logo_geo
შალვა ოგბაიძე: ტექდათვალიერება ისეთი „ბუა“ არ არის, როგორსაც წარმოაჩენენ
- +

15 ნოემბერი. 2016. 13:07


გაზეთ „ვერსიასთან"ინტერვიუში, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის" დეპუტატი და საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ავტომობილის ტექდათვალიერებაზე საუბრობს. მოგეხსენებათ, წინა წლებში ავტომობილის ტექდათვალიერება, თავად ბატონმა შალვამ გააუქმა.


„იცით, რატომ გავაუქმე? - იმიტომ, რომ არავითარი დათვალიერება არ ხდებოდა, მაგრამ შეხედეთ, რა მოხდა: ადამიანს თავი რომ სტკივა, თავი კი არ უნდა მოაჭრა, არამედ წამალი მისცე, მაგრამ სააკაშვილმა ტექდათვალიერება ლოიალურად განწყობილი მოქალაქეების გასაზრდელ, ასე ვთქვათ, პაკეტში შეიტანა - აი, თუ ჭკვიანად მოიქცევით, ტექდათვალიერების აღდგენას კიდევ ერთი წლით გადაგივადებთო, ანუ ამან რაღაცნაირად სოციალური კორუფციის სახე მიიღო", - აღნიშნავს ოგბაიძე.

 

ბატონი შალვა აქვე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ის ტექდათვალიერების აღდგენას ახლა ემხრობა.  ამ ღონისძიების აღდგენის შემდეგ კი, ხალხის შესაძლო გაღიზიანება ნაკლებად აინტერესებს.


„რაც შეეხება იმას, ამ საქმის მხარდამჭერი ახლა რატომ ვარ, დედაჩემი კიბოთი გარდაიცვალა და კიბოს გამომწვევი მიზეზი ქარხანა „ცენტროლიტის" დასახლებაში არსებული ის ეკოლოგიური მდგომარეობა იყო, რაც მძიმე მეტალებისგან შეიქმნა. მართალია, ის ქარხანა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენს დედაქალაქში ჰაერს, 85-90 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი აბინძურებს.

 

„კონსტანტინეს აქვს ნათქვამი, მთავარი ის კი არაა, შენზე ხალხი რას ამბობს, მთავარი ისაა, ხალხისთვის რა გაქვს გაკეთებულიო, ამიტომ ნაკლებად მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. მთავარია, იმ ადამიანის წინაშე, ვისი მეუღლეც და შვილიც ონკოლოგიურ დაავადებასა თუ ლეიკემიას გადაურჩება, მართალი ვიქნები! თანამედროვე, ევროპული და კორუფციისგან დაცული სივრცე უნდა შეიქმნას, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების გამართულობას უზრუნველყოფს", - აცხადებს შალვა ოგბაიძე.

 

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, ტექდათვალიერების თემის გააქტიურების მიზეზად, პოლიტიკურ ფაქტორს ასახელებს.


„ტექდათვალიერება ისეთი „ბუა" არ არის, როგორსაც, სამწუხაროდ, ხშირად წარმოაჩენენ. საერთოდ, ამ თემის, ასე ვთქვათ, გააქტიურების მიზეზი, პოლიტიკური მდგენელია, აი, საწყალმა ხალხმა რა ქნასო, მაგრამ ადამიანს, რომელსაც 15-ათასდოლარიანი ჯიპი აქვს, სოციალურად დაუცველად ვერ ჩავთვლი, რომელიც ასეთ იდიოტობას აკეთებს - „კატალიზატორს" ჭრის და, უტრირებულად რომ ვთქვა, ელიავას ბაზრობაზე 100 ლარად აბარებს", - დასძინა ოგბაიძემ.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი