logo_geo
ვახო ხუზმიაშვილი: მაყურებელს კონკრეტული ადამიანების ყოფას ვაჩვენებთ
- +

17 ნოემბერი. 2016. 14:25


 

14 ნოემბრიდან, ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში, პირველი საინფორმაციო გამოშვება გადის ეთერში. მოგეხსენებათ, „იბერიას" 13 წელი არ ჰქონდა საინფორმაციო გამოშვება და ბოლო ერთი წლის მანძილზე, მხოლოდ კოლაჟის სახით გადიოდა. ამ თემაზე სწორედ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და პროდიუსერმა ვახო ხუზმიაშვილმა ისაუბრა.


„ტელეკომპანია „იბერიაზე" უკვე 13 წელია, რაც საინფორმაციო გამოშვება არ გადის. ბოლო ერთი წელი კი, მხოლოდ კოლაჟის სახით გადის, მაგრამ უკვე სტუდიიდან, წამყვანებით, პირდაპირი ჩართვებით და ა.შ. ახალი საინფორმაციო გამოშვების ფორმატს რაც შეეხება,  11, 14 და 17 საათიან გამოშვებებს ლევან ჩხაიძე წაიყვანს. უკვე საღამოს 19-საათიან შემაჯამებელ გამოშვებას კი - თამარ ურუშაძე. მაყურებელს ექნება ასევე შესაძლებლობა, ღამის 12 საათზეც გაიგოს ახალი ამბები და მას პაატა დათუნაშვილი წაუძღვება. ორშაბათს კი, საერთოდ არ გავა საინფორმაციო გამოშვება და სამშაბათს 19-საათიანი მთავარი გამოშვებით შევალთ ეთერში. რაც შეეხება შაბათ-კვირას, 11, 14 და 17 საათიან გამოშვებებს, გადაცემა „პრიორიტეტის" წამყვანი გიორგი გასვიანი გაუძღვება. 19-საათიან გამოშვებას კი - თამარ გედევანიშვილი", - აღნიშნა ხუზმიაშვილმა.

 

მისი თქმით, ეს საინფორმაციო გამოშვებები განსხვავებული ფორმატის იქნება. ყველაზე დიდი დრო კი სოციალურ საკითხებს დაეთმობა.


„ჩვენ ჩავალთ ნებისმიერ სოფელში და მაყურებელს კონკრეტული ადამიანების ყოფას ვაჩვენებთ. საინფორმაციო გამოშვებები არ იქნება აგებული მხოლოდ პარლამენტზე და კანცელარიაზე. ჩვენ გვინდა, უფრო სოციალური კუთხე ვაჩვენოთ. ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავალთ და ყველანაირად შევეცდებით, კარგი საინფორმაციო სამსახური შევქმნათ", - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.


 

right_banner big_banner
არქივი