logo_geo
გიგა ბოკერიას დავალებით რეგიონებში სააკაშვილის მხარდამჭერებს იბირებენ
- +

26 ნოემბერი. 2016. 21:11



ნაციონალურ მოძრაობაში კლანური გავლენებისთვის ბრძოლა გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა.


ნაციონალურ მოძრაობაში შიდა დაპირისპირება გრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა გიგა ბოკერიას  და სააკაშვილის ე.წ ფლანგს შორის. პარტიის წევრებთან დაახლოებული პირის ინფორმაციით, გიგა ბოკერია ლიდერობისთვის იბრძვის და  მიხეილ სააკაშვილისთვის პარტიის ჩამოსართმევად ძალ-ღონეს არ იშურებს.


ამისთვის კი რეგიონულ აქტივთან ინტენსიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს და მათ გადმობირებას ცდილობს. როგორც წყარო აცხადებს, ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები, აკაკი ბობოხიძე და მიხეილ მაჭავარიანი გიგა ბოკერიას დავალებით საქართველოს ყველა რეგიონში ჩადიან, ხვდებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს და კოორდინატორებს და პარტიული ყრილობისთვის გიგა ბოკერიას კლანის მხარდასაჭერად ამზადებენ.


ბობოხიძე და მაჭავარიანი რეგიონებში, შეხვედრაზე მისულ  ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს ეუბნებიან, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსულს ჩაბარდა  და რეალურად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  ერთადერთი ლიდერი გიგა ბოკერიაა.


ბოკერიას წარგზავნილი ენმ-ს ლიდერები, პარტიულ აქტივისტებს ურჩევენ ერთგულება გამოხატონ მათი ახალი ლიდერის, გიგა ბოკერიას მიმართ და დაეხმარონ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში.


კლანური დაპირისპირების თემა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი არ არის, შეგახსენებთ,  რომ მიხეილ სააკაშვილიც ანალოგიური მეთოდებით ცდილობს მისი მეტოქის, გიგა ბოკერიას ჩამოშორებას.  სწორედ ამას ადასტურებს უკრაინულ და ქართულ მედია საშუალებებში გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაცია, მიხეილ სააკაშვილისა და აკო მინაშვილის შეხვედრისა და იმ გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა უნდა ჩაიშალოს.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი