აქედან 4 მესტიაში), იმერეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ასევე სამცხე-ჯავახეთში - 10-10, ქვემო ქართლში - 13 (ყველა თეთრიწყაროში), შიდა ქართლში - 44 (21 გორში), კახეთში  - 53 (აქედან 51 ახმეტაში, უმეტესობა თუშეთში), მცხეთა-მთიანეთში - 75 (აქედან 40 დუშეთის რაიონში, 21 - ყაზბეგში). გურიაში არის სოფლები, სადაც 1-2 კაცია, მაგრამ ჯერ იქ არიან...


თუშეთის 52 სოფელში მხოლოდ 47 კაცია რეგისტრირებული (30 მამაკაცი და 17 ქალი), აქედან 37 ომალოში, დანარჩენ სოფლებში: შენაქოში, ჩიღოში, წაროსა და ბოჭორნაში - 1-2-4 კაცია.


რა შეუძლია ერთ ადამიანს? ექიმი ირაკლი ხვედაგურიძე ერთადერთია, ვინც ბოჭორნაშია რეგისტრირებული, ამიტომ ნასოფლარი სოფელი გახდა და გომეწრის ხეობაში, ზღვის დონიდან 2345 მეტრზე მდებარე ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალმთიან დასახლებულ პუნქტად იქცა.


ოდესღაც, კომუნისტების პერიოდში, 1989 წლამდე ყველაზე მაღალმთიან სოფლად თრუსოს ხეობის სოფელი რესი ითვლებოდა. რესი დღესაც უფრო მაღლაა, 2405 მეტრზე, მაგრამ ვეღარ სოფლობს, იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს. საერთოდ მთელ ხეობაში თითქმის აღარავინ რჩება, მიტოვებულია იქაურობა, მხოლოდ ბერები და მესაზღვრეები არიან. ყაზბეგის რაიონის 21 სოფლიდან უმეტესობა სწორედ თრუსოშია.


„ბისოში, ხახმატში აღარავინ არის, ჩირდილს იქით გზაც აღარ იწმინდება, პირიქითა ხევსურეთში 20-30 კაცი თუ იქნება მუდმივი მცხოვრები, სკოლაში 7 მოსწავლე ჰყავთ. აქეთ, ბარისახოს სკოლაში 65 მოსწავლეა, ეს კატასტროფაა, რადგან 34 სოფლის შვილები არიან ესენი",- ამბობს ტრისტან არაბული, ბარისახოს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


თუშეთში კი წლებია, სკოლა აღარავის სჭირდება.


დუშეთში ბოლო დროს ნასოფლარებად იქცა: ბანცური, დავითურნი, ჩადის ციხე (ფასანაურის თემი), კადოეთი და უფურეთი (ანანურის თემი), ათნოხი, ბურსაჭირი (გუდამაყარი), არბაჩხანი, საშავარდნო, ჭაშა, ახალი, ბეტისჩრდილი (ფშავი), ჩოხელნი შარმიანი, ციხიანი, ჟოჟონუ, უშარნი, სონჩო, მუღურე, ქოროღო (ხადას ხეობა და ქვეშეთის თემი), ოხერხევი, ქმოსტი, ღული, ოხერხევი (პირაქეთა ხევსურეთი, ბარისახოს თემი), ანდაქი (შატილის თემი).


„ეს ხეობა არავის ახსოვს. ეგრე უპატრონო კუთხედ არის ქცეული. ჩვენთვის არაფერია... არც გაზი, არც გზა. ვარსებობთ, არ ვარსებობთ, ვსუნთაქვთ, არ ვსუნთქავთ? არავის აინტერესებს", - გნაცხადა რამდენიმე წლის წინ ნათელა ზაქაიძე-მგელაშვილმა, რომელიც თავისი სამი შვილით უკანაფშავში, სოფელ გოგოლაურთაში ცხოვრობდა. ვეღარ გაძლეს და მგელაშვილები ახმეტაში გადავიდნენ საცხოვრებლად.


ქვეყნის მხარეებიდან მიგრაციის მაჩვენებლით და მოსახლეობის სიმცირით პირველ ადგილზე რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთია. ახლა იქ სულ 31 ათასი კაცი ცხოვრობს.


შედარებისთვის რომ წარმოვიდგინოთ, თბილისში, მარტო გლდანი-ნაძალადევის რაიონში 325 ათასი კაცია, ანუ თითქმის 10-11-ჯერ მეტი.  თუმცა, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ჯერ კიდევ არის შედარებით „დიდი" სოფლები, ჯერ მთლად არ გათითოკაცებულა აქაურობა. კავკასიონის ქედს გადაღმა მდებარე ხევსურეთი და თუშეთი კი გაცილებით ადრე დაიცალა.


„ამ ახალ წელს შატილში ხუთი-ექვსი ოჯახი, უფრო სწორედ, 10-12 აქაური და კიდევ რამდენიმე სტუმარი შევხვდით.  სამოქალაქო რეისი დეკემბრის ბოლოს იყო და სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეების დიდი ნაწილი და მათი მშობლებიც არდადეგებზე ბარისკენ წამოვიდნენ", - განაცხადა ორი წლის წინ ელისო ჭინჭარაულმა. მისი მეუღლე, მიხეილ ჭინჭარაული შატილის თემის ექიმია და იშვიათად ტოვებს სოფელს.

 

„დედიკო, კი მაგრამ,  შატილში რატომ არ მოდისო თოვლის პაპა?", - უკითხავს მაშინ პატარა კოტეს დედისთვის.


ჩაკეტილ უღელტეხილს იქით დარჩენილ კუთხეში ზამთარში ყველაზე მეტად ადამიანები ენატრებათ. სტუმარი და ხმის გამცემი ხომ მთაში ისედაც ძვირად ფასობს. ზამთარში მთაში მოხვედრილი ხვდები რად იწერებოდა ჯერ კიდევ საუკუნის წინ „სტუმარ-მასპინძელი" და რად ამბობდა ამ პოემის გმირი „დღეს სტუმარია ის ჩემიო".


„ხანდახან ლამის ლაპარაკი დაგვავიწყდესო ადამიანს", - დაიჩივლა ერთხელ ერთმა შატილიონმა. 


***


„სოფელი სოფელს გასძახის „დაილიე თუ ხარაო", - მარიამ წიკლაურისაც არ იყოს, ასეა  საქართველოს ბევრ სოფელში, მოპასუხედ არავინ არის დარჩენილი. მიდიხარ და ხშირად ხმის გამცემი არავინ გხვდება: გაუკვალავი თოვლი, გაშავებული სახურავები, ჩაბნელებული ფანჯრები და ბოქლომდადებული ჭიშკრებია ირგვლივ. 


სტუდენტებს რომ ეუბნები, დუშეთის რაიონში ბოლო ათ წელიწადში 40 სოფელი დაიცალა, ეს მათთვის შეიძლება უბრალო ციფრებია, თითქოს არაფრისმთქმელი სტატისტიკა, რომელსაც დაიმახსოვრებენ ან არა. ან რა დიდი ბედენაა ციფრების დამახსოვრება. ეგ არის მხოლოდ, ჩოხელის „ბებოს" რომ ვკითხულობთ, მეც ხმა მებზარება ხოლმე და ბევრ სტუდენტსაც ცრემლი ადგება თვალზე. იქნებ...


ოღონდ ნუ იქნება:

 

მთიულეთი - ნამთიულარი,

 

ხევსურეთი - ნახევსურალი,

 

ფხოვი - ნაფხოვარი,

 

ხევი - ნახევარი...

 

კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და

 

ნუ გახდება საქართველო

 

ნახევრის - ნახევარი.

 

და შენ, კუზიანო დედამიწავ,

 

რამდენიც გენებოს, იტრიალე!

 

გოდერძი ჩოხელი


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი