logo_geo
„აი ისა“-ს მერიამ სასამართლოში უჩივლა! რა ელის ანანია გაჩეჩილაძის ბიზნესს?
- +

26 აპრილი. 2018. 11:21

 

ცოტა ხნის წინ, როგორც „ალია“ წერდა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ „ქართული იდეა“, თბილისის მერს და ზოგადად, მერიას, გაუგზავნა წერილი – აღნიშნულ უწყებას მოეხდინა დროული და შესაბამისი რეაგირება პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის „აი ისა“-ს წინააღმდეგ, რადგან აღნიშნული კომპანია და მისი ხელმძღვანელი ანანია გაჩეჩილაძე, პირდაპირ არღვევდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე პრიმა მუხლის მოთხოვნას, პროდუქციაზე არასათანადო რეკლამის განთავსების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქართული იდეა“ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებდა.

 

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ მოძრაობას თბილისის მერიამ უკვე გამოუგზავნა პასუხი და უახლოეს მომავალში, „აი ისა“-ს ხელმძღვანელს სასამართლოზე წარდგენა მოუწევს. „ალია“ დეტალების გასარკვევად, „ქართული იდეის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გეგა ხვედელიძეს ესაუბრა:

 

- რამდენიმე დღის წინ ჩვენ თბილისის მერიას გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც მუხლობრივად, კანონის შესაბამისად აღვწერეთ და დავასაბუთეთ, რომ პრეზერვატივების მწარმოებელი კომპანიის „აი ისა“-ს ხელმძღვანელ ანანია გაჩეჩილაძის მოქმედება იყო კანონდარღვევა და შესაბამისად, ეს ექვემდებარებოდა კანონით გათვალისწინებულ სანქციებსა და სასჯელს. ცოტა ხნის წინ, მოგვივიდა პასუხი მერიიდან, მათ თავად უჩივლეს გაჩეჩილაძეს სასამართლოში - ამ საკითხთან დაკავშირებით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, უკვე სასამართლოს დადგენილებას ველოდებით, თუმცა ეს ჩვენ არანაირად გვაჩერებს – თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამ ქმედებით დროებით ჩაგვაცხრობს, ამაში მწარედ ცდებიან. ყველაფერს ვადევნებთ თვალს და ანანია გაჩეჩილაძეს, ჯერ ერთი, ჯარიმა უნდა დაეკისროს იმისათვის, რაც გააკეთა და ამასთან ერთად, მისი საქმიანობა ამ ფორმით თავიდან ბოლომდე ასაკრძალია. ამას გარდა, თბილისის რამდენიმე ბარში, მაგალითად ბარში „ვარშავა“, პირდაპირ იყიდება „აი ისა“-ს ეს მკრეხელური პრეზერვატივები, არის აპარატი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია, ის იყიდოს. ამას წერტილი უნდა დაესვას, თორემ ჩვენი წინააღმდეგობის მოწოდება ძალაშია და მარტივად რომ ვთქვათ, თუ საქართველოს ტერიტორიიდან ასეთი მკრეხელური პრეზერვატივები არ გაქრება, დავიწყებთ ძალიან დიდ პროტესტს! ახლა გამოჩნდება, ხელისუფლება გვეთამაშება და ცდილობს, საპროტესტო მუხტი ჩააქროს, თუ რეალურად ახდენენ რეაგირებას.

 

- ასეა თუ ისე, აღნიშნული კომპანია კერძო ბიზნესია და საინტერესოა, „ქართული იდეა“ ამ ბიზნესის საქმიანობის საერთოდ აკრძალვას ითხოვთ, თუ უბრალოდ მათი საქმიანობის ფორმისა და შინაარსის შეცვლას? ანუ მარტივად რომ ვთქვათ – გააგრძელონ ჩვეულებრივად ოპერირება, მაგრამ არა ასეთი  შეფუთვით?

 

- ჩვენ იმას ვამბობთ, რომ უფლის კანონი ყველა კანონზე უფრო მაღლა დგას, თუმცა მართლმადიდებელი ქრისტიანები ყოველთვის იყვნენ სამოქალაქო კანონების ყველაზე პატიოსანი დამცველები, მაგრამ როდესაც კანონი ეწინააღმდეგებოდა ხოლმე ღვთის ცნებას, მაშინ მართლმადიდებელი ქრისტიანები ასეთ კანონს არ იცავდნენ. შესაბამისად, კერძო ბიზნესი იქნება ეს თუ რაიმე სხვა – ჩვენ, მართლმადიდებელი ქრისტიანი მრევლი, არასდროს არ გავჩერდებით და მუდმივად გვექნება ასეთი რაღაცების მიმართ შესაბამისი წინააღმდეგობა. პრეზერვატივები ყოველთვის იყიდებოდა აფთიაქებში და იყიდება, მაგრამ როდესაც რაიმე პროდუქტი ან ნაწარმი ჩვენს სარწმუნოებასთან, ეროვნულ გრძნობებთან მოდის წინააღმდეგობაში, ამის წინააღმდეგ ვიმაღლებთ ხმას, თორემ ზოგადად გასაგებია, რომ ამ ადამიანს აქვს პრეზერვატივების კომპანია. დაარქვას, ბატონო, „ანანია“ ან თავისი თავი დაახატოს ზედ და გაყიდოს, თუ ასე ძალიან უნდა, უბრალოდ, სიწმინდეებს ნუ ეხება და ნუ შეურაცხყოფს! ასეთ შემთხვევებში ჩვენ ყოველთვის გვექნება პროტესტი და თუ ვინმეს ჰქონია, რომ მრევლი და მართლმადიდებელი ეკლესია პატარა ძალაა, ნუ გამოგვცდიან, თორემ დაინახავენ ამ ძალის შესაძლებლობას და ისე დაინახავენ, ერთმანეთს გაასწრებენ საქართველოდან!

 

 

ავტორი:  ნინო ლაბარტყავა

წყარო : wyaro
big_banner
არქივი