logo_geo
არის თუ არა სკოლებში წყალი დაბინძურებული და რა ზომებს მიმართავს სურსათის ეროვნული სააგენტო?
- +

17 დეკემბერი. 2016. 14:03




129 შემოწმებული სკოლიდან 45-ში წყლის სინჯები „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის" მოთხოვნებს არ შეესაბამება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული შეუსაბამობა სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული. ექსპერტების თქმით, სასმელი წყლის შეუსაბამობა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაძლებელია, სხვადასხვა დაავადებების განვითარების მაპროვოცირებელი გახდეს.


გაზეთი „პრაიმტიამი" სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსს კახა სოხაძეს ესაუბრა. გაირკვა, რომ 45-ვე სკოლაში, სადაც სასმელი წყლის სინჯი არ შეესაბამებოდა კანონით გაწერილ რეგულაციებს, დაიგზავნა რეკომენდაციები და მითითებების შესრულების მონიტორინგი ამ დრომდე ხორციელდება.

 

„ეს დარღვევები არ წარმოადგენდა პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეულ დარღვევებს. ეს არის ინდიკატორული მაჩვენებლებით გამოწვეული დარღვევები, რომელიც მიანიშნებს სასოფლო-სამეურნეო წყალმომარაგების წერტილებში პრობლემებზე, შესაძლებელია, ქსელი იყოს დაზიანებული, ამორტიზირებული, მოძველებული. მაქსიმალური ალბათობით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. იმიტომ არსებობს შემდგომში შესაბამისი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა, რომ პრევენცია მოხდეს შესაძლო განვითარების. ობიექტურად რომ განვიხილოთ, ამ სკოლებში მოწამვლის შემთხვევებიც არ ყოფილა. ეს არის სანიტარული მაჩვენებლები და ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ იქ გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს", - განაცხადა კახა სოხაძემ.

 

მისივე თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტო მონიტორინგს ახორციელებს და ამბობს, რომ ტენდენცია სიტუაციის გამოსწორებისკენაა.

 

„მინდა განვაცხადო, რომ ყველა ასეთ დარღვევაზე შესაბამისი პასუხისმგებელი უწყების მიმართ რეკომენდაციაა გაცემული, ეს იქნება კომპანია, სკოლა თუ ადგილობრივი თვითმმართველობა. მონიტორინგს ვახორციელებთ და ტენდენცია გამოსწორებისკენაა. ეს დარღვევები გრანდიოზულ სამუშაოებს არ ითხოვს. რა თქმა უნდა, რეაგირება ძალიან სწრაფად მოხდა, რადგან საქმე ბავშვის ჯანმრთელობას ეხება", - განაცხადა კახა სოხაძემ. 


 

big_banner
არქივი