logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: სააკაშვილის მაქსიმუმი არის უკრაინელ შალვა ნათელაშვილად გადაქცევა
- +

17 ნოემბერი. 2016. 17:51



მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინამ უფრო მალე ამოიცნო, ვიდრე საქართველომ. ნაცვლიშვილის აზრით, სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაზე პოზიტიურად აისახება.


„სააკაშვილის გათავისუფლების ბევრი წინაპირობა არსებობდა: გია ლორთქიფანიძის გადადგომა, ადეიშვილის უკრაინიდან წასვლა, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება სააკაშვილის ფონდის ირგვლივ, ოდესის მერის არჩევნებში სააკაშვილის ფავორიტის დამარცხება და ა.შ. ამ ყველაფრის ფინალი ლოგიკურად იქნებოდა ის, რომ სააკაშვილს დაატოვებინებდნენ თანამდებობას. ეს იყო წარუმატებლობისა და პიარკამპანიის მთელი სერია, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილი უფრო მალე ამოიცნო უკრაინულმა საზოგადოებამ, ვიდრე ქართულმა. მიუხედავად იმისა, ვინ ვის დაასწრო, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე მისი თანამდებობაზე არყოფნა ცალსახად პოზიტიურად აისახება. დარწმუნებული ვარ, ეს გაჯანსაღების პროცესი ორ ქვეყანას შორის წარმატებით დასრულდება და ის ჩრდილი, რომელსაც ამ ურთიერთობებს აყენებდა ოდესის აწ უკვე ყოფილი გუბერნატორი, წარსულს ჩაბარდება", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


აქვე, ნაცვლიშვილი მოსაზრებას გამოთქვამს, სააკაშვილის მომავალი საქმიანობის შესახებ და ამბობს, რომ მისგან მნიშვნელოვან ძვრებს არ უნდა ველოდოთ.


„სააკაშვილის მაქსიმუმი არის უკრაინელ შალვა ნათელაშვილად გადაქცევა. ამის იქით მე მისგან რაიმე მნიშვნელოვან ძვრებს არ ველოდები. შესაძლოა, მან ლოკალური რაღაც ფუნქციები შეასრულოს. მაგალითად, გაურიგდეს ფინანსურ-პოლიტიკურ ჯგუფს, გადაუხადოს ფული და აყვიროს რამე. ესაა და ეს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი