logo_geo
თამაზ გოგია: ორი გვამი ჩამიდეს და პრაქტიკულად სამუდამოდ გამომკეტეს ციხეში
- +

21 ნოემბერი. 2016. 16:54


 


პროკურატურამ რამდენიმე გახმაურებული საქმის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ამ საქმეებს შორის არის უშიშროების ყოფილი მინისტრისა და მისი მეუღლის - თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის საქმე. 2010 წელს, მათი მკვლელობის ბრალდებით თამაზ ნინუას ბიზნესპარტნიორი თამაზ გოგია გაასამართლეს და დამნაშავედ ცნეს. ახალგამოვლენილი გარემოებებით კი ირკვევა, რომ ის სასჯელს უსამართლოდ იხდიდა.


„ახალგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის ეთერ ნინუას მკვლელობისთვის მსჯავრდადებულის თამაზ გოგიას მიმართ, რომელსაც 2010 წლის 13 აგვისტოს განაჩენით, მკვლელობისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

თამაზ გოგიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საფუძვლად დაედო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა თამაზ გოგიას მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდზე., რაც გახდა მთავარი მტკიცებულება თამაზ გოგიას მიმართ მკვლელობაში მსჯავრდადებისთვის.

 

ახალი გამოძიებით გამოიკვეთა ის გარემოება, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ჰქონდათ არალეგიტიმური დაინტერესება თამაზ გოგიას მიმართ, რათა მას ხელოვნურად შერაცხოდა თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის ფაქტი. ამ მიზნით სისხლის სამართლის საქმეში ხელოვნურად შეიქმნა მისი მამხილებელი მტკიცებულებები, რომლებიც გაბათილდა და ეჭქვეშ დადგა ახალი გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით", - აცხადებს პროკურატურა.


პროკურატურის მიერ ნინუების მკვლელობის შემსრულებლად დასახელდა ბიძინა კუჭავა, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი კუჭავა შესაძლოა, მალე უშიშროების ყოფილი მინისტრის თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობაშიც ოფიციალურად ამხილონ.


თამაზ გოგიას უდანაშაულობის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, „კორტების საქმეზე" ბრალდებული და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავა საუბრობს. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი იყო ერთ-ერთი, ვინც პროკურატურას თამაზ გოგიას სასარგებლო ჩვენება მისცა.


„წლების განმავლობაში ვცხოვრობდი ცაგარელის ქუჩაზე (ზუსტად ნინუების და კუჭავას კორპუსის წინ), ამიტომ საგამოძიებო მოქმედებების ადგილზე აღმოვჩნდი. ჩემს კოლეგებთან გავარკვიე, რომ ბინაში მოფენილი იყო წითელი წიწაკა, ხოლო თამაზ ნინუა და მისი ცოლი მოკლულნი იყვნენ თავში გასროლით „უცნაური ტყვიებით". ვთხოვე აღეწერათ ტყვია და ზუსტად CP4-ის ტყვია აღმიწერეს. მე მათ მოვუყევი მაღალდაძის მკვლელობის ამბავი, სადაც მსგავსი ტყვიები და ხელწერა გახლდათ. მაშინ მაღალდაძის მკვლელობაში ერთ-ერთ ეჭვმიტანილად სწორედ კუჭავა განიხილებოდა.

 

რატომ დააკავეს თამაზ გოგია, ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რადგან, როგორც შინაურულად მითხრეს, ორივე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიები აბსოლუტურად იდენტურია", - აღნიშნავს ფირცხალავა.

 

კუჭავას მიმართ გარკვეული ეჭვები აქვს თავად თამაზ გოგიასაც, რომელსაც ამ დღეებში ოფიციალურად ცნობენ უდანაშაულოდ და საპატიმროს დატოვებს. გაზეთმა „პრაიმტაიმმა" ამა წლის იანვარში ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა მასთან.


„მე-7 წელი დაიწყო, რაც სრულიად უდანაშაულო ადამიანი ციხეში გამომკეტეს, საშველი ხომ უნდა დაადგეს ამ საქმეს?! უნიჭოდ შეთხზული სცენარია, მდაბიო ადამიანების გაკეთებული. ამდენი ხანი ველოდებოდი საქმის გადახედვას, მაგრამ უშედეგოდ. სტრასბურგიდანაც ველოდები პასუხს. სამი წელი ნაციონალების პირობებში ვიხდიდი სასჯელს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ვიყავი. დავაავადმყოფდი კაცი", - საუბრობს პატიმრობაში მყოფი თამაზ გოგია.

 

თავად თამაზ გოგიას ინფორმაციით, ნინუების ბინიდან წაღებული იყო ბეჭდები და ძვირფასეულობა. მისი თქმით, სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო კუჭავას ინტერესი ნინუას მიმართ.


ნინუების მკვლელობის საქმეს სასამართლო 25 ნოემბერს განიხილავს და შესაძლოა, თამაზ გოგიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება იმავე დღეს დატოვოს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი