logo_geo
სკოლა კონტეინერში
- +

28 ივლისი. 2018. 03:34

 

 

ერთი მოსწავლე და ერთიც მასწავლებელი - სოფელ კიკიბოს დაწყებით სკოლაში აღარავინ დარჩა 8 წლის რამინ გობაძის და ნანა მაცაბერიძის გარდა. რამდენიმე წელია სკოლა მეტალის კონტეინერშია. წელს სოფელი სამმა ოჯახმა დატოვა. მიგრაციას ხელს ისიც უწყობს, რომ სოფლამდე, რომელიც რაიონული ცენტრიდან 25 კილომეტრით არის დაშორებული, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს.

 

კიკიბო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელია და დერცელის თემში შედის. სოფელი ზღვის დონიდან 1520 მეტრზეა და მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს. კიკიბოში აჭარლები ცხოვრობენ.

 

წლების განმავლობაში დაწყებითი სკოლა (კლასკომპლექტი) ხის სახლში ფუნქციონირებდა, თუმცა 2012 წელს, ხის შენობა ავარიულობის გამო სახიფათოდ მიიჩნიეს. დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლის გარეშე რომ არ დარჩენილიყვნენ, რაიონის გამგეობამ სკოლის ეზოში ტვირთის კონტეინერი მიიტანა. 6 წელია გაკვეთილები კონტეინერში ტარდება.

 

ნანა მაცაბერიძე ახლა კიკიბოს დაწყებითი სკოლის ერთადერთი მასწავლებელია. ის ახალციხიდან კიკიბოში სამუშაოდ 3 წლის წინ გადავიდა. ამბობს, რომ გასულ წელს კიკიბოს სკოლაში 6 მოსწავლე იყო, ოთხმა დაწყებითი კლასი დაამთავრა და სწავლა დერცელის 9 წლიან სკოლაში გააგრძელა. კიკიბოდან დერცელამდე 5 კილომეტრია. გზა ტყეზე გადის. ბავშვები სკოლის ტრანსპორტს გადაჰყავს, თუმცა კიკიბოს მცხოვრებლების თქმით, სოფელში დაწყებითი სკოლის არსებობა მაინც აუცილებელია - სკოლა ხალხისგან სოფლის დაცლას აფერხებს.

 

2017 წლის სექტემბრისთვის კიკიბოს სკოლაში სამი მოსწავლე ირიცხებოდა, მაგრამ ორმა ოჯახმა სოფელი დატოვა და 8 წლის რამინ გობაძე მარტო დარჩა.

 

„ძალიან მიყვარს მათემატიკა. მინდა პოლიციელი გამოვიდე და ქურდები დავიჭირო“, - უთხრა რამინმა „სამხრეთის კარიბჭეს“, რომელმაც კიკიბოს სკოლის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა.

 

კიკიბოს სკოლის ერთადერთი მოსწავლე და მასწავლებელი სკოლაში ყოველ დილით ერთად მიდიან. ტალახიან გზას ბოტებით გადიან, სკოლაში კი ჩუსტებს იცვამენ.

 

ნანა მასწავლებელი მთელ დღეს რამინს უთმობს. კითხულობენ, წერენ, თავისუფალ დროს ჭადრაკსაც თამაშობენ. სკოლაში არანაირი ტექნიკა არ აქვთ, რომ ჰქონდეთ - მაინც ვერ გამოიყენებენ - კონტეინერში ელექტროენერგიის შეყვანაზე უარი უთქვამთ.

 

„გასართობი აქ არაფერია. ერთი ბურთი გვქონდა და ისიც გასკდა. შუქიც არ გვაქვს, ზამთარში და ნისლიან ამინდებში, როცა გარეთ სიბნელეა, მოსწავლეს ფანჯარასთან ვსვამ რომ დაწეროს“, - ამბობს ნანა მასწავლებელი.

 

რამინ გობაძეს სკოლაში სიარული მომავალ წელსაც მარტო მოუწევს. 2018–2019 სასწავლო წელს კიკიბოს დაწყებით სკოლას, რომელიც დერცელის სკოლასაა მიერთებული, პირველკლასელი არ ეყოლება.

 

ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ინგა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, იყო საუბარი კიკიბოში ახალი დაწყებითი სკოლის შესაძლო მშენებლობის შესახებ, რესურსცენტრს სოფელში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციაც მოსთხოვეს, თუმცა რაიმე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

 

დერცელის სკოლის დირექტორის მერაბ ბერიძის თქმით, კიკიბოში სკოლამდელი ასაკის 5 ბავშვია, თუმცა არ იცის, „ვიდრე მათ სკოლა მოუწევთ, ბავშვიანი ოჯახები სოფელს შერჩებიან თუ არა“.

 

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, კიკიბოში 53 ადამიანი იყო რეგისტრირებული, დერცელში კი 255. წინა, 2002 წლის აღწერის მიხედვით, კიკიბოში 86 ადამიანი ცხოვრობდა, დერცელში 326.

 

სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციის ერთ-ერთ მიზეზად მერაბ ბერიძე იმას ასახელებს, რომ კიკიბო რაიონული ცენტრიდან შორს არის და უკიდურესად დაზიანებული გზის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი არა მხოლოდ კიკიბომდე, დერცელამდეც არ მოძრაობს. ამასთან, ისევე როგორც კიკიბოში, ადიგენის ზედა ზონის სოფლებშიც არცერთი საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს. სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები კი სკოლას სრულიად მოუმზადებლები ხვდებიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი