logo_geo
რა ახალი დეტალები იკვეთება ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში? - ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადება
- +

22 ნოემბერი. 2016. 16:34



ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ნიკა ლომინაძის მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. მან, როგორც დანაშაულში ბრალდებულების, გიორგი გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას ადვოკატმა, მოიპოვა ინფორმაციები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მათ აღნიშნულ საქმეში ბრალი არ მიუძღვოდათ.

 

 

„დანაშაულის ადგილზე იპოვეს სიგარეტის ნამწვი, რომელზეც, შემდგომში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 2 ადამიანის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა. გენეტიკური მასალა გამოიკვლიეს იქ ნაპოვნი სკოჩიდან და თმის ღერიდანაც. ეს ყველაფერი ანალიზისთვის ამერიკაში გააგზავნეს, ოღონდ, ეს მოხდა უკვე 2006 წელს. ნოდარ გვიჩიანი, ხერკელაძე, ჩემია და პაპაჩაშვილი მანამდე სულ სხვა, თურქი ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ნოდარი ცნობილი კრიმინალი იყო, უამრავი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და უვადო პატიმრობა ემუქრებოდა. მან გამოსავალი იპოვა და გამოძიებას აღუთქვა, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ ცნობილ გაუხსნელ საქმეებს გაგახსნევინებთო. თურქი ბიზნესმენის მკვლელობა გაახსნევინა, რაც ოთხეულს მართლაც ჰქონდა ჩადენილი. შემდეგ უკვე, გამოძიებამ გია გვიჩიანისკენ, როგორც ნიკა ლომინაძის მკვლელობის შემკვეთისკენ ხელის გაშვერა მოსთხოვა. ცრუ ვერსია სარწმუნოდ გამოჩნდებოდა, რადგან თურქი ბიზნესმენი მათ მართლაც ჰყავდათ მოკლული. გია გვიჩიანის ადვოკატებმა - მალხაზ ჯანგირაშვილმა, ირმა ჭკადუამ და მე - მოვიპოვეთ ინფორმაციები, რომ რეჟიმის ძალოვანებმა დაკავებული კრიმინალი ნოდარ გვიჩიანი რამდენჯერმე ფარულად და უკანონოდ შეახვედრეს ასევე დაპატიმრებულ ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძეს და გიორგი პაპაჩაშვილს, რათა ეს უკანასკნელები ნიკა ლომინაძის მკვლელობის ცრუ აღიარებაზე დაეთანხმებინათ, სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებას ჰპირდებოდნენ. სამეული ამას არ თანხმდებოდა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენების გამოძალვის მიზნით მათ სასტიკად აწამებდნენ ძალოვანები", - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.


 

ნიკოლაიშვილის თქმით, ამერიკიდან ჩამოსულმა ექსპერტიზის დასკვნამ აჩვენა, რომ ბრალდებულები ნიკა ლომინაძის მკვლელობის დროს ოთახში საერთოდ არ ყოფილან.

 

„ამ დროს გია გვიჩიანი დაკავებული არ იყო. მის დაპატიმრებას ძალოვანები არ ჩქარობდნენ, ვიდრე ცრუ აღიარებას არ მოიპოვებდნენ სამეულისგან. თან, ამერიკიდან გენეტიკური ექსპერტიზის პასუხს ელოდნენ, მაგრამ ამასობაში, ხდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო პროტესტი გორდება. ამ პროტესტის გადაფარვის მიზნით, რეჟიმი აჩქარდა, დნმ-ის დასკვნას აღარ დაელოდა და გია გვიჩიანი საჩვენებლად დააპატიმრა, მაგრამ აქედან სამიოდე კვირაში ამერიკიდან ჩამოაღწია ექსპერტიზის დასკვნამ, რომლის თანახმადაც, ნიკა ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან აღებული და ამერიკაში გაგზავნილი გენეტიკური მასალა ამ საქმის გამო დაკავებული არც ერთი პირის მონაცემებს არ დაემთხვა! ანუ აღმოჩნდა, რომ პაპაჩაშვილი-ხერკელაძე-ჩემია საერთოდ არ ყოფილან ოთახში ნიკა ლომინაძის მკვლელობის დროს.

 

ამის გამო გამომძიებელს ინფარქტმაც დაარტყა, გამოძიება ჩიხში შევიდა. გია გვიჩიანს შესთავაზეს, ნიკა ლომინაძის მკვლელობის დაკვეთა „თელასის" მაშინდელი ხელმძღვანელის იგნასიო ირიბარენისთვის დაებრალებინა და სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმებას ჰპირდებოდნენ. გია გვიჩიანი პრონციპულად არ დათანხმდა ამაზე. გამოძიებას ისღა დარჩა, დაპატიმრებულ სამეულზე გაეგრძელებინა ზეწოლა. ჯერ პაპაჩაშვილი დაითანხმეს, შემდეგ ხერკელაძე. მათ აღიარებინეს, ლომინაძის მკვლელობა და სანაცვლოდ, საპატიმროდან გაათავისუფლეს, ხოლო გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას სასამართლომ თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯა. მერე აღმოჩნდა, რომ ტყვიის გულა, რომელიც გამოძიებას მტკიცებულებად ჰქონდა წარმოდგენილი, მაღალჩინოსან პოლიციელს დავით კეკუას შეუცვლია. კეკუა დაიჭირეს, მაგრამ სიმართლის თქმა ვერ მოასწრო. ოფიციალური ინფორმაციით, მან საკანში თავი ჩამოიხრჩო, თუმცა, დიდი ალბათობით, იგი მოკლეს, რათა გამოძიების მიერ შეთითხნილი საქმე ერთბაშად არ დანგრეულიყო! დაცვის მხარემ აღმოვაჩინეთ უდიდესი დარღვევა, რომ პროკურატურამ მიზანმიმართულად დამალა ამერიკიდან ჩამოსული ექსპერტიზის დასკვნის პასუხი, რაზე დაყრდნობითაც, მტკიცდებოდა, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობა არ ჩაუდენიათ იმ პირებს, ვისაც ამის გამო ასამართლებდნენ!" - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი