logo_geo
ლადო ვარდოსანიძე: სულ ერთია, ციხეში მყოფი იქნება თუ მის გარეთ, პასუხი უნდა მოვთხოვოთ!
- +

18 ნოემბერი. 2016. 17:25

 

 

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას თქმით, „სითი პარკის" ინვესტიცია მხოლოდ ის საღებავია, რომლითაც ქუჩებზე ავტომობილის გაჩერებისთვის ნებადართულ ადგილებს ხაზავენ. მისივე განცხადებით, როდესაც ბიუჯეტი არ გვაძლევს საშუალებას გამოვისყიდოთ „სითი პარკის" 25-მილიონიანი კონტრაქტი, პასუხი უნდა მოვთხოვოთ იმ ხალხს, ვინც ასეთი კაბალური კონტრაქტი გააფორმა.


„მნიშვნელოვანია, რომ უსაფუძვლო განცხადებები ციფრებით და არგუმენტებით იყოს გამყარებული. ასე რომ, საკრებულოს წევრების ადგილას მივუბრუნდებოდი იმ ადამიანებს და პასუხს მოვთხოვდი. როდესაც საკრებულოში მივალთ, მოვუწოდებ მათ, მიუბრუნდნენ თავიანთ კოლეგებს, რომლებმაც თავის დროზე „სითი პარკთან" ასეთი კაბალური ხელშეკრულება დადეს. დარწმუნებული ვარ, მათ პასუხს ერთად უნდა მოვთხოვთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


უნდა გააუქმოს თუ არა თბილისის მერიამ კონტრაქტი „სითი პარკთან"? - ამ შეკითხვით „რეზონანსმა" არქიტექტორ-ურბანისტ ლადო ვარდოსანიძეს მიმართა:


„ჩემი აზრით, მერიამ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. პირველ რიგში კი, პასუხი მოსთხოვოს იმ ადამიანებს, ვინც ეს ხელშეკრულება გააფორმა. სულ ერთია, ციხეში მყოფი იქნება ეს, თუ მის გარეთ.

 

რაც შეეხება აზრს იმის შესახებ, რომ ქალაქს 25 მილიონი არ აქვს, არ მგონია, ეს სიმართლე იყოს. როგორც ვიცი, გაისად ბიუჯეტი 800 მილიონია.

 

გარდა ამისა, ქალაქს შეუძლია სესხიც აიღოს. თუ, რა თქმა უნდა, საკრებულოს წევრების - ბატონი ელისაშვილისა და ზურაბიშვილის გათვლა ამ საკითხთან დაკავშირებით სწორია. ეს ყველაფერი გასათვლელი და გასასტუმრებელია, რომელზეც მერიის ფინანსურმა სამსახურმა უნდა იზრუნოს.

 

ისე, რა თქმა უნდა, ეს კომპანია კანონს უხეშად არღვევს და ამასთან დაკავშირებით აზრი არაერთი ადამიანისგან მსმენია. ვფიქრობ, ამ საკითხს მეტი ენერგია და დაინტერესება სჭირდება. რაც მთავარია, ჩვენთან, თბილისელებთან დიალოგის გამართვა და საზოგადოებრივი ჩართულობა აუცილებელია. ჩვენ მათ ხელფასს ვუხდით, ამიტომ მერია ვალდებულია, აზრი საზოგადოებას ჰკითხოს", - აცხადებს ვარდოსანიძე.

 

 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი