logo_geo
„იმედი მაქვს, „გირჩის“ წარმომადგენლების მიმართ, პოლიციას არ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება“
- +

22 ნოემბერი. 2016. 14:49



„ქართული ოცნების" წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში, ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ამ კუთხით ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ დასახვეწია.

 

„2012 წლის შემდეგ, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, ძალიან ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადავდგით. ცხადია, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.

არის ბევრი მიმართულება, რომელიც უნდა დაიხვეწოს, ეს იქნება პრევენცია თუ მკურნალობა-რეაბილიტაციის კომპონენტი.

აუცილებლად მოხდება სასჯელის ლიბერალიზაცია მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში", - აღნიშნა კილაძემ.

 

სოფო კილაძის თქმით, ნარკომანია რთული პრობლემაა და რაიმე მზა რეცეპტი მის წინააღმდეგ საბრძოლველად არ არსებობს.


„ჩვენ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ნარკოტიკების მოხმარებას და რაც მთავარია, უნდა უზრუნველვყოთ ნარკომომხმარებელთა მკურნალობა და რეაბილიტაცია", - განაცხადა დეპუტატმა.

 



მან „გირჩის" წევრების იმ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელშიც ისინი მარიხუანას საჯაროდ დათესვაზე საუბრობენ. 

„მე ვერ ჩავერევი საგამოძიებო ორგანოების კომპეტენციაში. არ ვიცი, კონკრეტულ შემთხვევაში ისინი როგორ იმოქმედებენ, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „გირჩის" წარმომადგენლები ამას არ გააკეთებენ და პოლიციას არ მოუწევს გადაწყვეტილების მიღება",- დასძინა სოფო კილაძემ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი