logo_geo
„პრაიმტაიმი“: ვინ არიან უკრაინაში სპეცოპერაცია „კავკაზის“ დროს დაკავებული ქართველი მებრძოლები?
- +

18 ნოემბერი. 2016. 16:27

 

 

„უკრაინული სპეცოპერაცია შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თავის პოლიტიკურ კარიერას უცხო ქვეყანაში, ფაქტობრივად, ხელახლა იწყებს - ამჯერად ოპოზიციონერის ამპლუაში..." - ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორის წინააღმდეგ საქმეში სამართალდამცავი სისტემა ჩაერთო და სააკაშვილს, შესაძლოა, ორი მიმართულებით შეექმნას პრობლემა.


 

„ოდესის ყოფილი გუბერნატორის წინააღმდეგ პოლიტიკური „შპილკაობების" ხანა დამთავრდა და ახლა უკვე „მძიმე არტილერია" - სამართალდამცავი სისტემა ჩაერთო საქმეში. სულაც არ არის გამორიცხული, რომ მალე პრობლემები სააკაშვილს უკვე ორ ქვეყანაში შეექმნას და სულ სხვა მიმართულებით აიღოს გეზი...

 

ასეთი პროგნოზის სიგნალები ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც სააკაშვილს თითო-თითოდ გამოაცალეს პერსონები საკვანძო თანამდებობებიდან, განსაკუთრებით კი ბოლოს, როცა ოდესის პოლიციის უფროსობიდან მოხსნეს მისი ნდობით აღჭურვილი გია ლორთქიფანიძე, რომელთან დაკავშირებითაც ქართველ სამართალდამცველებსაც ბევრი კითხვა აქვთ...

 

ერთი სიტყვით, ეს პროცესი თავის ლოგიკურ გაგრძელებამდე მივიდა და 6 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ქართველი დააკავეს, რომლებსაც ზოგიერთ წყაროში დაქირავებულ ქილერებადაც მოიხსენიებენ. ამ სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიასივრცეში პირველად „მარშალპრესმა" გამოაქვეყნა...", - წერს „პრაიმტაიმი" და აღნიშნული ინფორმაციის ძირითად ნაწილს გვთავაზობს. წყაროს ინფორმაციით, 6 ნოემბერს უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ორი ქართველი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ ბატალიონ „ქართულ ლეგიონში" მსახურობდნენ.



„...6 ნოემბერს უკრაინის სამართალდამცავმა უწყებებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია სახელწოდებით „კავკაზ", რა დროსაც საქართველოდან უკრაინაში საბრძოლველად წასული ორი ქართველი დააკავეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილ ბატალიონ „ქართულ ლეგიონში" მსახურობდნენ...

 

დაკავების მიზეზი ოდესის დეპუტატის თანაშემწის გატაცება გახდა, გამტაცებლები გამოსასყიდის სახით 200 000 აშშ დოლარს მოითხოვდნენ, და ისინი „ქართული ლეგიონის" წევრები გოჩა ხორავა და დავით მენაბდიშვილი (მეტსახელად „ქაჩა")აღმოჩნდნენ.

 

უკრაინის პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი კიდევ ხუთი ადამიანის გატაცებასა და მკვლელობაში დასდო.

 

დაკავებულები, ხორავა და მენაბდიშვილი 2006 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ.

 

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარა „ქართული ბატალიონის", „ქართველი პარტიზანებისა" და „ქართული ლეგიონის" მებრძოლები, ქართველ მებრძოლებს პროკურატურამ ქვეყნის დატოვება გამოძიების დასრულებამდე აუკრძალა.

 

უკრაინაში საქართველოდან ჩასული მებრძოლების და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შეკრების ადგილს, კიევში, ზურაბ მიქავას რესტორანი „ლაზიკა" წარმოადგენს.

 

სწორედ რესტორან „ლაზიკაში" იგეგმებოდა უკრაინაში მოქმედი ქართული ბატალიონის წევრებისა და „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ უკრაინასა და საქართველოში მოქმედების სტრატეგია.

 

ზურაბ მიქავა მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარი და გუნდის წევრია. უკრაინაში მყოფი ქართველი მაღალჩინოსნები ზურაბ მიქავას მეშვეობით ხშირად უკვეთავდნენ „ქართული ბატალიონის" წევრებს სხვადასხვა პოლიტიკოსის გატაცებას და ლიკვიდაციას, შუამავალის როლს მოქმედ ქართველ მაღალჩინოსნებსა და დაქირავებულ მკვლელებს შორის ხშირ შემთხვევაში ზურაბ მიქავა ასრულებდა.

 

გამტაცებელთა დაჯგუფების თავისუფალ მოქმედებებს ზურგს მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრები უმაგრებდნენ, რომლებიც უკრაინის პროკურატურის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ.

 

ოდესის დეპუტატის თანაშემწის გატაცებაში ეჭვმიტანილებმა ხორავამ და მენაბდიშვილმა რესტორან „ლაზიკის" მფლობელ ზურაბ მიქავას შეუთვალეს, რომ გამოეყენებინა მისი ახლო კავშირები მიხეილ სააკაშვილთან და უკრაინაში მოქმედ სხვა ქართველ მაღალჩინოსნებთან, რათა დახმარებოდა სასჯელისგან გათავისუფლებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გამტაცებლები მიქავას ჩაშვებით დაემუქრნენ და შეუთვალეს, რომ მას გატაცების შემკვეთად და ორგანიზატორად დაასახელებდნენ.

 

ქართველი გამტაცებლების „მომსახურებით" ხშირად სარგებლობდა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მისი დავალებით 20 მაისს დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს უკრაინაში მოქმედი სომეხი ბიზნესმენი გიორგი მელიქოვი.

 

მელიქოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის გარემოცვის წევრია. მელიქოვის გატაცების გამო, უკრაინის სამართალდამცველმა სტრუქტურებმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაიწყეს, რის გამოც გამტაცებლები იძულებულები გახდნენ, მძევალი გაეშვათ.

 

ამ შემთხვევისგან განსხვავებით არ გაუმართლა 15 მაისს გატაცებულ უკრაინელ ბიზნესმენს, რომელსაც გამტაცებლებმა თანხა მოსთხოვეს, თუმცა, ფულის გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც იგი მოკლეს.

 

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რასაც ქართველი მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გათავისუფლებაც მოჰყვა.

 

თანამდებობიდან გადააყენეს ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე და პირადი განცხადების საფუძველზე ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა მიხეილ სააკაშვილმაც.

 

მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ, უპატრონოდ დარჩენილი კრიმინალური დაჯგუფების და „ქართული ლეგიონის" ბედი გაურკვეველია დაჯგუფების წევრებისთვის.

 

ქართველი მებრძოლები ცდილობენ, დატოვონ უკრაინის ტერიტორია და ევროპის ქვეყნებს შეაფარონ თავი..." - წერს „პრაიმტაიმი" სააგენტო „მარშალპრესზე" დაყრდნობით.

 

 

„პრაიმტაიმმა" ეს ინფორმაცია გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირები არც კუდ-ის თანამშრომლები იყვნენ 2006-2009 წლებში და არც „ქართული ლეგიონის", - წერს გამოცემა და ამბობს, რომ ერთ-ერთი მათგანი „ქართველი პარტიზანების" რიგებში მართლაც იბრძოდა.


„თუმცა, რამდენიმე წყაროს საშუალებით დგინდება, რომ ერთ-ერთი მათგანი ერთხანს ნამდვილად იბრძოდა უკრაინაში „ქართველი პარტიზანების" რიგებში... დასტურდება მათი კავშირი „ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ ლიდერთანაც, თუმცა არ ჩანს პირდაპირი კავშირი სააკაშვილთან.

 

ამ ინფორმაციის ნამდვილობის კვლევის პროცესში მივაგენით რესტორან „ლაზიკასაც", რომლის ფოტომასალასაც აქვე გთავაზობთ და მოვიპოვეთ სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალაც, რომელსაც ფოტოების სახით აქვე წარმოგიდგენთ", - წერს გამოცემა და აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი