logo_geo
იმპერატორის თასის მფლობელი ძეგველი ფალავანი, ანუ ლევან გორგაძის იაპონური ოდისეა
- +

26 თებერვალი. 2018. 14:29



ქართველი სპორტსმენების წარმატებები საერთაშორისო სარბიელზე უცხო ნამდვილად არ არის და წლიდან წლამდე არაერთი დიდი გამარჯვების მოწმენი გავმხდარვართ. ამ მხრივ განსაკუთრებით ჩვენი მოჭიდავეები გვანებივრებენ. მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონებიც მრავლად გვყავს, მაგრამ ძეგველი ფალავნის ლევან გორგაძის ბოლოდროინდელმა წარმატებებმა სულ სხვა ემოციები გამოიწვია.


ლევან გორგაძე პირველი ქართველია, ვინც იაპონელთა სათაყვანებელ სახეობაში იმპერატორის თასი მოიპოვა და უკვე ამით ისტორიაში შევიდა. სუმო საქართველოში ლევან ცაგურიას დამსახურებით გახდა პოპულარული. ის იყო პირველი ქართველი, ვინც ამ ტრადიციულ იაპონურ ჭიდაობაში პროფესიონალურ დონეზე ავიდა და საკმაოდ წარმატებულ სუმოტორად ითვლებოდა. მისი დაწყებული გზა განაგრძეს თეიმურაზ ჯუღელმა და ლევან გორგაძემ, სამივე მათგანი ატარებდა ჩემპიონის რანგით მესამე სეკივაკეს ტიტულს. სანამ ლევან გორგაძის დიდ წარმატებაზე მოგითხრობთ, მინდა დავაკმაყოფილო ბევრი ქართველის ინტერესი და შეძლებისდაგვარად მოკლედ მოგითხროთ სუმოს წარმოშობისა და განვითარების ისტორია.



იაპონელები თავის წარმოშობას სუმოს პირველ ორთაბრძოლას უკავშირებენ. კუნძულებზე ბატონობისთვის 2500 წლის წინ ერთმანეთს შეერკინენ ღმერთები ტაკემიკაძუტი და ტაკემინაკატა. სუმოს ამ ისტორიულ შეტაკებაში პირველმა გაიმარჯვა და ორთაბრძოლის ეს სახეობა შემდგომ საუკუნეებში საიმპერატორო კარის აუცილებელ რელიგიურ რიტუალადაც იქცა. თავად სიტყვა „სუმო" იაპონური ზმნის „სუმაფუს" (ძალების მოსინჯვა) სახეცვლილებაა. სუმოს, როგორც ორთაბრძოლის ჩამოყალიბების „ოქროს ხანად" XVII საუკუნე ითვლება, როცა შეიქმნა ერთიანი წესები და გამოიკვეთა ილეთები, რომელთა რაოდენობა დღეს 82-ია. სუმო იაპონური კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც საუკუნეების მანძილზე უფრთხილდებიან და დღესაც ტრადიციული, პირვანდელი სახით წარმოგვიდგენენ.


 

 

სუმოში, ჭიდაობის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, არ არის წონითი კატეგორიები. იაპონელთა აზრით, ეს მას უფრო თვალსასეიროს ხდის. ორთაბრძოლის დაწყებამდე მოჭიდავეები აუცილებელ რიტუალს ასრულებენ, რომელიც ჩვენთვის, უცხოელებისთვის, აბსოლუტურად გაუგებარია. შევეცდები აქაც შევიტანო მცირეოდენი სიცხადე: არენას, სადაც შერკინება იმართება, „დოჰიო" ჰქვია. თავდაპირველად მოპაექრეები ხელისგულებს იფშვნეტენ, ატყუპებენ და შემდეგ ხელებს განზე შლიან. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ხელიდან ყოველდღიურ მტვერს იცილებენ და სუფთა ხელებით იბრძოლებენ. შემდეგ ჩაიმუხლებენ და ერთმანეთს თვალებში უყურებენ (ამ პოზას „სონკეს" უწოდებენ). ამას მოწინააღმდეგეზე მორალური ზემოქმედებისთვის იყენებენ, თუმცა დღეს უკვე უფრო ტრადიციისადმი ერთგულების ნიმუშია. მსგავსი „ფსიქოლოგიური დაპირისპირება" რამდენჯერმე მეორდება და გრძელდება რამდენიმე წუთს, ჩვეულებრივ, უფრო დიდხანს, ვიდრე თავად ორთაბრძოლა.


 

ამავე დროს, ყოველი გამოსვლისას დოჰიოზე აბნევენ მარილს - ბოროტი სულების გასადევნად. მხოლოდ ამ ცერემონიის შესრულების შემდეგ იწყება შერკინება, რომლის დასრულების მერე სუმოტორები ისევ სონკეს პოზას იღებენ საბოლოო შედეგის გამოცხადების მოლოდინში და მხოლოდ ამის მერე ტოვებენ დოჰიოს. ტურნირები იმართება წელიწადში 6-ჯერ, სამჯერ ტოკიოში, თითოჯერ ოსაკაში, ნაგოიაში და ფუკუოკაში. სუმოს მოჭიდავეები იყოფიან კატეგორიებად. უმაღლეს მაკუუჩი კატეგორიაში 40 სუმოტორია, რომლებიც სხვადასხვა სკოლებს წარმოადგენენ და იყოფიან იერარქიებად, რიგითი „მაეგაშირადან" ჩემპიონთა სამ კატეგორიამდე - „კუმუსუბი", „სეკივაკე" და „იოკოძუნა", ანუ „დიდი ჩემპიონი". ეს უკანასკნელი უმაღლესი წოდებაა და სხვათაგან განსხვავებით, სამუდამოა. ბოლო 300 წლის მანძილზე ეს წოდება მხოლოდ 70 სუმოტორს მიენიჭა.


 



ახლა, რაც შეეხება ლევან გორგაძის წარმატებას, იანვრის პირველ ტურნირზე, ანუ „ბაშოზე" მან მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა დათმო და ვადაზე ადრე დაისაკუთრა იმპერატორის თასი. ამისთვის მას უახლოეს ხანში „სეკივაკეს" რანგს მიანიჭებენ, რომელსაც ადრეც ფლობდა, მაგრამ შარშან მიღებული ტრავმის გამო რამდენიმე ტურნირი გაუცდა და ამიტომ ჩამოართვეს. ლევანის ამ ისტორიული გამარჯვების შემდეგ გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც განაცხადა, ტურნირში იოკოძუნა ჰაკუჰო არ მონაწილეობდა და იმიტომ მოიგოო. მაგრამ რამდენიმე დღის წინ ტოკიოში ერთდღიანი საჩვენებელი კომერციული ტურნირი გაიმართა, სადაც ლევანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უმაღლესი კლასი და დაუმარცხებლად იმარჯვა, თანაც, ბევრ ძლიერ მოწინააღმდეგესთან ერთად, ხსენებული დიდი ჩემპიონი, იმპერატორის თასის 40-გზის მფლობელი ჰაკუჰოც გაიყვანა დოჰიოდან (ანუ მოუგო).


სპეციალისტთა აზრით, ლევან გორგაძე ახლა საუკეთესო სპორტულ ფორმაშია და თუ მომდევნო ბაშოებზეც იყოჩაღებს, იმედია, კიდევ უფრო დიდ ისტორიას დაწერს და დიდი ჩემპიონის „იოკოძუნას" წოდებასაც მოიპოვებს.







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი