logo_geo
ლაურა რეხვიაშვილი: მიშა თუმანიშვილმა მითხრა, შენნაირი მასალა არ მყოლიაო!
- +

24 დეკემბერი. 2016. 12:42



„ძალიან მოსწონებია მას მამა, შესცოდებია და იმ ღამეს კონცლაგერიდან გამოუპარებია", - ამბობს გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი. ის იმ ისტორიას იხსენებს, როდესაც მამა ტყვედ იყო ჩავარდნილი და დასახვრეტად დანომრილი. ის მისმა მოსახელე ექთანმა გადაარჩინა. სწორედ მის საპატივცემულოდ დაერქვა მასაც ეს სახელი.


„მამაჩემი უნგრეთში ტყვედ ჩავარდნილა. დასახვრეტად ყოფილა დანომრილი. დახვრეტის დღეს სიცხე გაუსინჯეს დასახვრეტ ტყვეებს და სიცხე ჰქონია მამაჩემს. ჩემმა მოსახელე ექთანმა იხსნა მამაჩემი სიკვდილისგან. ძალიან მოსწონებია მას მამა, შესცოდებია და იმ ღამეს კონცლაგერიდან გამოუპარებია. მერე არვიცი, რა მოხდა, მამა და ლაურა ერთმანეთს დაშორდნენ და მამაჩემმა დედა გაიცნო.

 

სიყვარულიან გარემოში გავიზარდე, საკუთარი შრომით მოპოვებულ, ყველა გაგებით მდიდარ ატმოსფეროში, სადაც არავინ არაფერს მიშლიდა. რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა. აღმომაჩნდა უნარი, მეტარებინა კონცერტები, სპექტაკლები...

 

დედა და მამა მიწას ებრძოდნენ, მესაქონლეობას მისდევდნენ. ვცხოვრობდით ვენახებით. ერთადერთი, რაც ცუდად მახსოვს, დედა თოთო ვენახის გამარგვლას გვავალებდა. მე ესეც მეზარებოდა, ჩემი დები აკეთებდნენ. მე ხეზე ვიჯექი, არ ვჭამდი, არ ვსვამდი. საჭმელი არ მახსოვდა. კენკრით ვიკვებებოდი. დავდიოდი ეზოდან ტყეში, ტყიდან ეზოში..." - აღნიშნავს ინტერვიუში მსახიობი.

 

ის მიხეილ თუმანიშვილზე საუბრობს, რომელმაც თეატრში სამჯერ მიაბრუნა გაქცეული მსახიობი.


„მიშა თუმანიშვილმა მითხრა, შენ თუ შრომა არ დაგეზარება, იმდენი რამ გაქვს არტისტის, შენნაირი მასალა არ მყოლიაო. ერთადერთი ნაკლი მაშინ ჩემი სიმაღლე იყო. პარტნიორის მოძებნა ძნელი იყო ჩემთვის. დიდი აღმოვჩნდი ამ სცენისთვის. ძალიან მწყდება ამაზე გული. ამიტომ თუმანიშვილის თეატრიდან სამჯერ ვარ გაქცეული. სამჯერვე თვითონ მომაბრუნა. 

 

მოციქულებს მიგზავნიდა. ამასთანავე, იმდენი მაწამა, იმდენი მიჩიჩინა. რა უფლება გაქვს, გარეთ რომ დგახარ და ვიღაცას ელაპარაკებიო. ასე აღარ ხარ იდუმალი, რატომ უნდა იყიდოს შენს სანახავად ვინმემ სპექტაკლის ბილეთიო. დგახარ და შენს მანერებს გამვლელებსა და ტრანსპორტში მსხდომთ აჩვენებო", - იხსენებს ლაურა რეხვიაშვილი.

 

მსახიობი „ბაბულადან" „ეგონამდე" პერიოდზე საუბრობს და ამბობს, რომ  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებმა" მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.


„კახურად რომ ავლაპარაკდი, ვიღაცებს გაუკვირდათ. იქ გავიზარდე, კაცო. კახური ან მეგრული დიალექტი რა მოსატანია, როცა „დონ ჟიუანში", თუ მჭირდებოდა, ფრანგულად ვლაპარაკობდი, თუ მჭირდებოდა - ინგლისურად, სადაც ვიყავით, რომელ ქვეყანაშიც. აზერბაიჯანული თეატრის მსახიობიც ვარ. ხან აზერბაიჯანულად მიწევს როლის სწავლა, ხან - თურქულად და კახური და მეგრული აქ რა მოსატანია.


ქუჩაში სელფებს იღებენ ჩემთან, ტრანსპორტში მიღიმიან, მესალმებიან. ამას წინათ, ვიღაცამ მომიყვა, ბორჯომში იუბილარს უთქვამს, რა დროს სუფრაა, ეგონა იწყებაო. მე რომ კინოებში გადამეღო და არ დანგრეულიყო ის დარგი, რასაც ქართული კინო ჰქვია, ხომ შეიძლება, მეთამაშა მეც სესილიასავით. სად არის კინო... მე მაინც გავაკეთე კინოში განაცხადი, მომიშვირეთ კამერა, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი... რეზო ინანიშვილმა რომ ნახა „ბაბულა", დაწერეთ ამ ქალისთვის სცენარებიო, ამბობდა", - დასძინა ინტერვიუში ლაურა რეხვიაშვილმა.  

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი