logo_geo
ნიკა პაპოშვილი: შესაძლოა ფრინველებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნან ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს
- +

11 დეკემბერი. 2020. 22:16

 

 

„ზოგჯერ შოშიები და სხვა ფრინველები თვითმფრინავებს ეჯახებიან, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს”, - ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის მკვლევარ-ორნითოლოგმა ნიკა პაპოშვილმა „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

 

„ამ მხრივ განსაკუთრებით სარისკო ადგილებია ნაგავსაყრელები, სადაც ზამთარში ათასობით შოშია იკრიბება და ნარჩენებით იკვებება. რამდენიმე ათასი ფრინველი ჰაერში ერთად რომ აფრინდება და ულამაზეს ფიგურებს ხაზავს, მართლაც სასიამოვნო სანახავია, მაგრამ თუ იქვე ახლოს აეროპორტია, შესაძლოა ფრინველებმა სერიოზული საფრთხე შეუქმნან ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს“, - ამბობს ორნითოლოგი.

 

კითხვაზე - ბუნებაში ვინ არის შოშიის მთავარი მტერი, პაპოშვილი ასე პასუხობს:

 

„შოშიის მთავარ მტრად შეიძლება მივიჩნიოთ ლელიანის კატა, რადგან ეს ფრინველები ლელიანს დასაძინებლად იყენებენ, საღამოობით იქ იკრიბებიან და ღამეს ათევენ, მთვლემარე ფრინველი კი ადვილი მოსახელთებელია ლელიანის კატისთვის, თუმცა ამ შანსს არც მელია უშვებს ხელიდან. ფრინველებს შორის მისი მტრები არიან მიმინო და შევარდენი, თუმცა მრავალრიცხოვნობის გამო შოშიების პოპულაციას მათი თავდასხმები საფრთხეს ვერ უქმნის. კიდევ ერთი საინტერესო თვისება უნდა გამოვყო, რომელიც შოშიას ახასიათებს – მე კარგა ხანს ვაკვირდებოდი და აღვრიცხავდი ქვემო ქართლში გავრცელებულ ფრინველებს. ამ რეგიონში შოშია ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სახეობაა. ხშირად ვხედავდი, როგორ დაჰყვებოდნენ შოშიები ცხვრებს, ძროხებსა და სხვა შინაურ ცხოველებს – ბეჭებზე ასხდებოდნენ და ტკიპებს აცლიდნენ. ეს მეტად საინტერესო ქცევაა, შოშიები ერთგვარ „მკურნალებად“ გვევლინებიან და ცხოველებისთვის დიდი სარგებლობა მოაქვთ. საქმე ორივე სახეობისთვის სასარგებლოა – შოშიებისთვისაც და ცხოველებისთვისაც, რომლებიც პატარა ჩიტებს არ იგერიებენ და არაფერს უშავებენ“, - აცხადებს ილიას უნივერსიტეტის მკვლევარ-ორნითოლოგი ნიკა პაპოშვილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი