logo_geo
ციცინო შავაძე: ფურთხის ღირსი ყოფილა ეს ქვეყანა, სადაც ომიდან დაბრუნებული გმირი დახვრიტეს!
- +

17 ნოემბერი. 2016. 18:27


 


ფილმ „ჰეროკრატიაში" სერჟანტ როინ შავაძის მუხანათური მკვლელობის საზარელი ისტორია გაცოცხლდა. როინ შავაძის ტრაგიკულ მკვლელობასთან დაკავშირებით, თავად მისი მეუღლე, ციცინო შავაძე საუბრობს.


„კარგია, ფილმი რომ შეიქმნა, ისტორიას დარჩება, მაგრამ ჩემს ნაწამებ მეუღლეს ვიღა გააცოცხლებს?! სხვათაშორის, ფილმში მსახიობს რომას ნამდვილი ფორმა აცვია, მისი ხელით იყო გარეცხილი... ბედნიერ ფორმას ეძახდა, რადგან ერაყიდან ამ ფორმით უვნებელი დაბრუნდა. რას წარმოიდგენდა, თუ ქართველის ხელით საქართველოში მოკლავდნენ?!" - აღნიშნავს შავაძე.

 

ციცინო შავაძე, მეუღლის უკანასკნელ დღეებს იხსენებს, როდესაც ომართან აჭარის კუდ-ის თანამშრომელი გიორგი ჩიქოვანი, მეტსახელად „მაიმუნა" მივიდა.


„ეს ამბავი კარგად არ მენიშნა, მაგრამ ასეთ საშინელებას როგორ წარმოვიდგენდი?! რას ვიფიქრებდი, ავღანეთში ნამსახურებ კაცს, ერაყში მისიით წასულსა და დაბრუნებულს, ცხინვალის ომგამოვლილს ქუჩაში ასე უმოწყალოდ დახვრეტდნენ?!

 

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი ნაწამები იყო. არცერთი ნაწილი არ ჰქონდა მთელი - თითები ტყავებით ეკიდა. 22 ტყვია წინიდან ჰქონდა ნასროლი... ჭრილობებიდან გაუჩერებლივ სდიოდა სისხლი და ვედროთი გაგვქონდა. სახლში საშინელი სუნი იდგა, გვამი ერთ ღამეში გაიხრწნა. ჩვენი ინფორმაციით, მიცვალებული მოწამლეს, რომ რაც შეიძლება მალე გახრწნილიყო და დაგვესაფლავებინა". - აღნიშნავს სერჟანტის მეუღლე.

 

ციცინო შავაძე მის მიმართ იმ მუქარებზეც საუბრობს, რასაც მეუღლის დასაფლავების შემდეგ ჰქონდა ადგილი. მას ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ უნდა გაჩუმებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოწამვლითა და მოკვლით ემუქრებოდნენ.


„გვემუქრებოდნენ - მოგწამლავთ, მოგკლავთ, საერთოდ, თქვენი გვარი აღარ იარსებებსო. სახლი დავკეტე და სოფელში გადავბარგდი. ტყვეები არ იცხოვრებდნენ ისე, ჩვენ რომ ვიყავით. ნივთი არ დაგვრჩა სახლში, მეზობლებს ვატანდით გასაყიდად, რომ პური და საჭმელი მოეტანათ. იქაც მოდიოდნენ და გვაშინებდნენ - ეზოში იარაღს ისროდნენ.

 

როგორც ჩანს, როინი სერიოზულ ინფორმაციას ფლობდა, ვაჟკაცი კაცი იყო, არ გაჩერდებოდა და თავიდან მოიცილეს. ბიბლიაზე დავდებ ხელს და ისე დავიფიცებ, რომ ჩემი მეუღლე უდანაშაულო და ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული იყო.

 

დღემდე, საქმის მასალების გაცნობის საშუალებაც არ მოგვეცა. აი, ამ ლოდინში გადის ცხოვრება. რისთვის მინდა დღეს ეს საბუთი, თუ დამნაშავეები ისევ დაუსჯელნი ივლიან?! ადამიანი, უწყება აღარ დარჩა, ვისაც არ მივმართეთ. როდემდე ვისმინო ტყუილი დაპირებები?! ნუთუ ღმერთი არ სწამთ?!"  - აცხადებს ინტერვიუში ქ-ნი ციცინო.

 

როინ შავაძის მეუღლე ქმრის დამსახურებებზეც საუბრობს. მისი თქმით, ის ქვეყანა, სადაც დამნაშავეები თავისუფლად დადიან, ფურთხის ღირსია.

 

„რომამ, როგორც დამსახურებულმა სამხედრომ, პენტაგონიდან სიგელი მიიღო. არაერთი სხვა ჯილდოც ჰქონდა მიღებული და აი, ეს კაცი საქართველოს მოღალატის სახელით დაიჭირეს. ნუთუ სამართალი აღარ არის ამ ქვეყანაზე? რას იძიებენ რვა წლის განმავლობაში, ყველაფერი ხომ დღესავით ნათელია?!

მართლა ფურთხის ღირსი ყოფილა ეს ქვეყანა, სადაც ომიდან დაბრუნებული გმირი დახვრიტეს და ეს საქმე დღემდე გაუხსნელია - მკვლელები ქუჩაში თავისუფლად დადიან!" - აღნიშნავს ციცინო შავაძე. 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი