logo_geo
მამუკა არეშიძე: აფხაზებს არ უნდათ, პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ ჩრდილოკავკასიელებთან
- +

18 ნოემბერი. 2016. 13:27



ექსპერტი მამუკა არეშიძე ჟურნალ „თბილისელებთან" ინტერვიუში აბრეშუმის გზის აღდგენის პროექტთან დაკავშირებით საუბრობს, რომელშიც აფხაზეთიც იღებს მონაწილეობას. მისი თქმით, აფხაზეთის ხელისუფლების მიზანი აშკარად არ არის საქართველოსთან თანამშრომლობა და ამბობს, რომ ამას ვერაფრით ხსნის, გარდა მცირე ერების კომპლექსისა.



„მათი მხრიდან არ ჩანს ჩვენთან თანამშრომლობის ნიშანი. ამიტომ ვერაფრით ვხსნი, თუ რატომ დაარქვეს ამ ჩვეულებრივ გზას დიდი აბრეშუმის გზის ნაწილი, გარდა მცირერიცხოვანი ერის კომპლექსებისა. ეს გზა წლების წინ იყო პრეზენტირებული კრასნოდარის სავაჭრო-ეკონომიკურ გამოფენაზე, რომლის აშენებასაც რუსეთი აპირებდა საქართველოსთან. სულ ასეთი ხუთი გზაა. ეს ისტორიული გზაა და რუსეთის იმპერიაში ერქვა: სოხუმის სამხედრო გზა. დღეს სოხუმის ხელისუფლებას ამ გზის აშენება არ უნდა, რომ მან კოდორის ხეობაზე არ გაიაროს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.



არეშიძე ასახელებს მიზეზებს, რის გამოც სოხუმის ხელისუფლებას არ უნდა, რომ აღნიშნულმა სავაჭრო გზამ კოდორის ხეობაზე გაიაროს. ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტი ასახელებს, რომ აფხაზებს არ უნდათ, პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ ჩრდილოკავკასიელებთან. აქვე აღნიშნავს, რომ აფხაზებს არ აქვთ კოდორის ხეობის შენარჩუნების იმედი და ამას მეორე მიზეზად ასახელებს.



„საჯარო ახსნა ასეთია, თუ ეს გზა გაივლის კოდორის ხეობაზე, დაზიანდება კოდორის ტერიტორიის ეკოლოგიაო. ჩვენთვის ეს უარი ხელსაყრელია, მაგრამ სინამდვილეში, პარადოქსული მიზეზია: აფხაზებს არ უნდათ, რომ პირდაპირი კონტაქტი ჰქონდეთ ჩრდილოკავკასიელებთან. ამის ახსნა, ერთი შეხედვით, რთულია, მაგრამ აფხაზები მიიჩნევენ, რომ დაიწყება ჩრდილოკავკასიელების ექსპანსია აფხაზეთში. ჩერქეზები, მართალია, აფხაზების მონათესავენი არიან, თუმცა საზღვრისპირა რეგიონში ყარაჩაელები ცხოვრობენ. ყარაჩაელები თურქულენოვანი ტომია და აფხაზების ნათესავები არ არიან. აფხაზებს არ უნდათ, რომ ყარაჩაელებს ჰქონდეთ უშუალო გასასვლელი შავი ზღვისკენ.

 

ამას გარდა, არის მეორე მიზეზიც: აფხაზებს არ აქვთ იმედი, რომ კოდორს შეინარჩუნებენ. მათ ტვინში ჩაჭედილია, რომ კოდორი არის სვანების. და, თუ გალელებთან დაკავშირებით პროპაგანდა მუშაობს, რომ სამურზაყანოელები არიან გადაკეთებულგვარიანი აფხაზები, სვანების შემთხვევაში იმავეს ვეღარ იმეორებენ. ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ გზას, ადრე თუ გვიან, სვანები გადაჭრიან. ასეა თუ ისე, აფხაზები რუსებს სთავაზობენ სხვა მარშრუტით გზის გაჭრას, რომელიც არის არსებული ტრასის, განთიადი-ლესელიძის პარალელური და მთებში გადის, ოღონდ მკვიდრად აფხაზურ ტერიტორიაზე. ამ გზის მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდება, მაგრამ აფხაზები ჯიუტად მოითხოვენ და ჩინელებს ამ მარშრუტს სთავაზობენ. გზა უნდა გაიყვანოს კერძო ჩინურმა კომპანიამ, რომელიც, თუ რუსეთის ფედერაცია ფულს გადაუხდის, ააშენებს ამ გზას, თუ არ გადაუხდის, არ ააშენებს", - განაცხადა არეშიძემ.









 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი