logo_geo
უკრაინაში სააკაშვილის მიმართ გამოძიება იწყება?!
- +

16 ნოემბერი. 2016. 20:08


„საქართველოს შემდეგ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა, უკრაინის პროკურატურამაც აღძრას", - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს. მათი ინფორმაციით, სააკაშვილს პოლიტიკური ოპონენტები საეჭვო ფინანსურ გარიგებებში ადანაშაულებენ.


„ამაზე მედია ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური ოპონენტები მას საეჭვო ფინანსურ გარიგებებში ადანაშაულებდნენ. გავიხსენოთ სააკაშვილის თანაშემწის სამუშაო კაბინეტსა და საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა, რომელსაც საკმაოდ დიდი სკანდალი მოჰყვა. უკრაინული მედია, გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით, იუწყებოდა, რომ ამოღებულია დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს, საუბარია დაახლოებით 20 მილიონ გრივნაზე.

 

გუბერნატორის თანაშემწის საქმით დაინტერესება ღიად გააპროტესტა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც უკრაინის პროკურატურის ქმედებებს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. მისი ოპონენტები კი ირწმუნებიან, რომ მთელი ამ მაქინაციების კვალი საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილთან მივა და სწორედ ამით აიხსნება მის მიერ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა", - წერს გამოცემა.



„პრაიმტაიმის" თქმით, უკრაინის ტრანსპორტის მინისტრი ევგენი ჩერვონენკო სააკაშვილს ღიად დაუპირისპირდა და ფონდის თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში დაადანაშაულა.

 

„ამ სკანდალის პირველი ნიშნები გადაცემა Шустер-LIVE-ში გამოჩნდა, სადაც ოდესის გუბერნატორს უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი ევგენი ჩერვონენკო ღიად დაუპირისპირდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩერვონენკო პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ახლო მეგობრად მიიჩნევა, ძნელი მისახვედრი არც მაშინ უნდა ყოფილიყო, ვინ იდგა ამ კამპანიისა და პროკურატურაში აღძრული სისხლის სამართლის საქმის უკან.

 

ევგენი ჩერვონენკომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ფონდის შექმნაში დაადანაშაულა, საიდანაც, მისი თქმით, თანხები არამიზნობრივად იხარჯება. როგორც ჩერვონენკომ გადაცემაში განაცხადა, მას ამის დამამტკიცებელი დოკუმენტებიც აქვს. სავარაუდოდ, ის სწორედ იმ დოკუმენტებზე საუბრობდა, რომელიც პროკურატურამ სააკაშვილის თანაშემწის თემურ ნიშნიანიძის სამუშაო კაბინეტიდან ამოიღო:

 

„გაქვს ფონდი, რომელიც ფულს აგროვებს. თითქოს არაფერია, ხომ? კარგია, მაგრამ მომიტანეს საბუთები, რომლის თანახმადაც, ამ ფონდის ხელმძღვანელმა ორი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან დღგ-ს სახით დაიბრუნა ფული, ოღონდ ის მეწარმე არ არის, დიპლომატია. არ ვიცი, ვინ არის ვინმე თეიმურაზ თეიმურაზის ძე", - მიმართა სააკაშვილს ჩერვონენკომ.

 

გამოცემის ინფორმაციით, თეიმურაზ თეიმურაზის ძე, რომელსაც ჩერვონენკო თავის განცხადებაში ახსენებს, არის სააკაშვილის თანაშემწე თეიმურაზ ნიშნიანიძე.

 

„უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის მიერ ნახსენები თეიმურაზ თეიმურაზის ძე სწორედ სააკაშვილის თანაშემწე თეიმურაზ ნიშნიანიძეა. გაირკვა, რომ ბიზნესმენების მიერ საქველმოქმედო ფონდში ჩარიცხული თანხა ომში დაჭრილთა რეაბილიტაციას, პროთეზების შეძენასა და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის ბინის შეძენას უნდა მოხმარებოდა. ფინანსების შეგროვება ოდესაში საქართველოს ყოფილმა კონსულმა, თეიმურაზ ნიშნიანიძემ დაიწყო, რომელიც, მოგვიანებით, ფონდის დირექტორადაც დაინიშნა. უკრაინის პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ, საბოლოოდ, ამ ფონდში აკუმულირებული მეომართა თანხები სულ სხვა მიმართულებით გადამისამართდა და „ფონდი მხოლოდ სააკაშვილისა და მისი გუნდის გართობას ემსახურებოდა". ამის შესახებ რადას დეპუტატი, პეტრე პოროშენკოს ბლოკის წევრი დმიტრი გოლუბოვიც საუბრობს.

 

„ბრალდებების ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი მაქვს, საბანკო ამონაწერებით და ამას თავად სააკაშვილიც არ უარყოფს", - აცხადებს გოლუბოვი.

 

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ოდესის გუბერნატორის არაერთი კორუფციული სქემა გამოაშკარავდება, რადგან უკრაინის პოლიტიკურ ელიტაში მის შესახებ უკვე ყველაფერი ცნობილია", - წერს გაზეთი „პრაიმტაიმი".




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი