logo_geo
ნორა კვიციანი: ადვოკატმა პირდაპირ მითხრა, იმ შემთხვევაში გაგათავისუფლებენ, თუკი შვილი და ძმა ჩაბარდებიანო...
- +

23 ნოემბერი. 2016. 20:26



სოფელ აჟარის ყოფილი გამგებელი ნორა კვიციანი სააკაშვილის რეჟიმის დროს უსაფუძვლოდ დაიჭირეს. დღეს ის სასამართლომ გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო. ნორა კვიცინი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მის საქმეზე სამართალი რომ დადგა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.


 

„როდესაც ციხიდან გამოვედი, არაფერი მებადა, არც ბინა მქონდა - ჩემს ქალიშვილთან ვცხოვრობდი. ლტოლვილთა სამინისტროსგან ამაოდ ველოდი საცხოვრებელი ფართის გადმოცემას, თუმცა, რომც მოეცათ, მაინც ვერ მოვიხმარდი, რადგან უკანონოდ დაკისრებული 75 ათას ლარზე მეტი ჯარიმის სანაცვლოდ წამართმევდნენ. ერთადერთი, ჯარიმა ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გაუქმებულიყო, ან პრეზიდენტის შეწყალება უნდა მომეთხოვა.

 

ჯერ კიდევ პრეზიდენტად არჩევამდე, ვეტერნებთან შეხვედრაზე დავუსვი გიორგი მარგველაშვილს შეკითხვა - თქვენი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში მოხდება თუ არა კოდორის ხეობის საქმის გამოძიება-მეთქი? სამჯერ გაიმეორა - ვიცი, რაც გამოიარეთ, მე ვიქნები თქვენი ამ უსამართლობის გარანტიო!

 

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიჭირდა შეწყალების თაობაზე განცხადების დაწერა, სხვა გზა არ მქონდა - 75 ათასი ლარი კისერზე მაწვა, მაგრამ ჩემს განცხადებას მარგველაშვილი არ გამოხმაურებია. ბოლოს აღმოჩნდა, რომ შეწყალებაზე უარი მითხრა, კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს უდანაშაულობას ვერ დავამტკიცებდი.

 

იმავე პერიოდში ჟურნალისტ ზაზა დავითაიას დახმარებით ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციას მივმართე. პრემიერმა ბოდიში მომიხადა - პირადად ვერ ვახერხებ შეხვედრას, მაგრამ ჩემს წარმომადგენელს აუხსენით სიტუაციაო. ყველაფერი მოვუყევი, რაც მაწუხებდა - ამ ხელისუფლების პირობებში რატომ უნდა დავეძებდე სანთლით სამართალს-მეთქი. ირაკლი ღარიბაშვილის მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება. მაშინვე დაავალა პროკურატურას, ამ საქმის ხელახალი გამოძიება დაეწყოთ. მისი მოთხოვნის საფუძველზე შევიტანე განცხადება და შედეგიც სახეზეა! დღეს ჩემს საქმეზე სამართალი რომ დადგა, ეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა! მისი ბრძანება და პროკურატურის მონდომება რომ არ ყოფილიყო, დღეს ეს საქმე ისევ ჰაერში იქნებოდა გამოკიდებული.

 

ახალგაზრდა გამომძიებელმა ლევან ქუთათელაძემ სული და გული ჩადო, რომ სიმართლე დაედგინა. ერთი პატარა დეტალიც კი არ დატოვა უყურადღებოდ.

 

ენა ვერ აღწერს, ისეთი სიმწარე გადავიტანე. ჩემი ძმისა და შვილის გამო სააკაშვილმა 21-ე საუკუნეში მძევლად ამიყვანა! ადვოკატმა პირდაპირ მითხრა, შემოთავაზებაა - იმ შემთხვევაში გაგათავისუფლებენ, თუკი შვილი და ძმა ჩაბარდებიანო. ამ სიტყვის მერე უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რამდენ წელს მომისჯიდნენ", - განაცხადა ნორა კვიციანმა.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი