logo_geo
მანანა კობახიძე: არასოდეს მიბრძოლია რაიმე თანამდებობისთვის
- +

15 ნოემბერი. 2016. 18:17


„ქართული ოცნების" წევრმა და მე-8 მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" განაცხადა, რომ გუნდის მხრიდან მის მიმართ არანაირ წყენას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, დღევანდელი გამოწვევის ფონზე, ნაკლებად მნიშვნელოვანია საუბარი მის კანდიდატურასთან დაკავშირებით. 


„გუნდის არცერთი წევრისგან არანაირი წყენა არ მიგრძვნია. პირიქით, ყოველთვის ვგრძნობდი გუნდის მხარდაჭერას, თანადგომას და პატივისცემას. ზოგადად, არა მგონია, ჩვენი პოლიტიკაში შემოსვლა, რაიმე თანამდებობების დაკავებით იყოს განპირობებული.


თავის დროზე, 2012 წელს, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის დასაწყებად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაგვაერთიანა. ეს ბრძოლა კი რეჟიმის წინააღმდეგ იყო. ვფიქრობ, ჩვენი ერთობა ახლაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს ვუპასუხოთ. სწორედ ეს საკითხებია ჩემთვის მნიშვნელოვანი და არა ის, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.


მანანა კობახიძის თქმით, მას გამიზნულად არასდროს უბრძოლია გარკვეული თანამდებობის დაკავებისთვის. მისი თქმით, თუ ის ნაბიჯებს გარკვეული პოზიციისკენ მიზანმიმართულად გადადგამდა, თუნდაც ვიცე-სპიკერობიდან თავმჯდომარეობამდე, ის ამას აუცილებლად მიაღწევდა.  


„მიზანმიმართულად არასოდეს მიბრძოლია რაიმე თანამდებობის დაკავებისთვის. ყოველთვის დრო და ვითარება განაპირობებდა იმ პოზიციას, რაზეც შეიძლება დანიშნული ან არჩეული ვყოფილიყავი. თუ დავისახავდი მიზანს, რომ რაღაც კარიერული წინსვლა მქონოდა პარლამენტში, მას აუცილებლად მივაღწევდი. ალბათ, მხოლოდ ერთი ნაბიჯი იყო ვიცე-სპიკერობიდან პარლამენტის თავმჯდომარეობამდეც", - განაცხადა კობახიძემ.





 

big_banner
არქივი