logo_geo
რატომ არ გაუკეთეს ოპერაცია რუსმა ექიმებმა სასიკვდილოდ განწირულ შოთა ნიშნიანიძეს
- +

17 სექტემბერი. 2019. 20:38

 

 

„ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, ერთი ოთახის ამარა დავრჩით. ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს. სამი ფანჯარა – მე, შენ და ბავშვი“ – ეს სტრიქონები შოთა ნიშნიანიძემ მაშინ დაწერა, როდესაც დაოჯახდა და ცოლთან ერთად ახალ ცხოვრებას თავის ერთ პაწაწინა ოთახში შეუდგა.

 


„რა კაცს ჰგავხარ


რომ იცოდე, რა კაცს…“

 


ნინო დარბაისელი: ეს ბატონმა შოთა ნიშნიანიძემ თავად მიამბო. მისი ნამდვილი გვარი მამაგეიშვილია. სტუდენტობისას, თურმე, დიდი წესიერებით არ გამოირჩეოდა და ლექტორები ხშირად აძევებდნენ აუდიტორიიდან. იყო ასეთი პროფესორი, ტრიფონ რუხაძე, კარგი კაცი და პოეზიის დიდი მოყვარული, მაგრამ ყოველ ლექციას ისიც მამაგეიშვილის გარეთ გაგდებით იწყებდა და ერთი უწიგნური ვინმეც ეგონა, მის პოეტობას ხომ როგორ წარმოიდგენდა! ერთხელ, ერთ რედაქციაში საგულდაგულოდ გამოწყობილ შოთას თავისი ლექსები აქვს მიტანილი და შემოდის ბატონი ტრიფონი. შოთა რაღაც ცუდის მოლოდინშია, მაგრამ არა! რედაქტორმა სტუმარს წარუდგინა უკვე ცნობილი ახალგაზრდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე და ორიოდე ლექსიც წააკითხა. უყურებს ბატონი ტრიფონი, უყურებს და ეუბნება:

 


– ვერ წარმოიდგენთ, ბატონო შოთა, როგორ ჰგავხართ ერთ ჩემს სტუდენტს, სახელიც რომ ერთი გქვიათ!.. არა, იმას როგორ შეგადრით, მაგრამ, ძალიან ჰგავხართ, ძალიან.


მეორე დღეს პროფესორი ლექციაზე შედის, ჩვეულებისამებრ, მამაგეიშვილს გარეთ აგდებს და დანანებით მიაყოლებს:

 


– რა კაცს ჰგავხარ, რომ იცოდე, რა კაცს…

 


იმ დროიდან ასეთი ურთიერთობა დამყარდა: თუ ტრიფონ რუხაძე მწერალთა კავშირის ან რედაქციების სიახლოვეს დაინახავდა შოთას (ეს ყველაფერი კი, ძირითადად, ლენინის მოედნის მიდამოებში იყო თავმოყრილი), „ბატონო შოთათი“ მიმართავდა და პოეზიასა და ლიტერატურაზე ხანგრძლივად ესაუბრებოდა, აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი ლექსების გამო. მელიქიშვილიდან დაწყებული, ვაკის სტუდქალაქის მიდამოებამდე კი, უბრალოდ, სალამზე პასუხობდა. საქმე მაშინ რთულდებოდა, თუ რუსთაველზე ხვდებოდნენ:

 


– რა ვქნა ახლა, რომელი ბრძანდებით, ბატონი შოთა ნიშნიანიძე თუ ის, მეორე… რა ჰქვია?…

 


– ნიშნიანიძე გახლავართ, ბატონო ტრიფონ! – პასუხობდა პოეტი და დიდხანს საუბრობენ პოეზიასა და ლიტერატურაზე. თუ შოთას სადმე ეჩქარებოდა ან სასაუბროდ არ იყო განწყობილი, მოკლედ მიუგებდა:

 


– მე „ის“ ვარ, ბატონო ტრიფონ, „მეორე“. პროფესორი თავს გულდაწყვეტით გაიქნევდა:


– რა კაცს ჰგავს და რა სახელს აფუჭებს! წაკითხული კი არა, გაგონილიც არ ექნება მისი ლექსები. საქმეა ახლა ეს? და გზას განაგრძობდა.


„ჟელეზნაია სტენკა“

 


მომავალი პოეტი, შოთა ნიშნიანიძე თბილისში, პლეხანოვზე, „დინამოს“ სტადიონთან ახლოს დაიბადა და იქვე იზრდებოდა. ცელქი ბავშვი ყოფილა. გამორჩეულად უყვარდა ქართული და ისტორია. 37-ე სკოლაში სწავლობდა და იქ, სხვა ბავშვებს შორის, შოთას ფოტოც იყო დაფაზე გამოკრული. ჭიდაობას მას შემდეგ დაანება თავი, რაც მხარი დაიზიანა. ფეხბურთი უყვარდა და თავადაც თამაშობდა. ერთ-ერთ გუნდში თავდაცვაში ¹3-ით თამაშობდა და მეტსახელად „ჟელეზნაია სტენკას“ ეძახდნენ. მამა სამხედრო მსახური, ხოლო დედა დიასახლისი იყო. 5 წლისას მამა გარდაეცვალა და ქალი 3 ვაჟიშვილთან ერთად მარტო დარჩა. ძალიან უჭირდათ. დედას უფროსი და ეხმარებოდა შვილების აღზრდაში. ბოლოს შოთა იშვილა კიდეც და თავისთან გადაიყვანა. დედობილი დიასახლისი გახლდათ, ხოლო მამობილი თბილისში რესტორნის მფლობელი. ფაქტობრივად, მას 2 დედა ჰყავდა და ორივეს „დედას“ ეძახდა.

 


გამზრდელები გვარად მამაგეიშვილები იყვნენ. შოთა ამ გვარზე მაშინ გადავიდა, როცა მეცხრე კლასში სწავლობდა. მისი ლექსები პირველად რომ დაიბეჭდა, მაინც თავის ნამდვილ გვარს აწერდა. ნიშნიანიძის გვარი მაშინ აღიდგინა, როცა უკვე მეუღლეც ჰყავდა და შვილიც…

 


პირველი წარმატება და სიყვარული შოთა ნიშნიანიძე სკოლის პერიოდში მეგობრებს სასიყვარულო ლექსებს უწერდა, რომ იმ სტრიქონებით თავი შეყვარებულებისათვის მოეწონებინათ. ბარათაშვილის იუბილესთან დაკავშირებით, პედაგოგმა ბავშვებს ლექსები დააწერინა. მათგან რამდენიმე ამოარჩია და მათ შორის იყო მორის ფოცხიშვილისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები. ისინი მასწავლებელმა, ცნობილმა ლიტერატორმა, იოსებ ჭალელიშვილმა ერთ-ერთ გაზეთში დასაბეჭდად წაიღო, მაგრამ უშედეგოდ. იმ დროისთვის შოთას დედობილთან მოსკოველი ბიძაშვილი ცხოვრობდა. მას ლიტერატურულ წრეებში ბევრი ნაცნობი ჰყავდა და შოთას ლექსები „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში მიიტანა. 2 პატარა ლექსი გაზეთში დაიბეჭდა. შემდეგ იყო „ლიტერატურული გაზეთი“, რაც პოეტის შემოქმედებითი გზის დასაწყისი გახდა.

 


ახალი თაობისთვის შეიძლება, გასაკვირი იყოს და არ იცოდნენ, რომ იყო პერიოდი, როცა ქალები და ვაჟები საშუალო განათლებას ცალ-ცალკე იღებდნენ. შოთა და თამარი ერთმანეთს ოლიმპიადაზე, კლუბში შეხვდნენ. შოთა მეთერთმეტე კლასში სწავლობდა, თამარი მეათე კლასის მოსწავლე იყო. ერთმანეთისთვის მაშინ არაფერი უთქვამთ. ეს მხოლოდ შეხვედრა იყო, თუმცა, იმ დღემ მათი მომავალი განსაზღვრა. მომდევნო შეხვედრა საახალწლოდ მოხდა. მაშინ პირველად გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ შოთამ მეგობარს თამართან პატარა რვეული გაატანა, რომელშიც ლექსები ეწერა. ერთხელაც, შოთა ჩიჯავაძეების ოჯახში მივიდა სალაპარაკოდ, მაგრამ რამდენჯერაც რამის თქმა დააპირა, თამარმა იმდენჯერ გააჩერა. მანამდე უმცროს დას ძმა მიუხვდა, თუ რა გრძნობა იყო მასა და შოთას შორის, მაგრამ თამარი არც ძმას გაენდო. ბოლოს, ოჯახში თავად თქვა, რომ გათხოვებას აპირებდა. ცოტა ხანში ჩიჯავაძეებთან პატარა სუფრა გაიშალა. შოთა დეიდასა და ბიძასთან ერთად ესტუმრა. ქორწილი არ გადაუხდიათ. ხელის მოწერასაც მხოლოდ შოთას ერთი ძმა დაესწრო და ახალდაქორწინებულები თავ-თავიანთ სახლებში წავიდნენ. წყვილმა მხოლოდ ათი დღის შემდეგ შეძლო ბორჯომში გამგზავრება. შოთას პირველი წიგნის ჰონორარი ჰქონდა აღებული, ცოლს საათი უყიდა საჩუქრად, თავადაც რაღაც ნივთები შეიძინა და დანარჩენი ფული თაფლობის დღეებს მოახმარა. ბორჯომიდან დაბრუნებულები კი საცხოვრებლად შოთას პატარა ბინაში გადავიდნენ. იმ ადგილს მაშინ მილიციის ქუჩა ერქვა, ახლა კი შოთა ნიშნიანიძის სახელს ატარებს. მოგვიანებით იმ ბინას პოეტმა სტრიქონებიც მიუძღვნა. სტაბილური შემოსავალი არასოდეს ჰქონიათ, ფილოლოგების ოჯახში დიასახლისი არ მუშაობდა, პოეტის ჰონორარიდან ჰონორარამდე ცხოვრობდნენ. ერთ წელიწადში მშობლები გახდნენ...

 


მთვარის შუქზე დაწერილი სტრიქონები

 


ნათია 3 წლის იყო, როცა შოთა ნიშნიანიძეს პავლოვის ქუჩაზე მწერალთა კავშირმა ერთოთახიანი ბინა მისცა. რამდენიმე წელიწადში ოროთახიან ბინაში გადაინაცვლეს, პლეხანოვზე. რასაკვირველია, ვერავინ შეუქმნიდა ისეთ სამუშაო კომფორტს, როგორიც სიჩუმეა (ა. კალანდაძე). ცოლ-შვილს უფრთხილდებოდა და ღამით ფურცელზე ისე წერდა, რომ ნათურას არ ანთებდა. მთვარის შუქზე დაწერილ სტრიქონებს, დილით თავადაც ძლივს არჩევდა. მეუღლეს ფანჯრიდან რამდენჯერმე შეუნიშნავს ქუჩაში ქმარი, რომელსაც ისეთი სახე ჰქონდა, რომ აშკარა იყო, გონებაში ახალ სტრიქონებს თხზავდა და სახლში ამობრუნებული გონებაში წამოტივტივებულ წინადადებებს ფურცელზე ინიშნავდა. საკუთარ ნაწერებს არ უვლიდა. ფურცლები მაგიდაზე ჰქონდა მიმობნეული. თუ მეუღლე დაულაგებდა, არ მოსწონდა, თუმცა იცოდა, რომ არაფერს გადაყრიდა არც მაგიდიდან და არც იატაკზე მიმობნეული დაჭმუჭნილი ფურცლებიდან. შოთა ნიშნიანიძე ყოველთვის ინტერესდებოდა მეუღლის აზრით და თავის „პირველ რედაქტორს“ ეძახდა. ლექსებს წასაკითხად რომ აწვდიდა, ეტყოდა ხოლმე, რაც არ მოგეწონება, დაუნდობლად წაშალეო... თან დააყოლებდა, იცოდე, ფრთხილად იყავი, რამდენ სტრიქონსაც წაშლი, იმდენ მანეთს დაკარგავო. ეს იმიტომ, რომ მაშინ პოეტებს ჰონორარს ასე, სტრიქონების მიხედვით უხდიდნენ… თავის კრებულებს ყოველთვის კითხულობდა. ერთ-ერთ ეგზემპლარს თავისთვის იტოვებდა და იქ „მუშაობდა“, აღნიშნავდა, რა მოსწონდა და რა – არა.

 

 

დაუნდობელი დაავადება

 


სიმსივნე... ავთვისებიანი... დაავადებამ მალე განიცადა პროგრესირება. პოეტი საავადმყოფოში რომ დააწვინეს, იქიდან ცოცხალი აღარ გამოუყვანიათ. ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელი პალატაშიც კი ფეხბურთის მატჩებს ადევნებდა თვალს. როცა დაავადება გაუმწვავდა, საყვარელი სპორტის სახეობის ყურება მოიძულა. სახლი და ჩემი საწოლი მომენატრაო, – თქვა ერთხელ და ოჯახის წევრებმა მართლაც გადაწყვიტეს, დროებით მაინც წაეყვანათ შინ, მაგრამ ვეღარ მოახერხეს. პოეტს გულმა უმტყუნა. დიაგნოზი 1999 წლის ივნისში შეიტყვეს და სამ თვეში უკვე ცოცხალი აღარ იყო.

 

 


... ერეკლე საღლიანმა იუბილეზე ასეთი რამ თქვა მოსკოვში საოპერაციოდ გამგზავრებულ პოეტზე, რამაც ყველას ყურადღება მიიქცია. 90-იანი წლები და დაძაბული ვითარება იყო, არცთუ კარგი განწყობა რუსეთისადმი და თურმე გულმოსულ რუს ექიმს მისთვის უთქვამს: ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყოველ ქართველს საოპერაციო მაგიდაზე დავტოვებდიო! შოთა ნიშნიანიძემ უარი განაცხადა ოპერაციაზე და სამშობლოში დაბრუნდა. მალევე გარდაიცვალა. ვინ იცის, ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო, იქნებ, დღესაც ცოცხალი ყოფილიყოო. მის ამ ნათქვამს მოგვიანებით ნიშნიანიძის ოჯახის ახლობელი ელიზბარ ნებიერიძე გამოეხმაურა პრესით, რასაც მტკნარი სიცრუე უწოდა. სინამდვილეში, შოთა ნიშნიანიძე ყოველთვის ნანობდა, რომ ოპერაცია არ გაიკეთა ჯერ კიდევ საკავშირო დეპუტატობის დროს, 1980-იან წლებში, კრემლის მეოთხე სამმართველოს საავადმყოფოში, სადაც, როგორც თვითონ ამბობდა ხოლმე, „ექიმები სულში იძვრენდნენ“, მაგრამ შეშინდა და ოპერაციის წინა დღეს გამოეწერაო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი