logo_geo
რა მიზნით ყალიბდება „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ და რა მიმართულებებით იმუშავებს ის?
- +

22 ნოემბერი. 2016. 16:34


 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში „ერთობლივი ოპერაციების ცენტრის" მნიშვნელობასა და მისი მუშაობის ძირითად მიმართულებებზე საუბრობს. როგორც ხუციშვილი განმარტავს, ცენტრი ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას და აამაღლებს გამოძიების ხარისხს.

 

„პოლიციის ეფექტური საქმიანობა შეუძლებელია მხოლოდ საკადრო ან სხვა მენეჯერული გადაწყვეტილებების საფუზველზე ხდებოდეს. პროგრესი პირდაპირ დამოკიდებული გახდა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია განვითარებულ ქვეყანაში პოლიციის არსებობა. სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივას, შექმნილიყო პოლიციის ცენტრალიზებული ტექნოლოგიური ჰაბი. ამ მიზნით ყალიბდება „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი," რომლის მიზანი იქნება დანაშაულის პრევენცია და გამოძიების ხარისხის ამაღლება, ასევე, ხალხმრავალი ღონისძიებების, სხვადასხვა ოპერაციისა და კრიტიკული სიტუაციის პირობებში შსს-ს დანაყოფების კოორდინირებული და ეფექტური მართვა.

 

ცენტრი იმუშავებს სამი ძირითადი მიმართულებით:

1) რეალურ დროში განახორციელებს ქვეყანაში არსებული ვიდეოკამერებისა და ქუჩაში მყოფი პოლიციელების მუდმივ მონიტორინგს, დააფიქსირებს დანაშაულებებსა და დარღვევებს, რასაც გადასცემს უახლოეს საპატრულო ეკიპაჟს ან კრიმინალური პოლიციის ჯგუფს.

2) ცენტრში თავს მოიყრის შსს-ში დაცული ყველა ინფორმაცია და მონაცემთა ბაზა. ანალიტიკოსების მორიგე ჯგუფს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერი ინფორმაცია სწრაფად მიაწოდოს ქუჩაში მყოფ საპატრულო ინსპექტორს ან გამომძიებელს.

3) სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს პოლიციის ყველა ძალის მართვა სწორედ ამ ცენტრიდან განხორციელდება. ცენტრი დაფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას. პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს, აღარ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ადამიანურ რესურსებზე, უფრო ეფექტურად გავანაწილოთ სამუშაო დრო, ოპტიმალურად გავაგრძელოთ უახლესი ვიდეო-ანალიტიკური პროგრამების დანერგვის შეუქცევადი პროცესი", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი