logo_geo
მაგდა ჯოხაძე: ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, როგორზეც გათხოვებას ვისურვებდი
- +

19 მარტი. 2021. 23:48

 

 

 

მაგდა ჯოხაძისთვის პანდემიის პერიოდში კარჩაკეტილობა საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა – მომღერალმა ბიზნესი წამოიწყო, მიწის ფასი გაიგო და არც სამსახურს მოწყვეტილა.

 

მაგდა ჯოხაძე: კარანტინის პერიოდი საშინელება იყო. მოგეხსენებათ, დიდი ეზო გვაქვს, ავდექი და დავბარე (იცინის). მოვაშენე პომიდორი, მწვანილები, კიტრი, გოგრა. ავაყვავე ბაღ-ბოსტანი და ოჯახი ნატურალურად ვკვებე. სადმე ხომ უნდა დამეხარჯა ენერგია?! ოჯახი კი ცოტა გაოცებული მიყურებდა, მაგრამ ყველაფერი ვისწავლე და კარგადაც გამომივიდა.

 

დიდი შვილები გყავს, ვინც არ იცის, რომ დედა ხარ, ალბათ, და-ძმანი ჰგონიხართ, არა?

 

– 27-ისა და 25-ის. მე 44 წლის ვარ. კი, და-ძმა ვგონივართ და მერე ამხელა ვაჟი და გოგონა რომ დედას დამიძახებენ, გაოცებული სახეებით გვიყურებენ. თან, სახელით არ მომმართავენ და მწყინს – მე მომწონს ჩემი ამპლუა. ნაადრევი ყველაფერი კარგია, სიკვდილის გარდა.

 

შვილები რას ფიქრობენ ქორწინებაზე?

 

– ახლანდელი თაობის ადამიანები ან ადრე თხოვდებიან ან ოცდაათ წლამდე საერთოდ არ თვლიან საჭიროდ დაქორწინებას. სწორიცაა, როცა სტუდენტი ხარ, რატომ უნდა გაიჭირვო? ყველაფერს მოესწრებიან. მე ადრე გადავდგი ეს ნაბიჯი და ჩემს შვილებსაც რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, ჩემს სათქმელს ვეტყოდი. მათ არჩევანს პატივს ვცემ, ისევე, როგორც ისინი ჩემსას. ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის – ოჯახში ეს პრინციპი გვაქვს და თუ წავიქცევით, ყველა ერთად წავიქცევით. წამოდგომითაც ერთად წამოვდგებით. რა ასაკშიც მე თამამად გამოვაცხადე ოჯახში, რომ შეყვარებული მყავდა, ჩემს შვილს რომ იგივე ექნა, ალბათ, რქები ამომივიდოდა (იცინის). შეიძლება, არ გამომეხატა, მაგრამ შინაგანად მოვირყეოდი. დედაჩემთან რომ ვავლებ პარალელს, ამ ამპლუაში მე ძალიან მკაცრი ვარ – მისნაირი დედა ვერ გამოვდექი.

 

არაჩვეულებრივად გამოიყურები. გარეგნობაზე განსაკუთრებულად ზრუნავ თუ მხოლოდ გენეტიკის დამსახურებაა?

 

– გენეტიკა – თავისთავად, მაგრამ ხელშეწყობა აუცილებელია. თუ არ ჩავთვლით, რომ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, დანარჩენი ყველაფერი ჩემი მაქვს და ჯერ რამე ჩარევა არ მჭირდება. თავის მოვლის პროცედურებს მივმართავ, ოჯახური რეცეპტებით ძალიან კარგ სახისა და ტანის მოვლის საშუალებებს ვამზადებ.

 

ბიზნესი წამოიწყეთ, არა?

 

– კი და ვნახოთ, როგორ გაგვიმართლებს. ეს ისტორია დიდი ბებიიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. სამეგობროში ყველა კმაყოფილი იყო ჩემ მიერ ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული თავის მოვლის საშუალებებით. უკვე 30 წელია, ამას ვაკეთებ, ასე რომ, ზუსტად არ ვიცი, გენეტიკამ „შემინახა“ თუ ჩემმა კრემებმა (იცინის). პანდემიის დროს, ჩემმა გოგონამ მითხრა, როდემდე უნდა იყო კეთილი სამარიტელი, მოდი, ეს საქმე ბიზნესად ვაქციოთო და ასეც მოვიქეცით. მოკლედ, ამ პანდემიის დროს მიწის ფასი გავიგე და ახლა მინდა, ფულის ფასი გავიგო (იცინის).

 

მეორედ რატომ არ შექმენი ოჯახი?

 

– ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, როგორზეც ვისურვებდი გათხოვებას (იცინის). ალბათ, შინაგანი შიშის ფაქტორიცაა – რომ არ გამიმართლოს? შეიძლება, ამიტომაც ვიხევ უკან. ალბათ, სიღრმეებში ტრავმაც მაქვს, რომელიც ფობიას იწვევს და არ მინდა, ეს ამბავი კიდევ მოხდეს. ალბათ, ჯერ ის სიყვარულიც არ მოსულა ჩემს ცხოვრებაში.

 

შვილებს როგორი დამოკიდებულება აქვთ შენს გათხოვებასთან?

 

– ვაიმე, ჩემს შვილებს უნდათ. მეუბნებიან, ოღონდ შენ რამე მოიფიქრე და ჩვენ შენ გვერდით ვართო (იცინის). შვილებთან ძალიან გახსნილი ურთიერთობა მაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთის საცვლებში ვიქექებით, მაგრამ შვილმა აუცილებლად უნდა იცოდეს, დედას თუ ვინმე ჰყავს გვერდით და ეს ვიღაცისგან არ უნდა გაიგოს. 18 წელი მქონდა ოჯახი. როცა დავშორდით, ჩემი შვილები უკვე დიდები იყვნენ. ალბათ, არ გამოჩენილა ადამიანი, რომელიც ოჯახზე დამაფიქრებდა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეურაცხყოფას ვაყენებ. შეიძლება, იფლირტავო, მაგრამ ოჯახი კიდევ სხვა არის.

 

ყოფილ მეუღლესთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

 

– მშვენიერი. მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი რომ გავიცანით, ის 16 წლის იყო, მე – 13-ის. რომ შევუღლდით, მე 15-ის ვიყავი, ის 18-ის. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წყვილი, საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოვყალიბდით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გადასარევი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან, ყოფილ მამამთილთან და მთელ მის სანათესაოსთან. ბრაზილიური სერიალივით გამოგვივიდა (იცინის). თუმცა, რადგან ჩვენი ურთიერთობა არ შედგა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ცუდები არიან. პირიქით, ნამდვილად სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ.

 

როგორი დედამთილი ან სიდედრი იქნები?

 

– ვერ წარმომიდგენია (იცინის). ალბათ, როგორც ამათ შეყვარებულებს ვიღებ, გულში ჩახუტებით, ისე ვიქნები რძალთან და სიძესთანაც. არა მგონია ანჩხლი ვიყო. ჩვენს ოჯახში დედასა და ბებიას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. სადაც მე შევედი, იმ ოჯახშიც ბრწყინვალე დედამთილი დამხვდა და როგორი ურთიერთობის შემყურეც გავიზარდე, ჩავთვალე, რომ მეც ისეთივე უნდა მქონოდა დედამთილთან. არც მეგონა, თუ სხვანაირი შესაძლებელი იყო და ის არც მე და არც მას არ დაგვიმსახურებია. დღემდე სიამტკბილობით მოვდივართ. შეიძლება, ჩემს ყოფილ მეუღლეს მთელი თვე არ ვესაუბრო ტელეფონზე, თუ ამის საჭიროება არაა, მაგრამ ჩემი დედამთილი აუცილებლად მომიკითხავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

 

ორ ძმასთან ერთად იზრდებოდი, გქონდათ შეზღუდვები?

 

– არა, მე ანრისა და ომარიზე უფროსი ვარ. საერთო სამეგობრო გვყავდა და შეხმატკბილებულები ვიყავით. ძალიან ტკბილად გავიზარდეთ და ჩემი ძმების ზრუნვა დღემდე მომყვება. არ ვიცი, მათ გარეშე რა მეშველებოდა. არ მახსოვს, ანრი და ომარი სახლისთვის ბაზარში წასულიყვნენ სანოვაგის საყიდლად და ყველაფერი ორ-ორი არ ეყიდათ. ბაზრიდან სახლამდე ჩემთან გამოივლიდნენ და ერთ ჩანთას მე მიტოვებდნენ. შვილები რომ გავაჩინე, მამასავით ზრუნავდნენ მათზე და დღემდე საოცარი ურთიერთობა აქვთ. ფაქტობრივად, ჩემი შვილები ჩემმა ძმებმა გაზარდეს – პამპერსიდან დაწყებული და დაძინებისას გვერდზე მიწოლით გაგრძელებული. გავთხოვდი, მაგრამ ისევ მოვთხოვდი-ასე რომ, ახლა ისევ ჩემს ძმებთან ვცხოვრობ. ჩვენი ურთიერთობა არასდროს შეცვლილა – ერთმანეთი გვიხარია და გვაბედნიერებს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი