logo_geo
ნაირა გელაშვილი: ბრწყინვალება და სიღატაკე „არასამთავრობო სექტორისა“
- +

17 ნოემბერი. 2016. 16:23




მართალია, ქვემოთ განხილულ ფაქტს უკვე მრავალი გამოეხმაურა კრიტიკულად, მაინც საჭიროდ ჩავთვალე ამ წერილის დაწერა  მნიშვნელოვანი მიზეზის გამო.


ჯერ უკვე კარგად ცნობილი ფაქტი: ე.წ. არასამთავრობო სექტორის 45 წარმომადგენელმა, რომელთა შორის არიან გარემოსა და ქალაქის დამცველები, პოეტები, მწერლები, მხატვრები და სხვები, - მოუწოდა „ევრო-ატლანტიკური ორიენტაციის" პარტიებს, მათ შორის, ნეოფაშისტურად მიჩნეულ „ნაციონალურ მოძრაობას" (მდაბიურად „ნაცებს"), რათა მათ მოუწოდონ თავ-თავიანთ ამომრჩევლებს, არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცენ „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარ კანდიდატებს(!), რათა „ქართულმა ოცნებამ" ვერ მოიპოვოს „კონსტიტუციური უმრავლესობა".


მართალია, ტექსტი არ ასახელებს, რომ მიზანი სწორედ „ნაცების" მხარდაჭერაა, მაგრამ რადგან „ქართული ოცნების" მოწინაღმდეგენი მეორე ტურში ძირითადად სწორედ ისინი არიან, ხელმომწერთა სულისკვეთება აშკარა ხდება. მით უმეტეს, რომ ერთ-ერთმა ხელმომწერმა: ცნობილმა სამოქალაქო აქტივისტმა ნინია კაკაბაძემ ჩვეული უდრეკობით მოუწოდა მოქალაქეებს ტელეეკრანიდან: „ამ შემთხვევაში" ნაციონალი კანდიდატებისათვის მიეცათ ხმა. და, რაღა თქმა უნდა, რომ „სამოქალაქო" კამპანია უსწრაფესად აიტაცა „რუსთავი 2" -მა და ძირითად ნაკადად აქცია!  ჩანს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი არ იყო.


მაშასადამე: ქვეყნის ლიბერალურ-დემოკრატიული გეზის გადასარჩენად აღძრული პირები, რომლებიც მანამდე ბაღების, სკვერებისა და კულტურის ძეგლების, ასევე,  ნაციონალური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებათა დაცვით, ან თავიანთი შემოქმედებით იყვნენ დაკავებულნი, - ითხოვენ საქართველოში ცხრა წლის მანძილზე გაბატონებული და ძლივს დაძლეული ფაშისტური ავტოკრატიის აღორძინებას, რათა, როგორც უკვე ვთქვით, მისმა მძლეველმა „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობით ავტოკრატიული მმართველობა არ დაამყაროს(!).


საზოგადოებას მაშინვე ის მოხვდა თვალში, რომ ასეთი თამამი ოპერატიულობა ხელმომწერთა აბსოლუტურ უმრავლესობას „ნაციონალურ ავტოკრატიის" ჟამს არ გამოუვლენია.


მაგრამ, ახლა სხვა რამეზე შევჩერდეთ:  სახეზეა ცნობილი მენტალური ნაკლი: სავარაუდო დანაშაული ამ ადამიანებისთვის უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე  ჩადენილი;  შესაძლებელი უფრო რეალურია, ვიდრე რეალობა, ანუ, ის, რაც ნამდვილად არსებობდა 2004-2012 წლებში;


ხელისუფლებას ვერავინ დაუდგება გარანტად. „საკონსტიტუციო უმრავლესობა" კი არა, მშვიდ ცხოვრებაშიც  ყველაფერი სარისკოა: სიცოცხლეც, სიყვარულიც და ბავშვის გაჩენაც... რომ აღარაფერი ვთქვათ ტექნიკურ ცივილიზაციაზე თავისი თვითმფრინავებითა და მანქანებით... და აი, დემოკრატია ხომ საერთოდ საშინელი რისკია, რადგან სულ კანონიერი გზით შეუძლია ტახტზე დაგვისვას დიდ-პატარა ჰიტლერები. მერე რა ვქნათ, რა გავაუქმოთ: სიცოცხლე, თვითმფრინავები თუ დემოკრატია? (კარგად თქვა ცნობილმა იურისტმა ბ-ნ მინდია უგრეხელიძემ: საკონსტიტუციო უმრავლესობა დანაშაული რომ იყოს, აკრძალული იქნებოდაო).


მოკლედ, საქმე არანაირად არ არის საკონსტიტუციო უმრავლესობაში, რომელიც, როგორც ვთქვი,  თავისთავად მართლაც სახიფათოა, იმისდა მიხედვით, ვის ხელში მოხვდება, თუმცა ჩვეულებრივ უმრავლესობასაც მშვენივრად შეუძლია  მთელი ქვეყანა  თავზე დაგვამხოს (თუ ჩვენ, ხალხი და ე.წ.  სამოქალაქო საზოგადოება არ აღვუდექით წინ, რისთვისაც საჭიროა, რომ ეს „ხალხი" და  „საზოგადოება" არსებობდნენ).


აქ მთავარი არც „ქართული ოცნებაა", არც პარლამენტი, არც საერთოდ პოლიტიკა და არც რაიმე პოლიტიკური კურსი.

 

მთავარია საქართველოს დაცემა და ტრაგედია: ახლად წარმოქმნილი დემოკრატიის წიაღში ჩასახული და  დაბადებული ეროვნული ფაშიზმი. ჩვენი ნაციონალ-კაპიტალიზმი, კერძოდ, ის, რომ საქართველოში 2004 წლიდან 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლება ახორციელებდა განსაკუთრებული სისასტიკით აღბეჭდილ სადამსჯელო ოპერაციას საკუთარი ხალხის მიმართ.


მთავარია ის, რაც არასოდეს მომხდარა საქართველოს ისტორიაში და რაც, „ნაცური" მმართველობის ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართველი ხალხის გენოციდის მცდელობა (ადამიანთა მასობრივი დაპატიმრება, გაძარცვა, წამება, დასახიჩრება, დამცირება და დახოცვა; ქართული სოფლის მეურნეობის გეგმაზომიერი განადგურება; მცირემიწიანი ქვეყნის ვრცელი სავარგულებისა და საძოვრების უცხოელებზე მიყიდვა; ამით ადგილობრივი მოსახლეობის აყრა-გადახვეწისა და  სოფლების დაცარიელებისათვის ხელის შეწყობა; მთლიანობაში: ქართული მოსახლეობის უცხოთი ჩანაცვლების აშკარა გეგმა; ბოლოს: პროვოკაციული ომის შედეგად უამრავი ადამიანური მსხვერპლი, გადამწვარი სოფლები და დაკარგული მიწა-წყალი; ომგდატანილი მოსახლეობის მიგდება ბედის ანაბარა და სხვ.).


მთავარი და თავზარდამცემია ჩვენში არსებული სისასტიკის  მასშტაბები! ის, რომ ამ ოპერაციაში ათასობით  ჯალათი იყო ჩართული, რომლებიც ახლა მშვიდად აგრძელებენ ჩვენს გვერდით ცხოვრებას და მუშაობას და თავი ადამიანებად მოაქვთ. ისინი ელოდებიან, კიდევ როდის მოითხოვს მათ „უნარ-ჩვევებს" „დემოკრატიული" სახელმწიფო და იმედი ეღვიძებათ მსგავსი „სამოქალაქო" მოწოდებების შემხედვარეებს.


მთავარია ის, რომ საქართველოში ამდენი მომხრე აღმოაჩნდა მეთოდურ  ძალადობას; რომ გამართლდა ჩვენი დიდი მოაზროვნის მერაბ მამარდაშვილის სიტყვები, 1990 წელს რომ წარმოთქვა: „ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით ცოცხლობენ ის ძალები, რომლებმაც 37 წელი განახორციელესო"! და „ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული ეს ლოკალური, ქართული 37 წელი სისასტიკის ისეთი სამარცხვინო, ისეთი კოშმარული დეტალებით იყო დახუნძლული, რომ (ერთხელაც ვთქვი) მგრძნობიარე ქართველები სერიოზულად სვამდნენ კითხვას: რაღა ამართლებს ჩვენი ერის არსებობასო.


მთავარია ის, რომ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ" ვერ აღასრულა ის მთავარი, რასაც ხალხს დაჰპირდა: მართლმსაჯულება, და  დამნაშავეთა ბანდა პარლამენტში დარჩა:


და  ახლა მგლოვიარე  დედები და მამები ფულს იხდიან  თავიანთი შვილების მკვლელების შესანახად! მსხვერპლები თავიანთი ხელფასიდან იხდიან  თავიანთი ჯალათების სარჩენად, მათი პრივილეგირებული ცხოვრებისათვის, შავი ჯიპებით გრიალისათვის, უცხოეთში სეირნობისა და ფეხით გაქელილთა  დაცინვისათვის! მათი უტიფრობისა და ურცხვობის ნაკადებისათვის, პარლამენტის დარბაზიდან და  ტელეეკრანებიდან რო მოინთხევა! მე მგონი, ეს არასოდეს არცერთ ქვეყანას არ დამრთნია!


მთავრია ის, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე: დამნაშავე ნაციონალები პარლამენტში ეს არის კოლექტიური კანცეროგენი -კიბოს წარმომქნელი ნივთიერება! იმ მოქალაქეთა ნერვული სისტემის გამანადგურებელი რამ,  რომლებიც  დაჯილდოებულნი არიან სხვისი ტანჯვის გაზიარებისა და უსამართლობასთან  შეუგუებლობის ღვთაებრივი ნიჭით. დიახ, ასეთ ადამიანებს აავადებს და კლავს ბოროტმოქმედთა უტიფრობა.


არ იყო ძნელი გამოსაცნობი, რომ „ქართულმა ოცნებამ", თავისდა უნებურად, საბედისწერო გზა აირჩია: გზა არსაით, როცა „კოჰაბიტაციის" ჭაობში ჩაეშვა და ხალხიც ჩაიყოლა. სულიერი კანონის წინააღმდეგ მიმართულ ჭაობში, რომლის ოხშივარიც იწოვს და აქრობს დამნაშავეებისაგან გამიჯვნის მოთხოვნილებასა და აუცილებლობას. და შეერწყნენ „ანტინაცები" და „ნაცები" ერთმანეთს არა მხოლოდ პარლამენტსა და ბიზნესში, არამედ საზოგადოებრივი შენობის სხვადასხვა სართულებზე, ოფისებში, სარდაფებში; „რუსთავი 2" ის ყვითელ შოუებში, რომლებშიც სიამოვნებით მონაწილეობდნენ და მონაწილეობენ ვითომ  „ანტინაცი" მომღერლები, მსახიობები და სხვა მოღვაწეები. და „ანტინაცურ" ტელეეკრანებზეც, სადაც „მაღალ-ლიბერალური, ზეთანამედროვე  სტილის" ნიშნად „ნაცებს" იწვევდნენ და იწვევენ „განსხვავებული აზრის გამოსათქმელად" (აქაოდა, რაკი „კოჰაბიტაცია" დასავლეთიდან მობერილი ქარია, ესე იგი, კარგია, და ემანდ, არადასავლურობა, ანუ ჩამორჩენილობა არავინ დაგვწამოსო), რითაც ზნეობრივ ატროფიასა და სიჩლუნგეს ამკვიდრებდნენ და ამკვიდრებენ! თითქოს განსხვავებული აზრების დეფიციტი იყოს საზოგადოების იმ ნაწილში, „ნაციონალურ მოძრაობას"  რომ უპირისპირდება! მერე „ნაცურ-ანტინაცური" წყვილის შეუღლებაც სრულიად უმტკივნეულოდ აღსრულდა.


ადრეც ვწერდი: ზნეობრივი თვალსაზრისით, „კოჰაბიტაციის" ხანა  ბევრად უარესია-მეთქი, ვიდრე ხანა სახელმწიფო ბოროტმოქმედებისა, რომელსაც ხალხის უდიდესი ნაწილი პრინციპულად ემიჯნებოდა.


მიუხედავად საშინელი დამარცხებისა მის მიერვე  გაჩაღებულ ომში,  გერმანიაში დიდ ხანს  ვერ აღმოიფხვრებოდა ფაშისტური ცნობიერება, „კოჰაბიტაცია" რომ გამოეცხადებინათ, დიდი სამსჯავრო „ნიურნბერგის პროცესი" რომ არ გაემართათ, ბოროტმოქმედები არ დაესაჯათ და ნაციონალ-სოციალიზმი არ აეკრძალათ!


ჩვენ კი „კოჰაბიტაციამ" პერმანენტულ სამოქალაქო ომში გადაგვისროლა. უიარაღო, მაგრამ ულმობელ სამოქალაქო ომში, რადგან არსებობს შეურიგებელი ანტიფაშისტური ნაწილიც ხალხისა, დიდი ნაწილი, დღემდე უანგაროდ (თუ არცთუ უანგაროდ)  მებრძოლი „ნაცმოძის" წინაღმდეგ, რომელიც მას არასოდეს შეურიგდება, ვიდრე ისინი სასჯელს არ მოიხდიან. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, საბჭოთა საზოგადოება მუდმივ სამოქალაქო ომში მცხოვრები საზოგადოება იყოო. ცხადია, რატომაც: იდეოლოგიურად დანერგილი კლასობრივი დაპირისპირების გამო, ხშირად სისხლის გუბეებს რომ აყენებდა.


და „კოჰაბიტაციის" უწესო და არაბუნებრივ სივრცეშიც ხან სად იფეთქებს ფიზიკური შეხლა-შემოხლა და  ხან სად: ხან კაფეში და ხან სოფელში, ხან არჩევნებზე და ხან პარლამენტში, ხან სახელმწიფო უნივერსიტეტში („ოცნების" მიერ მზრუნველად შენარჩუნებულ ნეოკომკავშირულ სტუდენტურ თვითმმართველობასა და დემოკრატ, მოწინავე სტუდენტებს შორის) და ხან ქუჩაში. დიახ, ჩვენ შიდა ომი მოგვისაჯა კოჰაბიტაციამ, მაგრამ ეს ომი ჯერ კიდევ ჩვენს სიცოცხლეზე მეტყველებს, მაშინ როდესაც უდანაშაულოდ წამებულთა გვამებზე გადაბიჯება და ბოროტმოქმედებთან შერიგება ჩვენც გვამებად გვაქცევს.


და სწორედ  ეს  არის ჩვენი უბედურება: არ შეიძლება ადამიანთა შემუსვრაში მონაწილეთა  ყოფნა ხელისუფლებაში! არ შეიძლება! და იმათ გარდა, ვისაც უშუალოდ  ედებათ ბრალი ადამიანთა დახოცვასა და წამებაში, ხომ  ისიც  დამნაშავეა, ვინც ხელს აფარებდა და ჩუმად ეთანხმებოდა დამნაშავეებს. ეს ხომ აქსიომაა. ეს ხომ თვით სისხლის სამართლის კოდექსშიც არის ასახული: დანაშაულის დაფარვა, დამნაშავის თანამზრახველობა ხომ დასჯადია! ან ეგებ მართლა ჰგონია ვინმეს, რომ მხოლოდ სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი სჩადიოდნენ ამას, დანარჩენმა ქალებმა და კაცებმა კი არაფერი იცოდნენ, ახლაც რომ ამტკიცებენ თავიანთ აგზნებულ მომხრეებთან ერთად, ციხის კადრები დადგმულია, მიტინგების დარბევები კი გამართლებული იყოო!


და ხალხი ევედრებოდა „ქართულ ოცნებას", 4 წლის შემდეგ მაინც მოეშორებინა ეს კოლექტიური საწამლავი პარლამენტიდან, ჩვენი თვალებიდან, ჩვენი ყურებიდან. მაგრამ 4 წლის შემდეგ სწორედ „კოჰაბიტაციისა" და ამომრჩეველთა დეპრესიის წყალობით ეს კიდევ უფრო ძნელი მისაღწევი აღმოჩნდა! ხალხს, რომელსაც პარლამენტი და ტელევიზიები უწყვეტ  ტრავმად ექცა, და კიდევ სხვა მიზეზთა გამო, გული გაუტყდა. გატეხილი გული, კი  უმეტესად ახლოს აღარ იკარებს პრაქტიკულ გონებას. არჩევნებზე არმისვლით მათ ხელი შეუწყვეს „ნაციონალების" საპარლამენტო სიცოცხლის ამჯერად უკვე გაურკვევლი ვადით გახანგრძლივებას.


და  ისევ დახავსდებიან  რა დანაშაულებში აღარგახვეული „ხალხის რჩეულნი" საპატიო სკამებზე, სადაც ზოგი მათგანი ლამის უკვე 30 წელია ხავსდება (რადგანაც ძარღვი შუბლზე თანდათან და სულ უფრო მეტი ხმაურით უწყდებოდათ). და გაჩნდება სრული უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს  შორის, და სრულიად აუტანელი, ყველანაირი სულიერი იდეისა და ნდობისაგან, სიხარულის, იმედისა და ენთუზიაზმისაგან დაიცლება ამ თვალსაზრისითაც ისედაც გამოფიტული ცხოვრება, სადაც პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები თავიანთი სტერილური  „პოლიტკორექტულობითა" და არაშემოქმედებითობით სულ უფრო მეტად ემსგავსებიან ერთნაირად მომართულ მექანიკურ არსებებს.


არ შეიძლება „ნაცები" პარლამენტში! ასეთ პარლამენტთან ერთად ხალხი ვერ იცხოვრებს! არ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა აზრითაც: თვით ლიბერალური ათეიზმით წელგამაგრებულებმაც არ შეიძლება მთლიანად უარყონ  დანაშაულისა და ბედისწერის ერთმანეთზე გადაჯაჭვულობა! ვიდრე სისხლის სამართლისა და ზნეობრივი სამართლის  დამნაშავეები  პარლამენტში ისხდებიან და მათი ტრიბუნა „რუსთავი 2" ასე გააგრძელებს მუშაობას,  ქვეყანა სიკეთეს არ უნდა  ელოდოს. ვაითუ, ქალაქ თებესავით ახალმა უბედურებამ მოიცვას,  იმიტომ რომ ტახტის ნახევარზე ბოროტმოქმედები სხედან, მით უფრო, რომ მეფე ოიდიპოსისაგან განსხვავებით, ესენი უნებური კი არა, შეგნებული დამნაშავეები არიან (ამიტომ ვერ ვეღირსეთ - თვითდასჯა რა მოსატანია,- რომ ერთ მათგანს მაინც ეთქვა: „არ ვიცოდი, ციხეებში რაც ხდებოდა, მაპატიეთ, სამუდამოდ მივდივარ პოლიტიკიდანო").


და ახლა იმ ფენომენს უნდა შევეხო,  რომელიც პირველად გერმანული ფაშიზმის დროს გაიცნო მსოფლომ და ლამის ჭკუიდან გადადგა: ეს ფენომენია კულტურული, კეთილი, განათლებული ან სულაც გენიალური ადამიანი, რომელიც ბრბოს წევრი ხდება! რადგან ბრბოსავით ინუსხება ნახევრადშეშლილი „წინამძღოლითა" და მისი აგრესიული მანქანით.


სხვა ყველაფერში ადამიანური და აზრიანი, - იგი აუხსნელად ექვემდებარება ამ აბსოლუტური ძალაუფლების მქონე, უმოწყალო ტირანს. ბევრი  - ღიად, ბევრი - დაფარულად.  1933 წელს, როდესაც  გერმანელი ხალხის უდიდესი უმრავლესობა ამ უცნობმა დაავადებამ შეიპყრო, გაოგნებულმა ალფრედ აინშტაინმა წერილი მისწერა ზიგმუნდ ფროიდს, გამაგებინე, რა ხდება, რასთან გვაქვს საქმეო. და მან უპასუხა: როცა თავისთავად კეთილი და წესიერი, უამრავ სხვა საკითხში სწორად მხედი და მგრძნობელი  ადამიანი სახელმწიფოებრივი ძალადობის პასიური ან აქტიური მხარდამჭერი ხდება, რაც მტანჯველად გაუგებარია მისი ახლობელი ადამიანებისათვის, ეს იმიტომ, რომ ამ მოვლენას ფესვი გადგმული აქვს ირაციონალურში, მაშასადამე, რაციონალურად ვერ აიხსნებაო. გასაგებია, რომ მხედველობაში ჰქონდა ქვეცნობიერში ჩაწნეხილი ტრავმები.


მოკლედ, ძალადობრივ სისტემას და ეგზალტირებულ, უმოწყალო  წინამძღოლს ან შეგნებულად ემხრობიან ყველაფერში სარგებლობის მაძიებელი კონფორმისტები და საქმოსნები, ანუ: არამზადები, ან შეუგნებლად - თავიანთი ტრავმირებული ფსიქიკით მართული ადამიანები, რომლებსაც ასევე გაუცნობიერებლად მოსწონთ, რომ ხელისუფლება სჯის ხალხს, რომელმაც მათ ტრავმები მიაყენა და რომლის დასჯა თავად არ შეუძლიათ. მესამე ჯგუფს კი ის ხალხი ეკუთვნის, რომელიც  გულში არა, მაგრამ ხმამაღლა უჭერს მხარს, რადგან ეშინია; არსებობს კიდევ უაღრესად პრიმიტიული ადამიანის თითქმის განუვითარებელი შეგნება.


ყოველ შემთხვევაში, ჩვენს წინაშე ეს უმწვავესი პრობლემა დგას და კიდევ დიდხანს მოგვიწევს მასზე თავის მტვრევა.


და „ნაცების" პასიურ-აქტიური მხარდამჭერები, ალბათ სრულიად უბოროტო ხალხი, მაგალითად, აქეთ მწერალი და იქით თეოლოგი, ტკბილად საუბრობდნენ ტელეეკრანიდან ოპერაზე და ოპერის ჰანგებით ახშობდნენ შვილებდახოცილი  დედების კივილსა თუ ღრიალს, ციხეებიდან ცამდე რომ ადიოდა... ქალბატონი სამოქალაქო აქტივისტი, ნაციონალურ რეჟიმს რომ ებრძოდა, მაგალითად: თამამად რომ ამხელდა ტელეეკრანიდან კრიმინალური წარსულის მქონე კულტურის მინისტრს და მას „ქილერს" უწოდებდა, მას შემდეგ, რაც ნაციონალთა რძალი გახდა, „ამ შემთხვევაში" მათი მხარდაჭერისაკენ მოუწოდებს ამომრჩევლებს და ამას სახელმწიფოს ბედ-იღბალზე ზრუნვით ხსნის (სიყვარული კი არის ბრმა, მაგრამ თემიდა ხომ თვალახვეული უნდა იყოს). იქით ახალგაზრდების საყვარელი, ცნობილი მწრალი დასდევს ამ ყოფილ ქილერ-მინისტრს და სოლოლაკს მოუწოდებს, ხმა მისცეს მას, და არა მაღალი რანგის პროფესიონალ დიპლომატს, როცა ნებისმიერი სახის დარგობრივი პროფესიონალიზმი (გარდა კრიმინალურისა) ასე წყალივით სჭირდება ქვეყანას...


ასეა გაყოფილი და დაპირისპირებული საზოგადოება და ასევე,  „არასამთავრობო სექტორიც", რომელსაც უცხოეთი თითქოს იმიტომ უხდის ფულს, რომ თუ აქ დემოკრატიული შენობის საძირკველში არ ჩაეშენება, კედლების ამოყვანაზე მაინც უნდა გაისარჯოს ერთგულად. მაგრამ, სწორედ „არასამთავრობო სექტორის" მნიშვნელოვანი ნაწილი, პირველ რიგში, „თავისუფლების ინსტიტუტი" იქცა სახელმწიფო დამნაშავეთა თუ  ელასტიურ, სალონურ პოლიტიკოსთა სამჭედლოდ, თუმცა, თავიდან სულაც არ დაუწყია ასე, პირიქით, და მეც პირადად მათი დამცველი ვიყავი ყველგან, სადაც კი უსამართლოდ ესხმოდნენ თავს. თუმცა, მერე თანდათან აშკარა გახდა, რომ „არასამთავროების" დიდი ნაწილისა არ იყოს, ფრიად მახვილი ყურები ანტენებივით მხოლოდ დონორებისაკენ მიუტრიალდათ და არა ხალხისა და ქვეყნის ტანჯვისაკენ; რომ თანდათან ისე „ამაღლდნენ" ხალხზე, რომ საერთოდ მისი სულის, მისი „ეროვნული ვინაობის" (ი. ჭავჭავაძე), მისი ისტორიისა და  ინტერესების დაცინვა და გაქრობა მოინდომეს; დაკარგეს ელემენტარული შეგრძნება მისი ვარამისა და უილაჯობისა, ელემენტარული სითბო და თანაგრძნობა მისდამი; დაკარგეს, ან არც ჰქონიათ  სურვილი, გაეგოთ, მაინც რა იწვევს ხალხის შეგნების დაქვეითებასა თუ შიშებს, მას რომ მოსვენებას არ აძლევს; გაუთავებელი დაცინვა საკუთარი ხალხისა და ქვეყნისა იქცა უცხოელთა წინაშე თვითდამკვიდრების მთავარ ფორმად. და ხალხმაც შეიძულა ისინი.


გააფთრებული იცავენ ადამიანის უფლებებს და ადამიანი ეჯავრებათ; მოარღვიეს საუკენეთა მანძილზე წვეთ-წვეთობით ნაგები უფროს-უმცროსობის ინსტიტუტი და  ზრდილობის კოდექსი (დიდებული კვინტესენციით: „ათასად კაცი დაფასდა, ათი ათასად ზრდილობა..."), არ გააჩნიათ თუნდაც ასაკის, მოხუცებულობის მიმართ ელემენტარული თავშეკავება, ნაკლის გვერდით ღვაწლის დანახვის უნარი: აი, ეს, შინაგანი დახვეწილობისა და ფაქიზი ადამიანობის  ნიშანი.


როცა უნდათ, იგინებიან და ბილწსიტყვაობენ ტელეეკრანიდან მთელი ქვეყნის გასაგონად (რომელსაც ისედაც ბილწსიტყვაობის საზიზღარი სენი ჭამს),  და ისე, რომ ქალაქის მერის „მაიმუნოვირიშვილო", ლოცვის სიტყვებად ჩანს პარკის დამცველი ქალბატონის იმ მარგალიტთან შედარებით, რისი ციტირებაც შეუძლებელია, და რომელსაც, მრავალგზის ჩვენს მიერ ქოქოლადაყრილ მერისაგან განსხვავებით,  თავშიც არ მოსვლია, ბოდიში მოეხადა საზოგადოების წინაშე, რადგანაც ეს წამოცდენა არ ყოფილა. და სხვათა შორის,  ნამდვილად ენერგიულმა გარემოსდამცველმა ამ „მარგალიტით" ისეთი ლახვარი ჩასცა ამ ყოვლად საჭირო  მოძრაობას, რომ ათი დ. ნარმანია და ბუნების შემმუსვრელთა მთელი ნაკრები ვერ იზამდა ამას.


ებრძვიან ვითომც უღირს სასულიერო წოდებას და ეკლესიას, მხილება ყველანაირი, საზოგადოებრივად საშიში ნაკლისა აუცილებელია, მაგრამ გარდა იმისა, რომ საამისოდ საჭირო ელემენტარული განათლება არ გააჩნიათ,  სინამდვილეში ღმერთს ებრძვიან, და ეს სულ სხვა ბრძოლაა, შედეგი რომ არ მოაქვს, რადგან  შენიღბულია და არსებითად არასწორი. პირდაპირობის სითამამე უნდა გქონდეს ბორის ძნელაძესავით.


დიახ, ამ სრულიად ეკლექტური  „სექტორის" წარმოქმნამ მალევე გამოიწვია რაღაც უკვე ნაცნობის განცდა, რასაც ჯერ ვერ ვაცნობიერებდით და მერე უცებ მივხვდით: „იმავეს მარადიული დაბრუნების" პირველი წრე - ახალი კომკავშირი რომ დაიბადა თვალწინ, რომელიც მხოლოდ შემოსავლის წყაროს და პრივილეგირებულ საზოგადოებრივ  ადგილ-სამყოფელს  ეძებდა, მხოლოდ  სახელმწიფოს ხედავდა და  არა სამშობლოს. ახალი კომკავშირი -  ამჟამად  ლიბერალური იდეოლოგიით; ქვეყნის ცოცხალ სინამდვილეს მოწყვეტილი, ახლად ნასწავლი თეორიული სტანდარტებით; აბსტრაქტული რიტორიკითა და   უცხო ტერმინებით გადატვირთული, გულისშემაღონებლად სტერილური, სქემატური, უმწეო ენით. „სექტორი", ხან რაღაც სასიკეთოს, რომ აკეთებს, ხან რაღაც საზიანოს, იმისდა მიხედვით რისთვის გასცემს დონორი გრანტს,  მაგრამ ყველა შემთხვევაში არბიტრად რჩება. თუმცა, აი, სახეებს გამომეტყველება უქრებათ და თვალებს გამოხედვა, და ინდივიდუალობაც, თუ ის არსებობდა,  დნება...


დიდ  პოეტს ა. ბლოკს ეკუთვნის გამოთქმა „ლიბერალური ჟანდარმერია". გამოიკვეთა ახალი, ჩვენთვის აქამდე უცნობი „ლიბერალურ-დემოკრატიული ფუნდამენტალიზმი", ტოტალიტარული სექტის ნიშნებით.  შეუწყნარებლობა, ცინიზმი, ყველას დაცინვა, ყველას მოხსენიება „გოიმებად" და „ბნელებად", ვინც მათ არ ეკუთვნით, ფსიქოლოგიურ ტერორში მოქცევა ნაკლებად ნაკითხი, „დისპუტებში" ნაკლებად გაწაფული, ან თავისთავში დაურწმუნებელი ადამიანებისა, ახალგაზრდებისა.


ესენი გრანტებსა და პროექტებში არ გააჭაჭანებენ იმას, ვინც მათიანი არ არის, მაგალითად, ვინც ხმამაღლა აღიარებს, რომ ქრისტიანია.


და „ნაციონალების" მიმართ ან ძალიან ლოიალური, ან ღიად  თუ შენიღბულად მათი გულწრფელი მხარდამჭერი იყო აი, ეს „სექტორი"  თავისი ტელე-რადიო-ინტერნეტ-გურუებით, ნიშნებს რომ უწერენ თავიანთ მრევლს განსაკუთრებული სიმამაცისათვის „ბნელების" წინააღმდეგ ბრძოლაში; თავისი მრავალნაირი განშტოებებით: დაწყებული „ილიაუნიდან", „ნაციონალების" მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლების, ახალგაზრდული ტრენინგ-ცენტრების, ბანაკებისა თუ სტუდენტური თვითმმართველობების ჩათვლით.


„არასამთავრობოთა" ამ და ასეთმა ნაწილმა სახელი გაუტეხა იმ შედარებით მცირე ნაწილსაც, რომელიც ადამიანებისა და ქვეყნისათვის სასიკეთო საქმიანობას ახორციელებს და თავდაუზოგავადაც. რომელშიც დაგროვდა  სოლიდური და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამოქალაქო, პოლიტიკური, იურისპრუდენციული, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი განათლება; საზოგადოებრივი მგრძნობელობა და მოქალაქეობრივი აქტივობის მუხტი. ნაწილი, რომელიც არის ყველაზე მოტივირებული  მატარებელი ე.წ. ევროპული ღირებულებებისა და, ამავე დროს, ახალი ცოდნით შეიარაღებული გულშემატკივარი თავის ქვეყნისა; ნაწილი, რომელიც მრავალ გაჭირვებულს უდგება გვერდით ქალაქად თუ სოფლად, გამოსცემს და უფასოდ არიგებს ძალიან მნიშვნელოვან წიგნებს, პრაქტიკულად ეხმარება სოფლის მოსახლეობას, ბავშვებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს, იცავს ბუნებას, სოფლებს, კულტურას, ადამიანობას...


ამიტომ არის უგუნურობა, ერთ ტაფაში მოხრაკო მთელი „არასამთავრობო სექტორი" და მოითხოვო მისი გაუქმება, როგორც ფრიად როყიოდ ბრძანებს ზოგი ე.წ. პოლიტიკოსი თუ რიგითი „მამულიშვილი". თუმცა, ამ ლოგიკით, პირველ რიგში, პოლიტიკოსები  უნდა აგვეკრძალა საქართველოში, იმდენი უბედურება მოგვიტანეს ყველას. და ახლა ეს ნაწილი და საერთოდ, საღი ადამიანები ორ უკიდურესობას შორის იტანჯებიან, ერთი მხრივ,  „ლიბერალურ", მეორე მხრივ,  კონსერვატულ ფუნდამენტალიზმს შორის და ორივე მხრიდან იღებენ დარტყმებს.


ახლა კი ისევ დავუბრუნდეთ 45 ადამიანის მოწოდებას ამომრჩევლისადმი, ხმა მისცენ „ნაცებს". ძალიან არ მსურს, ვაწყენინო მათ შორის იმათ, რომლებთან ერთადაც ალბათ მომავალშიც მომიწევს ადამიანების, ბაღებისა თუ  სახლების დაცვა (და დარწმუნებული ვარ, ზოგ მათგანს არც გახსენებია, რომ  მეორე ტურში „ქართული ოცნების" მეტოქეები „ნაციონალები" იყვნენ, მეც გვიან გავიგე ეს ამბავი),  მაგრამ ჩვენი საქმე იმდენად ცუდად არის უმთავრესში, რომ  ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ მინდა მოკლედ ვთქვა: ეს მოწოდება არის კლასიკური მოწოდება  უზნეობისკენ.


ეს არის ადამიანთა ცდუნება, „ამ შემთხვევაში" გადავიდნენ ბოროტების მხარეზე.


ეს არის „ნაციონალურ მოძრაობად" წოდებული  უკუღმართობის აღორძინების (ცნობიერი თუ არაცნობიერი) სურვილი.


რომ წავიკითხე, თვალწინ დამიდგა რამდენიმე ახალგაზრდა ამომრჩეველი, ზოგი მათგანი პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში. ერთს ძმა დაუსახიჩრეს ციხეში (და, როგორც გამიმხილა,  ტანჯავს ეჭვი, რომ შეიძლება გააუპატიურეს კიდეც), მეორეს აყურებინეს, როგორ ურტყამდნენ თავში მის 70 წლის მამას ბათინკიან წიხლებს, მესამეს აჩვენეს კომპრომატები საკუთარ ცოლზე, მეოთხეს კი უბრალოდ უხარია, რომ წელს  ამ  საშინელების გადახაზვა მაინც შეუძლია, რასაც მდაბიო სახელწოდება „ნაცმოძი" შერჩა. და აი, თუნდაც მხოლოდ ამ ოთხმა ახალგაზრდამ  წაიკითხა, რომ მწერლები, პოეტები, ბუნებისა და ადამიანის უფლებათა დამცველები მოუწოდებენ, „ქვეყნის ინტერესებიდან" გამომდინარე ხმა მისცენ ძმის, მამის, მეგობრის, მეზობლის და ა.შ. ჯალათებს! ერთი წუთით შეგიძლიათ მათ ადგილას დადგომა? არ არის ეს მათთვის სამყაროს ჩამონგრევა?


არ დაუჯეროთ, მეგობრებო! არასოდეს არავის არ დაუჯეროთ, ვინც გეტყვით, რომ ზნეობა სამკაულია, რომელიც შეიძლება ხან მოიხსნა, ხან გაიკეთო. ანდა შეიძლება გადადო. დღეს შეგიძლია კეთილი და სამართლიანი იყო, ხვალ შეიძლება უსამართლობა და ძალადობა დაგჭირდეს; რომ (ნეოლიბერალურ-პოსტმოდერნისტული ნიჰილიზმის შესაბამისად) არაფერი არ არის მყარი და ეს მორალი რაღა გახდა, რომ ყოველთვის დავიცვათ. ეს არის იმ პოლიტიკურ-არასამთავრობო სპექტრის ხმა, რომელთა ლექსიკური მარაგიდან ამოღებულია სიტყვა „წესიერება".


არ  დაუჯეროთ მათ. თუ მორწმუნეები ხართ, დაუჯერეთ ღმერთს და მის ათ მცნებას, საიდანაც ერთ-ერთია, რომ სამარცხვინო საქციელის ჩადენა ფუნდამენტური ცოდვაა, რომ რა საზომითაც შენ გაზომავ, იმავე საზომით გაიზომები,  და „კონსტიტუციური უმრავლესობა" აქ ვერავის უშველის.


თუ ურწმუნოები ხართ, დაუჯერეთ კაცობრიობის რჩეულ ადამიანებს, თუნდაც დიდ მოაზროვნესა და მწერალს იოჰან ვოლფგანგ გოეთეს, რომელიც ამბობს, რომ „სამშობლოს უჭირს" (ჩვენს შემთხვევაში: „არ შეიძლება კონსტიტუციური უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში") აბსტრაქციაა, მაგრამ გლეხს რომ სახლი ეწვება (ჩვენს შემთხვევაში: ადამიანს რომ აწამებენ) - ტრაგედია".


ან დაუჯერეთ დიდ  ფილოსოფოსს ემანუილ კანტს, რომელიც გეტყვით, რომ „არცერთი წესიერი ადამიანი რომ არ არსებობდეს ამქვეყნად, შენ მაინც მოგეთხოვება, წესიერი იყო" (არა ხანდახან, არამედ ყოველთვის) და სამყაროს ურიცხვი სასწაულიდან ორი რამ იწვევს მის უსასრულო აღფრთოვანებას: „ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და მორალური კანონი მის შიგნით".


ამ კანონით თამაში დამღუპველია. მისით მანიპულირება არ შეიძლება. ნუ გახდებით  ზნეობრივი მაკიაველიზმის მსხვერპლი, რომელიც პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ამართლებს უარის თქმას უმთავრესზე -  სინდისზე  და თან შეგაგონებთ, რომ ამით მხოლოდ კარგი მოხდება ქვეყნისთვის.


ირგვლივ გაბატონებული ასეთი წარმოდგენების  შედეგია, რომ საძირკველიც  კი ვერ გავჭერით  კარგი, მწვანე, ნათელი ქვეყნისა (რასაც მთელი ქვეყნის მომცველი ახალი  სამოქალაქო მოძრაობა სჭირდება).


წესიერებაზე ამ „ლაითი" წარმოდგენების შედეგია, ქვეყნის საჭესთან მსხდომნი ამ საჭეს ასე უპასუხისმგებლოდ რომ ატრიალებენ, რომ არ ახსოვთ, მათ უკან ქალები და ბავშვები რომ არიან, ისევე როგორც არ ახსოვთ ეს იმ მძღოლებს, დაზიანებული მანქანით  უდროო დროს რომ დაქრიან საშიშ ტრასაზე ყურში მუსიკით.


და რაც უფრო მალე დავივიწყებთ იმ დანაშაულებს, რომელთა ჩამდენებიც, 37 წლის ავტორებისა და აღმასრულებლებისა არ იყოს, არ გასამართლებულან და არ დასჯილან, მით უფრო დაიგვიანებს ჩვენი მომავალი: წინ უდანაშაულო მსხვერპლთა ცხედრები აეღობებიან.


ნება მიბოძეთ, ეს წერილი დავამთავრო ორი ფრაგმენტით ესმა ნოზაძის პოემიდან, რომელიც 1995  წელს არის დაწერილი და ჰქვია „ჟამის მამალი":


„ეჰეიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!

მე ვარ მამალი

და მამლის ყიჟინა!

აღსდექ, სამშობლოვ

გამაძღარ და მშიერ მონების,

შენი მხეცურად გადაჯეგვა

ვინ დაიჟინა!"

................................

„სამი დროიდან

ჩვენთან ერთი არსებობს მხოლოდ

„წარ"-ზე იწყება, დასასრული მისი „სულ" -ია,

მაშასადამე: აქ, გარეშემო,

წინაც, უკანაც:

ჩვენი საქმე სულ წა(რ)სულია!

ანუ მე ვამბობ:

ჩემს სამშობლოში

სიკვდილი თოვს და

სიკვდილი ხდება,

ის კარაქივით

ესმება პურს ჩვენი არსობის,

ამ ჰორმონალურ ბუტერბროტით გვიძღება არსი,

და

მიგვიძღვის არსი

ისარნასობი...

მაშასადამე,

აქ კვდომა ხდება...

მაგრამ, მე მგონი,

თვით სიკვდილიც

მოწყენით კვდება

და გულს აზიდებს,

რადგან, ო, ღმერთო,

დიდი ქართული ზედაპირის

ეს სიმსუბუქე

რა შეზარავად მოსაწყენი

და რა მოსაწყენად შემზარავია...

...................................................................................

აზაფხულის შეუძლებლობა ქართული ფარცხების რიტში

„დაგი-დუგ!

გაზაფხული არ მოვა.

დიგი-დიგ,

გაზაფხულს ვერ ნახავთ!

რადგანაც ქართული

ამაყი ფარცხები,

ნაკეთი სიბრიყვით

და ვიტალობით,

ფარცხავენ ყოველგვარ დამარცხებას,

ფარცხავენ ყოველგვარ დანარცხებას,

გვიან და გვიან

სიმღერით, სუფრით,

ლექსებით, ცეკვით,

ლაყაფით მუქთით,

კვალს არ ტოვებენ

მორიგი მარცხის- ა

სე მუშაობს ქართული ფარცხი!  


გადაასწორებენ და გადაგვიან

კვალს დანაშაულის, ნამსხვრევებს სისხლიანს,

ივიწყებენ ისე, რომ

ვერასდროს იგებენ და

რა რატომ მოხდა, -არასდროს იციან,

და მიტომ არის ყოველთვის

გვიან...  


გვიან


ეს არის ქართული დრო:

ყოველთვის გვიან... სიახლე (ორბისა?)-

არ მოვა!

დუგი-დიგ!

ობს ვეღარ გასცდებით,

დაგი-დუგ!

რადგანაც ფარცხავენ

ქართული ფარცხები:

დოგი-დეგ!

შეცდომებს,

მკვლელობებს,

ნგრევა-კატასტროფებს,

ღიღინით,

სიმღერით,

გოგმანით,

გინებით,

ლექსებით,

სუფრებით,

სადღეგრძელოებით

და პანაშვიდებით,

ფუჭი აღელვებით,

ფუჭი დამშვიდებით...  


მარცხი?


აი, ფარცხი!

დაგი-დაგ!

რადგან აღარ გვყოფნის

სინდისის ძალა,

არც გონების წყურვილი

გაცნობიერებისა

და თვითაღმოჩენისთვის,

სიღრმეს არ ჩახედოთ!

მთლად ავირევით!

ჩვენ ხომ ძალა მხოლოდ

ყოფნისთვის გვჭირდება...

ხომ ხედავთ ყოფნისთვისაც

ძლივს გვყოფნის..."  



22 ოქტომბერი, 2016 წელი



 

right_banner big_banner
არქივი