logo_geo
პატარა კახის მებრძოლები: ცქრიალაშვილის ცოლი, კუზიანი მოურავი და მეომარი მღვდელი
- +

3 ნოემბერი. 2018. 17:20

 

 

 

ბაგრატიონთა დინასტიიდან საქართველოს სამეფო ტახტზე ყველაზე ხანგრძლივად ერეკლე II იჯდა - მეფე, რომელსაც სასოებით შესცქეროდა ერი და ბერი, მისგან ელოდნენ ქვეყნისა და ხალხის ხსნას, მას სახავდნენ უფლის მახვილად მტერთან ბრძოლაში.

 

ამადაც ქართველებმა, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, არაერთი ლექსი გამოუთქვეს პატარა კახს, მრავალი ლეგენდა შექმნეს საამაყო მეფის შესახებ. მათთვის ერეკლე შეუძლებლის შემძლებელი გმირი იყო და ამადაც ეჯერათ, რომ:

 

„ერეკლემ ხმალი წინ დაიდვის და ისიც თავისთავად შემოერტყმისო... როცა ლოცვაზე დადგება, ხმალს მზის შუქზე დაჰკიდებს და ლოცვას რომ გაათავებს, იმ სხივისგან ისევ აიღებს ხმალსაო“.

 

რა გასაკვირია, რომ გმირ მეფეს მასავით უებრო ვაჟკაცები ეხვია გარს. გაბრიელ ბოსტაშვილზე უკვე გიამბეთ, ახლა, ყველას ჩამოთვლას ვერც შევძლებ და პატარა კახის მხოლოდ იმ თანამებრძოლებზე მოგახსენებთ, ვისი ამბავიც, შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს.

 

გოგია პაჭიჭაშვილი

 

1729 წელს მეფე თეიმურაზი, ერეკლეს მამა, მტერს ფშავში გაერიდა. იქ დაუძმობილდა ცხრა წლის უფლისწული თავის ტოლ ფშაველ ბიჭს, გოგია პაჭიჭაშვილს. თბილისში რომ დაბრუნებულან, გოგია თან წამოუყვანია მეფეს. იმ დღის შემდეგ, რაც კი ომი გარდაუხდია ერეკლეს, ყველაში გვერდში ჰყოლია ფშაველი ძმობილი — ინდოეთშიც კი.

 

ლაშქრობიდან რომ დაბრუნებულან, გოგიასთვის მცხეთაში ბეითალმანი (უპატრონო) სახლ-კარი და სახნავი მიწები უბოძებია ერთგულებისთვის. მისთვისვე ჩაუბარებია არაგვის სანაპირო მცხეთიდან ვიდრე დუშეთამდე, რომ ლეკთა თარეში შეეკავებინა...

 

 

მღვდელი გიორგი ლარაძე

 

1748 წელი იდგა. ქართლის მეფე იესეს (ალი-ყული-ხანის) ძემ, სამეფო ტახტის პრეტენდენტმა აბდულა-ბეგმა (იგივე არჩილმა) გამეფება მოინდომა და ქართლის დამორჩილება სცადა. როცა ქვეშის ციხეს მიადგა, აღმოჩნდა, რომ იქ მღვდელი გიორგი ლარაძე გამაგრებულიყო თავის მრევლთან ერთად, სულ ოთხმოცი კაცით. ბევრს ეცადა აბდულა-ბეგი, ხან „ხანჯარის გარმოდგომით“ და ხანაც „მრავალის დიდებისა და პატივის აღთქმით“, მაგრამ ვერაფერი დააკლო მოძღვარს: სანამ ბატონი ერეკლე ცოცხალია, მე სხვას ვერ ვეყმობიო, შემოუთვალა მომხდურს...

 

 

გლეხი ცქირიაშვილი და მისი ცოლი დარეჯანი

 

1754 წელი იდგა, მარიამობისთვე. ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი დიდი ჯარით შეესია კახეთს, მერე არაგვზე გადავიდა და აიკლო ქართლი ვიდრე ანანურამდე. ბოლოს მჭადიჯვარს მიადგა და იქ იყო, რომ სამარცხვინო მარცხი აწვნიეს ხუნძახის ბატონს ქართველებმა, რომელიც ოციოდე კაცით გაიქცა უკან, დაღესტანში.

 

ახლა, რა მოხდა ამ ბრძოლის დროს.

 

იმ დღეს საშინელი პაპანაქება მდგარა. ლეკებს კი საფრები ზედ ციხის გალავნის ძირში დაედგათ. ამით უსარგებლია გლეხ ცქირიაშვილსა, 60 თვალი სკა ფუტკარი აუტანია გალავანზე და გადაუყრია ლეკის ჯარში. დასევია ფუტკარი მომხდურებს და მთლად არეულა ლეკთა ჯარი.

 

ესეც არ უკმარიათ მჭადიჯვრელებს, ცქირიაშვილის ცოლი დარეჯანი გამოხტომია მოთარეშეებს და შვიდი საფარი დაუწვავს მათთვის...

 

 

მარტყოფის მოურავი ზაალ ანდრონიკაშვილი

 

ზაალ ანდრონიკაშვილს შეუტყვია, რომ ერთი ქართველი ვაჭრის ქარავანს ლეკები დასხმოდნენ თავს და, საქონელს ვინ დაეძებს, ათი ქალი გაერეკათ ტყვედ.

 

მდევარიო, დაუძახია კუზიან მოურავს, რომელსაც ბრძოლაში მიღებული ჭრილობა გამიზეზებოდა ზურგზე და კუზად ქცეოდა, და გამოსდგომია ლეკებს. დედოფლისწყაროსთან დასწევია და ერთიანად გაუჟლეტია მოთარეშეები, ტყვეები და ნადავლი კი უკან დაუბრუნებია მექარავნისთვის...

 

 

მღვდელი იესე მაჭავარიანი

 

ომში თუ მშვიდობის დროს მუდამ თან ხლებია პატარა კახს. ერთხელ ქიზიყში დაღესტნელები და ჭარელები გადმოსულან სალაშქროდ. დადევნებიან ქართველები და მიჰყოლიან ყარაღაჯამდე. ალაზნისა და ივრის შესაყარში კი ძნელად გასავლელ არხს შეუფერხებია ჯარი. ჩამომხდარა მამა იესე ცხენიდან, ბარისთვის უტაცია ხელი და მარტოს გავაკებია გზა. გადასულა ჯარი არხზე და მალევე მისწევიან მტერს...

 

ბრძოლაშიც ბევრჯერ გამოუჩენია ფხა მამა იესეს, აზატ-ხანის წინააღმდეგაც უბრძოლია, მჭადიჯვართანაც და მაშინაც, როცა ქართლ-კახელთა და იმერელთა გაერთიანებული ლაშქარი აღდგომია წინ მტერს. თან სამღვდელო მსახურებითაც მსახურებდა. მეფე თეიმურაზიცა და ერეკლე მეორეც, „ქალაქს გარეთ მყოფობაში“, აღსარებას მამა იესეს აბარებდნენ თურმე. ერთგულების გამო იყო, რომ პატარა კახს მღვდელ იესე მაჭავარიანისთვის ამოწყვეტილი თავადი სვიმონიშვილის ნაქონი მამული უბოძებია მთითა და ბარით...

 

ზემოთ გითხარით, რომ ეს მცირე ჩამონათვალია იმ მამაცი ადამიანებისა, ვისთან ერთადაც 78 წელი იცხოვრა, იღვაწა და იომა ერეკლე მეორემ.

 

აღა-მაჰმად-ხანთან მარცხის შემდეგ, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ფარნაოზ ბატონიშვილისთვის მიუწერია მეფეს:

 

 

„ყველა სოფლებში ასე აცოდინე, ყოველთვის მომზადებულები იყვნენ ჯარში გამოსვლისათვის ცხენით, იარაღითა და ფეხსაცმლითა და საგზლით, იქნებ ათს დღეზედ დაუძახოთ, იქნებ ოცს დღეზედ დაუძახოთ. ესეც იქნება, ერთი თვის უკან დაუძახოთ, ასე გამზადებულები იყვნენ, რომ ყოველთვის მოელოდნენ დაძახებას“.

 

ხალხიც სულ მზად იყო და ელოდა მეფის დაძახილს, მეფისა, რომლის ხევსურეთს ნაჭედი და მის გამზრდელ თუშეთში ნაფერი „ფრანგული“ ქარქაშში არ ჩაგებულა...

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი