logo_geo
ლორენა ზოიძე: იმდენი გოგო უყურებს ხოლმე, ზოგჯერ მგონია, გამჭვირვალე ვარ
- +

22 აპრილი. 2021. 12:31

 

ულამაზეს ბათუმელ მოდელს ლორენა ზოიძეს, რომელსაც ქართველ მონიკა ბელუჩის უწოდებენ, შეყვარებულმა, გივი ტაბაღუამ ხელი ორიგინალურად ძალიან ლამაზ გარემოში სთხოვა. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელს ვირუსივით მოედო და ძალიან დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.

 

ლორენა ზოიძე: სიმართლე რომ ვთქვა, ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი არ ყოფილა. პირველ რიგში, იმიტომ რომ ამაზე გვისაუბრია და თან, ჩემი შეყვარებული და ახლა უკვე ქმარი, ჩემს მშობლებთან მივიდა და უთხრა, რომ ხელის თხოვნასა და შემდეგ ნიშნობის მოწყობას აპირებდა. მე ამის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ მერე სხვებს წამოსცდათ ჩემთან რაღაცები და მივხვდი, რომ ხელის თხოვნას აპირებდა (იცინის). ეს რომ გავიგე, შემეშინდა, რომ იმ მომენტში, როცა ეს მოხდებოდა, ის ემოციები აღარ მექნებოდა, რომელიც მოულოდნელობის ეფექტს ახლავს თან. ვნერვიულობდი, „რომ არ ამეტიროს?“, „ემოცია რომ ვერ გამოვხატო?“-ყველაფერზე ვფიქრობდი. გადავწყვიტე – მოდი, სარკესთან წავივარჯიშებ-მეთქი (იცინის). თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, ყველაფერი ძალიან ორიგინალურად და ლამაზად მოხდა და ისეთ ემოციებში ვიყავი, ხალხი ძლივს მამშვიდებდა (იცინის).

 

– მიხვდი, რომ სარკესთან ვარჯიში და ნერვიულობა არ იყო საჭირო.

 

– კი და თვითონაც ვუთხარი, რომ ამაზე ვნერვიულობდი. რადგან მოლოდინი მქონდა, მეშინოდა, ის განცდა ვერ გამომეხატა, რომელსაც ამ დროს გოგოები განიცდიან. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტა, რაღაც განსხვავებული გაეკეთებინა.

 

– ალბათ, ძალიან ბევრი პოზიტივი მიიღეთ.

 

– თუმცა ბევრი ნეგატივიც წამოვიდა იმის გამო, რომ „ცოლად გამომყვები?“ ინგლისურად ეწერა. აპროტესტებდნენ – ქართულად რატომ არ დაწერეთო და ამას დიდი ამბები მოჰყვა, მაგრამ იმდენმა გაიზიარა ჩვენი ბედნიერება, რომ ამ ნეგატივს ჩვენს სიხარულზე გავლენა არ მოუხდენია.

 

– ახლა რა გეგმები გაქვთ?

 

– ხელი თავის დაბადების დღეზე მთხოვა და მინდა, ნიშნობა ზაფხულში, ჩემს დაბადების დღეზე გვქონდეს. ქორწილს მომავალ წელს ვგეგმავ. ჯერ ერთად არ ვცხოვრობთ, რადგან ჩვენი ტრადიციები სხვა რამეს მოითხოვს და წესებს მივყვებით.

 

– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

 

– ერთმანეთი ოთხი წლის წინ გავიცანით. გადაღება მქონდა პიაცაზე და უცებ ძალიან სიმპათიური ბიჭი დავინახე, რომელიც თურმე, იქვე ცხოვრობდა. ძალიან მომეწონა და ისე მივაშტერდი, ფოტოგრაფი მაფხიზლებდა, წამოდიო (იცინის). თვითონ ამაზე ჩაეცინა. შემდეგ „ინსტაგრამზე“ შემთხვევით დავალაიქე ფოტო, რომელიც მისი აღმოჩნდა. მართლა არ ვიცოდი, ფოტოზე თუ ის ბიჭი იყო, რომელიც ასე მომეწონა. მომწერა, შენ ის გოგო არ ხარო? თავიდან ვერ მივხვდი, ვინ იყო, ბევრი ფოტოც არ ედო, რომ კარგად აღმექვა, მაგრამ მიმახვედრა (იცინის). პიაცაზე ჩვენებებზე ხშირად გამოვდიოდი ხოლმე. ერთხელაც აივნიდან დავუნახივარ. გამოვიდა და ვარდი მაჩუქა. ამის შემდეგ ერთმანეთს ვწერდით, რამდენჯერმე შევხვდით კიდეც, მაგრამ მერე მიხვდა, ეს ბავშვიაო და გამექცა (იცინის). მაშინ 16 წლის ვხდებოდი.

 

– თვითონ რამდენი წლის იყო?

 

– ჩემზე ცხრა წლით უფროსია. მე მაშინ მართლა ბავშვი ვიყავი. მომწონდა, მაგრამ მაშინ სიყვარულზე საერთოდ არ ვფიქრობდი. მეზღვაურია და მალე ზღვაში გავიდა. რომ ჩამოდიოდა, წელიწადში ორჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ – როგორც მეგობრები. თითქოს, მოწონების ტალღამ გადაგვიარა. მაგრამ მერე მითხრა, გამიჭირდება მეგობრობა, რადგან მომწონხარო და ყველაფერი თავიდან დაიწყო. უკვე ერთი წელია, ოფიციალური შეყვარებულები ვართ.

 

– ალბათ, მისი პროფესიის გამო ხშირად გიწევთ ხანგრძლივი განშორებები.

 

– ასეა. ბავშვობიდან მოყოლებული ვამბობდი, არ მინდა, მეზღვაური ქმარი მყავდეს და დამტოვოს-მეთქი. მართლა, სულ ვწუწუნებდი ამაზე და აი, რასაც უარყოფ, ის გხვდება ცხოვრებაში (იცინის). ნახევარ-წლიანი განშორება არაა ცოტა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამასთან შეგუება ძალიან მიჭირს, რადგან ამას თავისი პლუსებიც აქვს. ურთიერთობას უხდება განშორებები. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, უკვე თვითონაც აღარ უნდა დიდი ხნით წასვლა. მარტივი არაა, მაგრამ როგორღაც გაგვყავს ეს დრო. გეგმები გვაქვს საერთო საქმესთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში, შეიძლება, წასვლა აღარც დასჭირდეს. მონატრება ურთიერთობას ამრავალფეროვნებს, ემოციებით ავსებს, მაგრამ მაინც ერთად ყოფნა გვირჩევნია.

 

– ოცი წლის ასაკში ქორწინება არ გაფიქრებდა?

 

– ბევრჯერ მითქვამს, რომ ოჯახის შესაქმნელად ეს ასაკი პატარაა. ვფიქრობდი, ადრეა-მეთქი, მაგრამ თვითონ დიდია, ოჯახი და შვილები უნდა. მეზღვაური კაცისთვის უფრო რთულია. უნდა, გვერდით ქალი ჰყავდეს, ყურადღება მიაქციოს. არ უნდა ჩემგან შორს ყოფნა. მეც არ ვარ წინააღმდეგი. ისეთი ადამიანია, ყველანაირად ხელს მიწყობს. ძალიან გამიმართლა, მას რომ შევხვდი. თანამედროვედ აზროვნებს, „სახლში დაჯექი და სამზარეულოში შედი“ – მსგავსი დამოკიდებულებები არ აქვს.

 

– თამამი ფოტოსესიები, ჩაცმულობა – ამას არ აპროტესტებს?

 

– პირიქით, თვითონ ყიდულობს ჩემთვის გამომწვევ ტანსაცმელს, ჩაიცვი და იარეო. მეც მიკვირს ხოლმე, მაგრამ ვხვდები, რომ დაკომპლექსებული არ არის. თავდაჯერებულია. მსიამოვნებს, რომ სულ მეუბნება: ასეთი ქალი რომ მყავს გვერდით, მინდა, ლამაზად გამოიყურებოდეს და ისიც მომწონს, რომ ვხედავ, მამაკაცები როგორ გიყურებენო. ჩემს საქმეშიც ხელს მიწყობს. მეც არასდროს არაფერს მოვაკლებ და ასმაგად დავუბრუნებ მზრუნველობას.

 

– არ ეჭვიანობთ ერთმანეთზე?

 

– ადრე ვიყავი ეჭვიანი, მაგრამ ეს ადამიანი საერთოდ არ მაძლევს ამის საბაბს. პირიქით, როგორც მას უხარია, როცა მე ვარ ყურადღების ცენტრში, ისე მიხარია მეც. მასაც იმდენი გოგო უყურებს ხოლმე, ზოგჯერ მგონია, გამჭვირვალე ვარ (იცინის). მიხარია, რომ უყურებენ, აბა შეუხედავი კაცი რად მინდა გვერდით?! (იცინის) დადგნენ და გვიყურონ! (იცინის) გულწრფელად ვამბობ, ვიზუალურად თუ შინაგანად, ძალიან მაგარი ადამიანია.

 

– ეს შენთვის პირველი სიყვარულია?

 

– არა, როცა აღარ მწერდა და გაქრა, გამწარებულმა, რომ არ ვიცოდი, რა მექნა, ერთი ბიჭი გავიცანი (იცინის). გადავწყვიტე, დამემტკიცებინა, რომ პატარა გოგო აღარ ვიყავი და შემეძლო, მყვარებოდა (იცინის). ფოტო რომ დავდე ამ ბიჭთან ერთად, მაშინ მომწერა: შეყვარებული გყავს? გილოცავო. ორი წელი მყავდა შეყვარებული, მაგრამ ვერ შედგა ჩვენი ურთიერთობა. ვერ გავუგეთ ერთმანეთს და დავასრულეთ. ამ დროს გამოჩნდა ისევ ეს. თუმცა, არ მინდოდა სერიოზული ურთიერთობის დაწყება, მეშინოდა, გული არ მტკენოდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან ლამაზად აეწყო და მიხარია, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ასე რომ შეიცვალა.

 

– სამოდელო კარიერა პატარა ასაკში დაიწყე?

 

– 13 წლიდან. დედაჩემი არის ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი. ერთობლივი ფოტო გადავიღეთ და სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე. რასაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ყველა ჩვენს სურათს დებდა და არჩევდნენ, რომელი იყო დედა და რომელი შვილი. ამ ფოტოების შემდეგ გაჩნდა ინტერესი და წამოვიდა შემოთავაზებები. მარტო ჩემთან კი არა, დედა უფრო აინტერესებდათ (იცინის). ძალიან ბევრი გადაღება მქონდა და მაქვს, თუმცა ეს ჩემი ჰობია, არცერთ სამოდელოსთან არ მაქვს კონტრაქტი, უბრალოდ, ფოტომოდელი ვარ. რაც შეეხება პროფესიას, დიზაინს ვსწავლობ. მინდა, ამ მიმართულებით განვვითარდე და ჩემი ხაზი მქონდეს.

 

– ბათუმში დაიბადე და გაიზარდე?

 

– მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობდნენ, იქ გაიცნეს ერთმანეთი და დაოჯახდნენ. მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ იქ ცხოვრება აღარ მინდოდა და საქართველოში დაბრუნება მოვინდომე. იქ სულ სხვანაირი ხალხია, გულგრილი. 2008 წლის ომის შემდეგ ჩვენთან, სკოლაში ქართველების მიმართ არასასიამოვნო დამოკიდებულება იყო – არ გაეკაროთ ქართველებს, არ დაელაპარაკოთ, არ შეეხოთ. ყოველთვის მაბულინგებდნენ, არავინ მეკარებოდა. გამოსაშვებ საღამოზეც მარტო გავედი, მეწყვილის გარეშე. პატარა ვიყავი და განვიცდიდი, დღემდე მახსოვს ის ემოციები. თუმცა ისე გავიზარდე, მშობლებთან არასდროს მიწუწუნია ამის შესახებ. არც ის მითქვამს მათთვის, როგორც მექცეოდნენ, მაგრამ ვუთხარი, რომ იქ ცხოვრება აღარ მინდოდა. რუსები ცივები და უგულოები არიან, იქ არავინ გეკარება, არავის უნდიხარ. პატივისცემა არ იციან, არა მხოლოდ ქართველების, თავიანთ ხალხთანაც არ აქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება. ჩვენსავით თბილი და მოსიყვარულეები არ არიან. მოკლედ, ათი წლის ვიყავი, როცა მე და ბებია იქიდან წამოვედით. მე მისი გაზრდილი ვარ. მშობლები ხუთი წლის შემდეგ ჩამოვიდნენ, მაგრამ ახლა მაინც იქ უნდათ. ვერ შეეგუვნენ იმხელა ქალაქიდან აქ გადმოსვლას, რადგან აქ ცხოვრება ძალიან ნელი ტემპით მიდის.

 

– თუმცა, როგორც ვხვდები, შენ კმაყოფილი ხარ შენი გადაწყვეტილებით.

 

– მე მიხარია, რომ გამოვიქეცი. იქ ძალიან ბევრი მაჭანკალი მყავდა. ყველას ქართველი გოგო უნდოდა. რომ გაიზრდება, აქ უნდა გავათხოვოთო, ამბობდნენ და გამოვასწარი (იცინის).

 

– ქართველ და რუს ბიჭებს ადარებ ხოლმე ერთმანეთს?

 

– ჩვენი კაცები იმათ არც შეადაროთ (იცინის). დავიწყოთ იმით, რომ მე არ მომწონს ქერა ბიჭები. გარეგნულად შავგვრემანი, მაღალი და ეშხიანი ბიჭები მხიბლავს, როგორიც ჩემი ქმარია. ხასიათს რაც შეეხება, ქართველები ამითაც გამორჩეულები არიან, მათ თითქოს კაცობა და შინაგანი ქარიზმა აკლიათ. ტურისტებიც რომ ჩამოდიან, ამბობენ ხოლმე, საქართველოში გვინდა გათხოვებაო (იცინის). ქართველ კაცებს ეძებენ, რადგან გიჟდებიან მათ გარეგნობაზე, ცეკვაზე, მოძრაობებზე და ასე შემდეგ, ყველაფერი მოსწონთ.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი