logo_geo
გელა ბაბლუანი: პოლიტიკოსებს ვუყურებ, როგორც მსახიობებს...
- +

23 ოქტომბერი. 2020. 21:37

 

 

ჟურნალისტები არ ვართ განებივრებული გელა ბაბლუანის ინტერვიუებით. მიხარია, რომ მე იშვიათი გამონაკლისი აღმოვჩნდი...

 

– პანდემიის პირველი ტალღა საქართველოში გაატარეთ, ახლა სად ხართ?

– ახლაც საქართველოში ვარ, ჩემი 8 წლის გიორგი ერთი წლით ამერიკიდან წამოვიყვანე და ბედნიერები ვართ. სკოლაშიც აქ გადმოვიდა, „ნიუ სქულში“ დადის. მართალია, ინგლისურად სწავლობს, მაგრამ ქართულად კარგად ლაპარაკობს.

– როგორ შეეგუა აქაურობას?

– ვკითხე, რა განსხვავებაა აქაურობას და იქაურობას შორის-მეთქი და მიპასუხა, აქ ძალიან ბევრი ხეა, ნიუ-იორკში ამდენი არ არისო. აქ ბევრი დანგრეული შენობაა, ნიუ-იორკში არაო. ვუპასუხე, ზოგიერთი შენობა აქ რომ იდგა, მაშინ ნიუ–იორკი არც არსებობდა-მეთქი...

– რას ატყობთ, ესეც ბაბლუანების კინოინდუსტრიის წარმომადგენელი იქნება?

– მაგაზე არ ვფიქრობ, მთავარია ბედნიერი იყოს. ცოტა სხვანაირი გონება აქვს, იმიტომ, რომ ბევრ კულტურას იცნობს. პანდემიამდე საფრანგეთში დიდ დროს ატარებდა. ძალიან ბევრს მოგზაურობს. დედა ირლანდიური წარმოშობის უკვე მესამე თუ მეოთხე თაობის ამერიკელია. გიორგი დედასთან ცხოვრობს, თუმცა ჩემთანაც ხშირად არის და წელსაც შევთანხმდით, რომ ერთი წელი მამასთანაც გადმოსულიყო. მე რომ ჩავდიოდი მის სანახავად და უკან ვბრუნდებოდი, განიცდიდა, არ მიშვებდა, ჩანთას მიმალავდა და კართან იდგა.

– როგორ შეგცვალათ მამობამ?

– აღმოვაჩინე, რომ შვილზე უკეთესს ვერაფერს შექმნის ადამიანი. პრიორიტეტები სხვა რამ მეგონა და თურმე სულ სხვა ყოფილა. ქალი უფრო ადრე აანალიზებს ამას, იმიტომ, რომ ცხრა თვეს მუცლით ატარებს. მამად ყოფნა სულ სხვა შეგრძნებაა.

– მარტო ცხოვრობთ თქვენ და გიორგი, თუ დიდ ოჯახთან ერთად?

– მარტო ვცხოვრობთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდ ოჯახთან გვაქვს მისვლა-მოსვლა. ხანდახან ჩემს ძმასთან მიდის გიორგი, ხანდახან დედაჩემი მოდის. ჩემმა ძმამ შარშან გადმოიყვანა აქ ბავშვები, უნდოდა, ქართული არ დავიწყებოდათ...

– ოლგაც აქ არის, მხოლოდ თქვენი მეოთხე დედმამიშვილი, სოფოა პარიზში. თითქოს ძველ რეჟიმსა და რეალობაში დააბრუნა ბაბლუანების დიდი ოჯახი ამ პანდემიამ... ოდესმე წარმოიდგენდით, ასე რომ შეიცვლებოდა ცხოვრება? ბევრი რამის ტემპი შეანელა პანდემიამ, სამაგიეროდ, ფიქრისთვის გვაქვს დრო... რაზე გეფიქრებათ ყველაზე ხშირად ან რა დასკვნები გააკეთეთ?

– საყვარელი ადამიანები, ოჯახი, ჩვენი საქმე... ყველაფერზე ვნერვიულობ ამ პანდემიის დროს, განსაკუთრებით – მშობლებზე, უკვე ასაკში არიან.

– თქვენ ხომ მუდმივად გაქვთ კონტაქტი ყოფილ მეუღლესა და სამეგობროსთან, ტრამპის ინფიცირებაზე რას ამბობენ?

– ყველანაირი ვერსია მოვისმინე – ზოგი ამბობდა, რომ არ ჰქონია ვირუსი და ეს რაღაც ემოციური გათვლა იყო წინასაარჩევნოდ, ზოგს სჯერა, რომ მართლაც იყო ინფიცირებული ამერიკის პრეზიდენტი.

– არჩევნების წინ ბევრი პარტია აქტიურობს. ვფიქრობ, გამარჯვების ამბიცია ბევრს აქვს, ბევრს სჯერა, რომ მხოლოდ მას შეუძლია სასიკეთოდ შეცვალოს ჩვენი მომავალი. მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას?

– კი, მივიღებ, მაგრამ მაოცებს ზოგიერთი ადამიანის უნამუსობა. მახსოვს, რას და როგორი შემართებით ლაპარაკობდნენ და დღეს როგორ უტიფრად შეუძლიათ აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგოს თქმა. მიჭირს დავიჯერო, რომ მათ ხალხს კეთილდღეობაზე ზრუნვა შეუძლიათ.

რადგან პოლიტიკა არ მესმის, პოლიტიკოსებს ვუყურებ, როგორც მსახიობებს, პროფესიული თვალით. არიან მსახიობები, რომლებიც დაგაჯერებენ და არიან ისეთები, რომლებსაც სინჯებზევე ეტყობათ, რომ ამ როლს ვერ ითამაშებენ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი წარუმატებელი მსახიობი გვყავს პოლიტიკაში. ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია პრინციპები და ზნეობრივი წითელი ხაზი, ყველაფრის კადრება შეუძლია. როდესაც ადამიანი კარგს აკეთებს – არა აქვს მნიშვნელობა, მოგწონს ის თუ არა, კარგი უნდა დაინახო. დაუნახავი ადამიანი არ შეიძლება, სიმართლეს ქადაგებდეს... უკვე აშკარაა, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი იოლი არ იქნება.

– რას გულისხმობთ?

– ბევრისგან მოვისმინე, არჩევნები გაყალბდებაო. მათი ხედვით, თუ ოპოზიციამ გაიმარჯვა, არჩევნები გაყალბებული არ იქნება, თუ მმართველმა ძალამ – მაშინ გაყალბებულია. იმის დაშვებაც არ უნდათ, რომ შეიძლება ოპოზიცია დამარცხდეს, ამიტომ მგონია, რომ უკვე გასაგებია, თუ რა მოჰყვება არჩევნებს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს.

– როგორ გგონიათ, როგორ გამოხატავენ ისინი დამარცხებას?

– არ ვიცი, ძალიან ბევრი არაადეკვატური ადამიანია და არ ვიცი, მათგან რას უნდა ველოდოთ.

– დავითგარეჯის მოვლენებს თუ ადევნებთ თვალს? ზოგი ფიქრობს, რომ ეს წინასაარჩევნოდ გააქტიურებული თემაა, რომელიც არჩევნების შემდეგ არავის ეხსომება...

– ისე წარმოაჩენენ ვითარებას, თითქოს წინასაარჩევნოდ გულწრფელად არაფერზე შეიძლება ლაპარაკი. რადგან წინასაარჩევნო პერიოდია, არ შეიძლება რომელიმე რეალურ პრობლემაზე ვიმსჯელოთ. ცხოვრება გრძელდება, ათას რამეს ვიგებთ, ათასი რამ ხდება... როგორ შეიძლება, ყველაფერი, რაც მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო ხრიკი იყოს?! მე მამა კირიონს ბავშვობიდან ვიცნობ, ერთ სკოლაში ვსწავლობდით... ცოტა უფროსია ჩემზე... ძალიან სუფთა ადამიანია. წლებია არ მინახავს, მაგრამ ვიცი, როგორია და მჯერა მისი.

– კარგ პოლიტიკოსს რა თვისებები უნდა ჰქონდეს?

– მერაბ კოსტავა მომწონდა, რადგან მას ჰქონდა საჭირო სულისკვეთება, ის პასუხისმგებელი იყო თავის იდეებზე... ყველა პოლიტიკოსი, უპირველესად, პატრიოტი უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი მაინც დამოკიდებულია გუნდზე. გუნდს ყოველთვის ჰყავს კაპიტანი, მაგრამ თითოეულ კანდიდატს თავისი დანიშნულება და პოზიცია აქვს. კინოშიც ასეა – არის რეჟისორი, მაგრამ არის ბევრი სხვა ადამიანიც, რომელთაც თავიანთი საქმე აქვთ. ყველაფერი საათივით უნდა იყოს აწყობილი და მუშაობდეს. მგონია, ქვეყანაში არის ყველა რესურსი, რომ ყველაფერში გამართული ვიყოთ, მაგრამ მთავარია, მათთვის, ვინც ხელისუფლებაში მოსვლას აპირებს, ხალხსა და ქვეყანაზე ზრუნვა იყოს პრიორიტეტი.

– თქვენი თავი წარმოგიდგენიათ პოლიტიკაში?

– არსებობს ასეთი გამონათქვამი: არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე კარგი პოლიტიკა არის ჩემი საქმის კარგად კეთება.

– თქვენს ოჯახზე მიამბეთ...

– მე და თემური ხასიათებით განვსხვავდებით. თემურს ძალიან უყვარს შვილები, ზრუნავს ჩვენზე და ხანდახან აჭარბებს კიდეც. მისი შიში გამომდინარეობს იქიდან, როგორი ცხოვრებაც ჰქონდა და ეს მესმის, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად ვცხოვრობთ. მე ჩემს შვილს მეტ თავისუფლებას ვაძლევ. გიორგის სხვა ეპოქაში უწევს ცხოვრება და მინდა ინდივიდი იყოს... მე მამასთან ერთად გავიზარდე, პირველი ბიჭი ვიყავი და სულ თან დავყავდი...

– ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ცხოვრებაში?

– შვილი, ოჯახი, სამეგობრო და ქვეყანა.

 

ეკა სალაღაია

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი