logo_geo
ირაკლი კაკაბაძე: ბანკები მოსახლეობას ძარცვავენ და ატყუებენ!
- +

26 დეკემბერი. 2016. 17:43


 

„ორგანიზაცია, თუ პიროვნება, რომელიც ადამიანს სახლიდან ასახლებს, არის დამნაშავე!"- საუბრობს გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე. მას მიაჩნია, რომ არ უნდა ხდებოდეს ბანკების მიერ ადამიანების სახლებიდან გასახლება, რადგან მსგავსი ქმედება დანაშაულია.  ის, ბანკებისგან ქართველი მოქალაქეების დასაცავად, იმ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს, რომლებმაც ბევრ ადამიანს საკუთრება დაუბრუნეს.


„ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს როგორც ამერიკულ, ასევე ნორვეგიულ და ინდოელ პარტნიორებთან, რომლებმაც მილიონ-ნახევარზე მეტ ადამიანს დაუბრუნეს მიწა-წყალი და ჩვენ ახლა  ვმუშაობთ ამ ორგანიზაციების ლიდერებთან, რათა ქართველი მოქალაქეების დაცვა დავიწყოთ საკუთარი სახლებიდან გასახლებისგან.

 

ეს მოძრაობა იქნება იმ მევახშეებისა და ბანკების წინააღმდეგ მიმართული, რომლებიც ოჯახებს უსახლკაროდ ტოვებენ. ვიბრძოლებთ სამართლებრივად, მაგრამ არ მოვერიდებით არც ფართომასშტაბიან აქციებს.

 

ბანკები მოსახლეობას ძარცვავენ, ატყუებენ საკრედიტო პოლიტიკით და ა.შ. უნდა დაისვას სხვანაირი ტიპის პასუხისმგებლობა. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში, საცხოვრისის უფლება აღიარებულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად და ასეთ ქვეყნებში, არ არსებობენ უსახლკაროები მაშინ, როდესაც ამერიკაში, აფრიკაში და ა.შ. უსახლკარობა წახალისებულია. ამ ქვეყნებში სუფევს ველური კაპიტალიზმი. მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში ველური კაპიტალიზმის დრო წასულია და არ შეიძლება ადამიანების სახლებიდან გასახლება და ორგანიზაცია, თუ პიროვნება, რომელიც ადამიანს სახლიდან ასახლებს, არის დამნაშავე. სხვადასხვა საზოგადოებაში არსებობს სხვადასხვა პასუხისმგებლობის ფორმა", - აღნიშნა პუბლიცისტმა.

 

ირაკლი კაკაბაძის თქმით, მოვალეებს შორის იძულებით მსესხებელი ძალიან ბევრია და მათი ასეთი ტიპი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაჩნდა.  

 

„იმ ადამიანთა შორის, რომლებიც მოვალეები არიან, იძულებით მსესხებელი ძალიან ბევრია. ძირითადად, ასეთები მიშა სააკაშვილის რეჟიმის დროს გაჩნდნენ. დაიჭერდნენ ადამიანებს, შემდეგ კი ეუბნებოდნენ, რომ, თუკი სურდათ ამა თუ იმ ადამიანის გამოსყიდვა, უნდა გადაეხადათ კონკრეტული თანხა და ამაში სახლებს დებდნენ. ეს ყველაფერი ხდებოდა პოლიციის მეშვეობითა და ზეწოლით. მეორე შემთხვევა იყო, მანამ სანამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაინერგებოდა, საავადმყოფოებში, ოპერაციების დროს, ბანკი იქვე მოყავდათ და სახლებს ადებინებდნენ. აი, ამ ორი ტიპის მსესხებელია 80%.

 

ამავდროულად გვყავს უპასუხისმგებლო მსესხებელთა 20%, რომლებიც სხვა მიდგომებს საჭიროებენ. ასეთ ადამიანებს ჰყავთ ოჯახები - შვილმა რა დააშავა? ასეთ პირებს, რომლებიც უპასუხისმგებლო მსესხებელთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, უნდა მიესაჯოთ იძულებითი შრომა, რომ გამოიმუშაონ ეს თანხა და დაუბრუნონ ბანკს ან მევახშეს. სად უნდა იმუშაონ და ა.შ. ეს იმ კონცეფციის საკითხია, რომელიც დამუშავების პროცესშია.

 

შვილებსა და ხნიერ მშობლებს, არაფერი დაუშავებიათ საიმისო, რომ ქუჩაში დარჩნენ. უდანაშაულო ადამიანებზე ჯოხი არ უნდა ტყდებოდეს, არ არის სამართლიანი. იმ შემთხვევაში, თუკი გამოვლინდება, რომ პოლიციის ზეწოლით მოხდა ბინის ჩადება, ეს ვალი სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს.

 

ახალი წლისთვის, ამ მიმართულებით მუშაობის ფართოდ გაშლას ვგეგმავთ და საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ უნდა იყოს გასახლებული ისე, როგორც ეს ბანკებსა და მევახშეებს უნდათ", - განაცხადა ინტერვიუში ირაკლი კაკაბაძემ.  


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი