ირმა ინაშვილი, გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში, დავით თარხან-მოურავის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, თარხან-მოურავმა, ქართული პოლიტიკისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როდესაც პარლამენტში თავისი კუთვნილი ადგილი მას დაუთმო.
„ბევრს ჰგონია, რომ თარხან-მოურავი პარლამენტის წევრი გახდა ან აჭარის უმაღლეს საბჭოშია. დარტყმების ეპიცენტრში ამიტომაცაა, მაგრამ ამ ხალხმა ვერ გაიგო, რომ თარხან-მოურავმა ქართული პოლიტიკისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. მან თქვა, საპარლამენტო სიაში არ ვიქნები და ადგილს ჩემს თანამებრძოლს ირმა ინაშვილს ვუთმობ, რომელიც პარტიის პირველი ნომერი იქნებაო", - აღნიშნა ინაშვილმა.
ის ასევე, აწ უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ ზაზა ოქუაშვილზე საუბრობს და ასახელებს მიზეზს, რის გამოც ის თარხან-მოურავის ნაცვლად აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა.
„თარხან-მოურავის ყოფნას აჭარის უმაღლეს საბჭოში აზრი მაშინ ექნებოდა, 7-8 კაცი რომ გაგვეყვანა, მაგრამ ახლა, ერთი თარხან-მოურავი რამეს ვერც უმაღლეს საბჭოს შესძენს და, როგორც თავმჯდომარე, ყურადღებას პარტიასაც დააკლებს, ამიტომ ზაზა ოქუაშვილს ვთხოვეთ, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესულიყო - იქ პარტიის პოლიტიკის განხორციელება - გასაჯაროებას ზაზაც ბრწყინვალედ მოახერხებს. დათო კი პარტიას ადგილობრივი არჩევნებისთვის მოამზადებს", - განაცხადა ინაშვილმა.